თუ გიყვარს თავგადასავლები, ეძებ სიახლეებს და რაც მთავარია ხარ ექსტრემალი მაშინ Sky friends club სწორედ ის გუნდია, რომელიც საშუალებას გაძლევს დამღლელი სამუშაო დღის ან კვირის შემდეგ დედამიწიდან მოგწყვიტოს ძალიან შორს და ხელისგულზე გადაგიშალოს თბილისის ულამაზესი ხედები. ყველაფერი იწყება მას შემდეგ, რაც გადაუფრენ მთაწმინდას, კუს ტბას, ფუნიკულიორს და ძველ თბილისს, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში საოცარი სანახვია. ეს ის შეგრძნებაა, რომელიც ყველა ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოს.
OK! Magazine Georgia ესაუბრა Sky friends club-ის პილოტებსა და კლუბის დამფუძნებლებს დავით ბახტურიძესა და ლევან ბუქვაიძეს, რომლებიც უფრო დეტალურად გვიამბობენ ამ ექსტრემალური სფეროს შესახებ.
„ჩვენი გუნდის წევრებმა ერთმანეთი 5 წლის წინ ამ სფეროში გავიცანით რასაც პარაპლანით ფრენა ჰქვია. მაშინვე გაგვიჩნდა სურვილი მსგავსი ექსტრემალური გასართობი დედაქალაქშიც ყოფილიყო და ძალიან მალე დავიწყეთ ამ საქმის სისრულეში მოყვანა. ბევრ სახელს განვიხილავდით, მაგრამ ჩვენი კლუბის წევრების მეგობრობა გახდა გადამწყვეტი და დავარქვით Sky friends club, რაც იმას ნიშნავს, რომ ურთირთობას ვაგრძლებთ მიწაზეც და ჰაერშიც".
"იმის გამო, რომ თბილისში არ გვაქვს დიდი მთები, საიდანაც შეიძლება გადმოფრენა შევარჩიეთ პარამოტორი, რაც ნიშნავს მოტორიან პარაპლანს. დეტალურად შევისწავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და მიუხედავად იმისა, რომ ბევრია ამ საქმით დაკავებული ჩვენ ვართ პირველები, რომლებმაც პარამოტორი შემოვიტანეთ საქართველოში. განსხვავება ისაა, რომ ფრენისთვის არ არის აუცილებელი დიდი მთები, შესაძლებელია თუნდაც სწორი ადგილიდან აფრენა, უფრო კონკრეტულად კი პარამოტორი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ძალიან მაღლა 500-1000 მეტრზე არ ავფრინდეთ და მიწასთან ახლოს ვიფრინოთ 100-200 მეტრზე, ყველაფერი დამოკიდებულია მომხმარებლის სურვილზე".
"ამ გზაზე დაგვაყენა ლექსო ტალახაძემ, პარამოტორის შესახებ გვასწავლა ყველაფერი და ძალიან დიდი ცოდნა, ენერგია და ნებისყოფა ჩადო იმისათვის, რომ აქამდე მოვსულიყავით და დიდ მადლობას ვუხდით ამისთვის.
თავდაპირველად გუდაურით დავიწყეთ და მოთხოვნა იყო ძალიან დიდი, დღეში 100-120 ფრენა კეთდებოდა, შემდეგ დედაქალაქში გადმოვინაცვლეთ და აქაც საკმაოდ ბევრია მომხარებელი და მსურველი. გვსტუმრობენ ქართველებიც და განსაკუთრებით ტურისტები.
რაც შეეხება ფასებს ვეცადეთ, რომ ქართულ ბაზარზე მორგებული ყოფილიყო. ქართველი მომხმარებლებისთვის ხშირად გვაქვს აქციები".
"შეგრძნებებს რაც შეეხება ზოგს ექსტრიმი მოსწონს ზოგს შედარებით მსუბუქად ფრენა. პირველ ჯერზე ძირითადად ხედების სანახავ მოდიან ხოლმე და შემდეგ უკვე ექსტრიმის მისაღებად. იმ შემთხვევაში თუ აფრენის დროს ძალიან შეშინდება ადამიანი შეგვიძლია მაშინვე დავსვათ, თუმცა ხშირად გამოთქვამენ სურვილს, რომ კიდევ დიდიხანს გაგრძელდეს ფრენის პროცესი.
ყოველთვის, როცა ვემზადებით სტარტისთვის ყველა ადამიანი ღელავს გაფრენამდე, მაგრამ როგორც კი ჰაერში ავფრინდებით ყველანაირი შიში ქრება. სიამოვნება წარმოშობს სასიამოვნო ადრენალინს და სწორედ ეს შეგრძნება ხდის ფრენას განსაკუთრებულს. პილოტი თუ შეატყობს ადამიანს რომ არ ეშინია შეუძლია ცოტა ექსტრემიც შესთავაზოს".
"გვყავს 8 პილოტი და 5 სპიკერი, რომლებიც ძველ თბილისში როგორც ტურისტებს ასევე ქართველებს სთავაზობენ ფრენას. ასევე გვყავს 3 დამხმარე სასტარტოზე და ისინი გვეხმარებიან აფრენამდე აღჭურვაში, ეკიპირებაში, აფრენაში და დაჯდომაში. არიან საკმაოდ გამოცდილები და კარგად იციან საკუთარი საქმე.
რაც შეეხება უსაფრთხოებას გვაქვს ნომერ პირველი პარაპლანები მსოფლიოში და უახლესი მატორები, იტალიური წარმოების პოლინის ძრავებით. ასევე გვაქვს დამზღვევი პარაშუტი, რომელიც არცერთხელ არ გამოგვიყენებია, მაგრამ ყოველთვის თან გვაქვს ფრენის დროს თავის დაზღვევის მიზნით".
"ჩვენი გუნდის წევრები რომლებიც გვეხმარებიან აფრენაში და შემდგომ დაფრენაში ყოველი ფრენის წინ მთლიანად ამოწმებენ როგორც ძრავს ასევე პარაპლანს, რათა ჰაერში არ იყოს რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა. სწორედ ეს პროფესიონალური დამოკიდებულებაა იმის დამადასტურებელი, რომ არცერთხელ არ გვქონია რაიმე გაუთვალისწინებელი და არასასიამოვნო ფაქტი.
სამომავლოდ გვინდა, რომ ეს სფერო ხალხს შეუყვარდეს, ბევრმა ადამიანმა გაიგოს იმის შესახებ, რომ დედაქალქში არის ისეთი ადგილი, სადაც საუკეთესოდ განიტვირთები და ახალ კვირას ახალი ემოციებით შეხვდები“.