აღდგომა ყველა ქრისტიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ერთმანეთისგან განსხვავებული ტრადიციებით აღნიშნავენ. OK! Magazine Georgia გაგაცნობთ თუ როგორ აღნიშნავენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნებში.
საქართველო
საქართველოში სააღდგომო სამზადისი ყოველთვის რამდენმე დღით ადრე იწყება, რადგან ამ დღეს მთელი ქვეყანა განსაკუთრებულად აღნიშნავს. ყველა ოჯახში ცხვება სააღდგომო პასქები, რაც გოლგოთის მთის სიმბოლოა, სადაც მაცხოვარი ჯვარზე პარასკევ დღეს აცვეს და იგი მაცხოვრის აღდგომის რწმენას განასახიერებს. კვერცხს წითლად ვნების პარასკევს ღებავენ, რაც ქრისტეს მიერ დაღვრილ სისხლს განასახიერებს. წითლად შეღებილი კვერცხებს ჯეჯილზე ალაგებენ. საქართველოს ყველა ეკლესიაში შუაღამიდან საზეიმო წირვა-ლოცვა იწყება, რომელიც დილამდე გრძელდება. ამ დღეს ქრისტიანები ერთმანეთს ულოცავენ სიტყვებით- "ქრისტე აღსდგა!- ჭეშმარიტად აღსდგა!", ორშაბათ დღეს კი ოჯახები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან.
ესპანეთი
ესპანეთში პოპულარულია სააღდგომო მსვლელობები. ყველაზე ცნობილი მსვლელობა სევილიაში იმართება, სადაც მსვლელობის მონაწილეები პატარა გოგონები და ბიჭები არიან, რომლებიც მღვდელმა უნდა აკურთხოს. ბიჭებს ხელში ბზის ტოტები უჭირავთ, გოგონებს კი, ტკბილეული. სანახობა ეწყობა პალმა-დე-მალიორკას ტაძართან, სადაც „ქრისტეს ვნებების“თეატრალური წარმოდგენა იმართება.
საფრანგეთი
საფრანგეთში ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით ზარების რეკვას წყვეტენ და ასე გამოხატავენ იესოს წამებისა და სიკვდილის მწუხარებას. როგორც კი დაიწყება ზარების რეკვა ერთმანეთს ულოცავენ ქრისტეს აღდგომას, შემდეგ კი ტრადიციულად ერთმანეთს შეღებილ კვერცხებს ჩუქნიან და გატეხვას იწყებენ. კვერცხები წითლის გარდა ყვითელ და მწვანე ფერებშიც იღებება. ასევე ამზადებენ შოკოლადის კვერცხებს, რომლებსაც მშობლები ბავშვებს ბუდეებში უმალავენ, პატარები კი მათ ეძებენ.
იტალია
იტალიაში ტრადიციულ სააღდგომო კულიჩს, პანეტონეს, აცხობენ, რომელსაც გამხმარი ხილით, ნუშით და ქიშმიშით რთავენ, ასევე ამზადებენ ტორტს, რომელსაც გუმბათის ფორმა აქვს და ისპანახისა და კვერცხის ღვეზელს, იტალიელები ვნების პარასკევს ქუჩაში ჯვრებითა და სანთლებით ხელში აწყობენ მსვლელობას ვატიკანიდან კოლიზეუმამდე და ერთმანეთს გზას უნათებენ.
საბერძნეთი
საბერძნეთის ტრადიციები ძალიან ჰგავს საქართველოს ტრადიციებს. სააღდგომო კვერცხებს ღებავენ და შაბათ საღამომდე ინახავენ. მორწმუნეები აღდგომის წინა საღამოს ტაძარში ლოცვაზე ანთებული თეთრი სანთლებით მიდიან და შუაღამეს ყველა აქრობს. ანთებული სანთლები ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. აღდგომის სუფრა იშლება ბუნებაში, ამზადებენ ტრადიციულ ბერძნულ კერძს და წვავენ ბატკნებს. დილამდე გრძელდება სიმღერა და ცეკვა. საბერძნეთში აღდგომა მთელი კვირით აღინიშნება და ამ პერიოდში ყველა ისვენებს.
გერმანია
გერმანიაში შაბათ საღამოს დიდ კოცონს ანთებენ, ეს ყველა უარყოფითის მოშორებად ითვლება, კვერცხი ახალი სიცოცხლის და ახალი აღთქმის სიმბოლოა. გერმანელებისთვის აღდგომის განუყოფელი ნაწილია სააღდგომო კურდღელი, რომელსაც პატარებს ბალახებში უმალავენ. გერმანელები აღდგომას ოჯახურ გარემოში აღნიშნავენ, ტრადიციული სადილის შემდეგ ბავშვები ეძებენ საჩუქრებს, რომლებიც კურდღელმა დაუმალათ. თითქმის ყველა მორწმუნე გერმანელის ოჯახის სახლის კართან ყვავილებით სავსე გვირგვინი გხვდებათ, რაც ასევე ძველი ტრადიციაა.
ბრაზილია
ბრაზილიაში სააღდგომო ტრადიციები რამდენიმე საუკუნის წინ გერმანელებმა ჩაიტანეს. აღდგომის დღეს ეკლესიებში საზეიმო ხვთისმსახურება მიმდინარეობს. ბრაზილიელები აღდგომას ერთმანეთს შოკოლადის კვერცხებს ჩუქნიან, სადაც სათამაშოა მოთავსებული. საზეიმო სუფრა კი ტკბილეულითაა სავსე, მათ შორისაა სააღდგომო კურდღელი.
აშშ
აშშ-ში იღებება კვერცხები და ცხვება პასკები, სააღდგომო სუფრაზე აუცილებელებლად წააწყდებით ლორს ანანასებით, კარტოფილს და ბოსტნეულისა და ხილის სალათს. აღდგომის მეორე დღეს კი თეთრი სახლის ეზოში პრეზიდენტი ბავშვებს მასპინძლობს და მონაწილეობას იღებს სააღდგომო კვერცხების გორაობაში. ბოსტონში აღდგომის მოსვლასთან ერთად დახლებზე მოსე წინასწარმეტყველისა და იესო ქრისტეს მოლაპარაკე თოჯინები ჩნდებიან. ეს იდეა ერთ-ერთ ოჯახურ წყვილს გაუჩნდა, რომლებიც შვილს ბიბლიას ასწავლიდნენ.