აზიაში მოგზაურობა განსაკუთრებით რომანტიკულია ხოლმე. უძველესი კულტურა, ძველი დიდება, განსხვავებული და მყარი ტრადიციები, სიახლისკენ საინტერესო სწრაფვა და რადიკალურად განსხვავებული, თითქოს ნაცნობი არომატები. დანიშნულების ადგილი − მალაიზია. თბილისიდან „ყატარის ავიახაზების“ რეისი თბილისი-დოჰა-პენანგი. ფრენის დრო − ჯამში 11 საათი. ხანგრძლივობამ არ შეგაშინოთ, ასე კომფორტულად გადაადგილება არავის შეუძლია შემოგთავაზოთ. თან თუ გაგიმართლათ და ბიზნესკლასის ბილეთის მფლობელი ხართ, ფრენის დასრულება სასიხარულო კი არა, ძალიან სამწუხაროა ხოლმე.
„მალაიზია − სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მალაკის ნახევარკუნძულსა და კუნძულ კალიმანტანზე. ესაზღვრება ტაილანდს და სინგაპურს (მალაკის ნახევარკუნძულზე) და ინდონეზიასა და ბრუნეის (კუნძულ კალიმანტანზე). მმართველობის ფორმა – კონსტიტუციური მონარქია. შედგება 13 შტატისგან და ერთი ფედერალური ტერიტორიისგან. ოფიციალური ენა – მალაური. სახელმწიფო რელიგია – ისლამი, დედაქალაქი – კუალა-ლუმპური“ − გვამცნობს ვიკიპედია.
კუნძული პენანგი, სასტუმრო Shangri-la Rasa Sayang Hotel − უზარმაზარი, მწვანე ტერიტორია, ულამაზესი ხედებით და კომფორტული აუზებით, მრავალფეროვანი და უგემრიელესი სამზარეულოთი. ეს უკანასკნელი, პირადად მე, ძალიან მნიშვნელოვან აღსანიშნავ ფაქტად მეჩვენება, რადგან თუ არ გიყვართ ცხარე და ერიდებით ხორცს, ამ მხრივ რთულია საკვები ადგილის შერჩევა მალაიზიაში.
მალაიზიას ანდამანის ზღვა აქვს გარშემორტყმული, რომლის ქვიშიანი ნაპირები სამოთხედ მონათლეს ვიზიტორებმა. რაც მთავარია, აქ მუდმივად კარგი ამინდია − ტემპერატურა 32-35 გრადუსს აღწევს. სასიამოვნო და სუფთა ზღვა, მზე და ნოტიო ჰავა დასვენებისთვის არაჩვეულებრივი პირობაა.
პენანგში აუცილებლად უნდა ეწვიოთ ტროპიკული სუნელების ბაღს − Tropical Spice Garden-ს. აქ ნამდვილი ჯუნგლებია, სადაც სპეციალური ბილიკებია ვიზიტორთათვის მოწყობილი. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა დარიჩინის, მიხაკისა და ჩვენთვის ასე შეუცვლელი სხვა სუნელების ხეებმა. აქაური ჰაერი და ბუნება ნამდვილად განუმეორებელია. აქ მაიმუნებსაც მრავლად ნახავთ, მაგრამ არ გაგიკვირდეთ − ეს საყვარელი ცხოველები მალაიზიაში თქვენი მუდმივი თანამგზავრები იქნებიან. სხვათა შორის, ზოგიერთ ადგილზე უნდა უფრთხილდეთ კიდეც მათ „მაიმუნობებს“− ძალიან დახელოვნებულები არიან მობილური ტელეფონის აწაპვნაში, რომელსაც მერე სადმე მოისვრიან ხოლმე.
პენანგის სხვა სანახაობები:
George Town − იუნესკოს მიერ დაცული ნაწილი
Street of Harmony
Little India
Penangi Hill
Peranakan − ისტორიული სასახლე
აზიური კულტურის განუყოფელი ნაწილი − ქუჩის ბაზარი მშვენიერი საშუალებაა იმ ნივთების შესაძენად, რისი მოგზაურობაში წაღებაც დაგავიწყდებათ. აქ მსოფლიო ბრენდების ისეთ ასლებს ნახავთ, არაბრენდული მაღაზიები ორიგინალებს რომ არქმევენ.
ლანგკავი
პენანგიდან ლანგკავში მოსახვედრად 45-წუთიანი ფრენაა საჭირო.
პირველივე ადგილი, რომელიც მოვინახულეთ, ბრინჯის პლანტაციაში განთავსებული ტრადიციული რესტორანი იყო. Leman Padi − ასე ჰქვია ადგილს, სადაც ბრინჯის წარმოების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ. აქვე ნახავთ ბამბის ხეს (და არა ბუჩქს), რომელსაც განსაკუთრებულად ფაფუკი ნაყოფი აქვს.
ლანგკავი Luxury Hotel-ების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. Ritz-Carlton − მთელ მსოფლიოში ეს ბრენდი ფუფუნებასთან ასოცირდება, მაგრამ ლანგკავის ტერიტორიას მეეჭვება ანალოგი ჰქონდეს. ამ სასტუმროზე, ისევე, როგორც „ყატარის ავიახაზების“ ბიზნესკლასზე, უამრავი რამის დაწერა შეიძლება, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ის შემთხვევაა, რომელიც უნდა გამოსცადოთ. ყველა დეტალი, ნებისმიერი კერძი და სასმელი, ნებისმიერი სივრცე, აუზი, სპა იმისთვისაა შექმნილი, რომ თავი მსოფლიოში უბედნიერეს ადამიანად იგრძნოთ.
ის, რაც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ლანგკავიზე:
Mangove Tour − ჯადოსნური მღვიმიდან მალაიზიის #1 სანაოსნო ტურამდე მიმავალი გზა მართლაც შთამბეჭდავია. სტალაქტიდების სვეტებს შორის უამრავი ღამურა ბუდობს, მღვიმეში ცივა და სუნთქვაშეკრული მიიწევ სინათლისკენ, რომელსაც სიმწვანეში და წყლისკენ მიჰყავხარ. სახელდახელოდ მოწყობილი თევზსაჭერი ფერმები უცნაურ თევზებს გაგაცნობენ. ნავით მარმარილოს მთებს შორის მოლივლივე მწვანე წყალში მონადირე ლოკალურ, მცირე ზომის არწივებსა და მეთევზეებს შორის სეირნობა ნამდვილად განუმეორებელი გამოცდილებაა.
Cable Car − ავსტრიელების მიერ გადაჭიმული საბაგირო, რომელიც სუნქვისშემკვრელ სიმაღლეზე აგიყვანთ. „ლანგკავი პანორამა“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხედია.
Kuah cruise − გართობა წყალზე: შუა ზღვაში ბანაობა, მუსიკა, სასმელი და სადილი.
ლანგკავი ისე არ დატოვოთ, რომ თუნდაც სადილისთვის არ შეიაროთ Andaman Resort Luxury Collection-ში. ამ სასტუმროს მსოფლიოში საუკეთესო, ლაჟვარდისფერი პლაჟი აქვს.
კუალა-ლუმპური
ლანგკავიდან შიდა ფრენით დედაქალაქ კუალა-ლუმპურს ვეწვიეთ. კომფორტული სასტუმროები ძირითადად მრავალსართულიან შენობებშია განთავსებული. ჩვენ სასტუმრო Pullman-ში განვთავსდით. სასტუმროს ნომრები საქმიანი ადამიანებისთვისაა მოწყობილი და ლოკაციაც საუკეთესოა − ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრისგან მხოლოდ ერთი გადასასვლელი აშორებს.
კუალა-ლუმპურში შოპინგისთვის ჩასვლა ნამდვილად ღირს. აქ თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდის მაღაზიაა განთავსებული და ფასებიც, არა მარტო ევროპასთან შედარებით, არამედ საკმაოდ ხელმისაწვდომია. აქვე ნახავთ უზარმაზარ აუთლეტებს. კუალა-ლუმპური შოპინგით მსოფლიო ქალაქებს შორის მეოთხე ადგილზეა. მოკლედ, შოპინგის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა.
აუცილებლად სანახავი:
Batu Caves – „ბათუს“ მღვიმეები − საოცრად ფერადი 200-ზე მეტი საფეხური. აქ ინდოელების წმინდა ტაძრებია განთავსებული. დღემდე ინდოელები აქ რელიგიურ დღესასწაულებს ატარებენ. სწორედ აქაა ბუდას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქანდაკება.
Petronas Twin Tower − ქალაქის მთავარი სიმბოლო, ტყუპი ცათამბჯენი. ორი, 88-სართულიანი, სრულიად იდენტური შენობა, რომელსაც ერთი პატარა ხიდი აერთიანებს. იგი ქალაქში ყველაზე მაღალი ცათამბჯენია. შიგნით განთავსებულია სავაჭრო ცენტრები, ოფისები და კაფე-ბარები, გარშემო კი ულამაზესი მოცეკვავე, ფერადი შადრევანი ამშვენებს.
მთელი დღის დაღლილებს კი განსაკუთრებით სასტუმრო Banyan tree-ის ვერანდაზე, Vertigo Bar-ში განტვირთვას გირჩევთ.
Melaka
მალაიზიას მელაკას გარეშე ვერ დავტოვებდით და ვისარგებლეთ რა, რომ ჩვენი ფრენა საღამოს იყო, მელაკაში გავეშურეთ.
კუალა-ლუმპურიდან 149 კილომეტრში ძალიან საინტერესო ისტორიის მქონე ქალაქი დაგვხვდა. დღეს აქ ძირითადად ჩინელები ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ უამრავ ჩინურ რესტორანსა და ჩინურ დახლს შორის Stadhuys red building-ში განთავსებულ მუზეუმს განსაკუთრებული ხიბლი აქვს. აქ კარგად ჩანს ყველა დამპყრობლის კვალი, რომელმაც ქვეყნის განვითარებაში და არა უკანდახევაში, უზარმაზარი წვლილი შეიტანა.
ის, რაც მელაკაში უნდა გააკეთო:
აუცილებლად ისიამოვნეთ მდინარის ტურით;
ეწვიეთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს;
ეწვიეთ Cheng ho museum Taming Sari Tower & Porto de Santiago-ს, რომელიც საშუალებას მოგცემთ დიდი სიმაღლიდან არაჩვეულებრივი ფოტოები გადაიღოთ.
... და რაც მთავარია, ისეირნეთ ბევრი ულამაზეს ქუჩებში.
წახემსებას კი Casa Del Rio-ში გირჩევთ.