ჟურნალი OK! განაგრძობს საქართველოს ეროვნული პარკების შესახებ თქვენს ინფორმირებას. სულ ცოტა ხნის წინ, ვიზიტორებისთვის გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტი – ოკაცეს ჩანჩქერი, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ინფრასტრუქტურა მოეწყო. ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანები – თეა სიჭინავა და ეკატერინე ფანგანი პირველები იყვნენ, ვინც ჩანჩქერს ესტუმრნენ და მასზე თოკებითაც დაეშვნენ. წაიკითხეთ მათი ემოციები, შთაბეჭდილებები და იმოგზაურეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში! 2019 წელს კი, ეკოტურიზმის მიმართულებით, განსაკუთრებული სიახლეებია დანერგილი.
ეკო ფანგანი – ტელეწამყვანი
ბევრ დაცულ ტერიტორიაზე ვარ ნამყოფი. მომწონს აჭარაში მტირალას ეროვნული პარკი, სადაც სხვადასხვა ექსტრემალური და გასართობი ატრაქციებია მოწყობილი. ასევე აღსანიშნავია, რომ პარკში წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები ხარობს.
ძალიან მომწონს საბადურის ტყე, სადაც ყველა სეზონზე ვარ ნამყოფი. განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როდესაც დათოვლილია.
აღფრთოვანებული ვარ სათაფლიით და მინის პანორამული გადმოსახედით, საიდანაც მთელ იმერეთზე ულამაზესი ხედი იშლება. ზღაპრულია პრომეთეს მღვიმეც.
ბოლო დროს ვიყავი ოკაცეს კანიონზე. ირგვლივ სიმწვანეა და ამ დროს კი შენ, კლდეზე დაკიდებულ, გამჭვირვალე ბილიკზე მიდიხარ და სხვადასხვა მძაფრი შეგრძნება გეუფლება.
აღფრთოვანებული ვარ სოფელ კინჩხაში ოკაცეს ჩანჩქერით, სადაც კლდეზე თოკებით დავეშვი. გული მისკდებოდა... უკან არ უნდა ჩამეხედა და ჩავიხედე, მაგრამ პირველივე ნაბიჯის შემდეგ იფანტება შიში და უზომოდ ექსტრემალურია. ვისაც უყვარს ექსტრემი და ადრენალინი, ყველას ვურჩევდი კლდიდან დაშვებას.
სამწუხაროდ, ბევრმა ქართველმა არ იცის, რაოდენ ღირებული ადგილებია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მიხარია, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად ხდება დაცული ტერიტორიებისა და საქართველოს გამორჩეული ადგილების პოპულარიზაცია. მოხარული ვარ, უფრო და უფრო მეტი ადამიანი რომ ინტერესდება ამით. სადაც მივდივარ, ყველგან ვკითხულობ და ვიგებ, რომ წლიდან წლამდე იზრდება ტურისტების რაოდენობა.
მაგრამ, ჩემი აზრით, უპირველესად, ქართველებმა უნდა მოიარონ საქართველო. უნდა ვნახოთ ის უნიკალური ბუნება და მცენარეები, რომლებიც წითელ ნუსხაშია შეტანილი და შესაძლოა სულ მალე აღარ იარსებონ.
მე ბევრს დავდივარ დაცულ ტერიტორიებზე და ვხედავ, თუ როგორ იცავენ და უფრთხილდებიან რეინჯერები გარემოს, თუმცა მაინც მინახავს დანაგვიანებული ადგილები და ეს, ვფიქრობ, უკვე ჩვენი, ტურისტების ბრალია და აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ არსებული სიტუაცია, არ უნდა დავანაგვიანოთ ბუნება.
თეა სიჭინავა – ტელეწამყვანი
ზოგადად, არ ვარ სპორტისა და ექსტრემალური სიტუაციების დიდი მოყვარული, არ ვარ ამ საქმიანობაში გამოწრთობილი. მაგრამ თუ ადამიანი სოფელ კინჩხაში, ოკაცეს ჩანჩქერზე მოხვდება, აუცილებლად მოუნდება, რომ კლდეზე, ჩანჩქერთან ერთად დაეშვას.
ამიტომ დავივიწყე, რომ არ ვიყავი ფიზიკურად მომზადებული და დიდი სიამოვნებით ჩამოვცოცდი კლდეზე. მარტო იმიტომ ღირს იქ მისვლა, რომ ძალიან უცხო და საინტერესო განცდაა, როდესაც კლდეზე ფეხით მიდიხარ და შენ გვერდით ჩანჩქერია.
კიდევ ერთი დაცული ტერიტორია, სადაც ვყოფილვარ, მტირალას ეროვნული პარკია. იქაც ძალიან საინტერესო ატრაქციებია მოწყობილი. საოცრად გავერთე. დედაქალაქის რიტმული ცხოვრებიდან და ერთფეროვანი სამსახურიდან განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა სუფთა ჰაერზე დასვენება.
გარდა იმისა, რომ ირგვლივ არაჩვეულებრივი ბუნება და ჰაერია, სიმწვანეში გართობაც შეგიძლია და ამიტომ საუკეთესო დასვენება გამოდის.