ქვეყანა − შრი ლანკა
ულამაზესი სანაპიროები, პალმისა და ბაობაბის უზარმაზარი ხეები, ვიწრო ქუჩები და ფერად-ფერადი ტუკ-ტუკები − ეს ყველაფერი ქმნის „შრი-ლანკურ“ განწყობას. შრი-ლანკა, იგივე ცეილონის კუნძული, მსოფლიოში ყველაზე სურნელოვანი ჩაის, ბანანებისა და მანგოს, სპილოებისა და ნიანგების ქვეყანაა. შორეული ქვეყანა, რომელიც ბედნიერებასთან, ეგზოტიკასა და თავისუფლებასთან ასოცირდება.
როდის გავემგზავროთ
შრი-ლანკა მაღალმთიან და სანაპირო რეგიონებად იყოფა. მისი კლიმატი და ბუნება სხვადასხვა რეგიონში ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია. ტენიანობა და წვიმა აპრილის თვიდან იმატებს, თუმცა, წვიმის მიუხედავად, რომელიც ნახევარი ან ერთი საათი გრძელდება, მაინც ძალიან ცხელა და რამდენიმეწუთიანი ტროპიკული შხაპი შვებასაც კი მოგგვრით. როცა საქართველოში ზამთარია, იქ არაჩვეულებრივი, თბილი ამინდები დგას. საუკეთესო დრო შრი-ლანკას მოსანახულებლად ნოემბრიდან აპრილის ბოლომდე გრძელდება. საშუალო წლიური ტემპერატურა კი +27 გრადუსია.
როგორ გავფრინდეთ
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია AIR ARABIA ასრულებს რეისებს შრი-ლანკას მიმართულებით: თბილისი-შარჟა-კოლომბო. ავიაკომპანია გთავაზობთ კომფორტულ და უსაფრთხო მომსახურებას.
ვიზა
საქართველოს მოქალაქე ვიზის მიღებას შეძლებს კოლომბოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. სავიზო მოსაკრებელი შეადგენს 40 აშშ დოლარს.
რა მოვინახულოთ
•სიგირია − ძვ.წ.აღ-ით მეხუთე საუკუნეში აგებული კომპლექსია, რომლის ირგვლივ მიმოფანტულია ციხე-სიმაგრისა და უნიკალური წყლის ბაღების ნანგრევები. ეწვიეთ დილაადრიანად, რადგან ნაკლებად შეგაწუხებთ სიცხე და ტურისტების სიმრავლე. უფრთხილდით მაიმუნებს, ისინი მუდამ მზად არიან მოგტაცონ საფულე, ტელეფონი თუ ჩანთა.
•იალას ეროვნული პარკი − ცნობილია ლაგუნებით, ფრინველებით, რეპტილიებით, პეპლების უამრავი სახეობით, ავაზებისა და კუების იშვიათი ჯიშებით. პარკი მსოფლიოში ავაზების თავმოყრის ყველაზე დიდ ადგილად მიიჩნევა.
•პინავალას ობოლი სპილოების თავშესაფარი − ბედნიერი სპილოების სამფლობელო. რამდენიმე საათის განმავლობაში, სურვილისამებრ, დაბანთ და გაუპრიალებთ სპილოებს ხორთუმებს, ისეირნებთ და იპოზირებთ მათთან ერთად. სპლიყვს შეიძლება საწოვარიანი ბოთლით რძეც დაალევინოთ.
•აუცილებლად მოინახულეთ ბუდას კბილის ტაძარი და გიდის დახმარებით გაიგეთ მეტი ბუდას კბილისა და ზოგადად, ბუდიზმის ისტორიის შესახებ.
•მოინახულეთ ოკეანის სანაპიროებთან, ჯოხებზე შემომჯდარი მეთევზეები და თავადაც სცადეთ თევზაობის ეს მეთოდი.
•ადგილობრივი სამზარეულო − თუ ზღვის პროდუქტების მოყვარული ხართ, პირდაპირ სანაპიროზე მოგიმზადებენ თევზს, ხამანწკებს, კიბორჩხალებსა და ლანგუსტებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კერძი ძალიან ცხარეა, გირჩევთ აუცილებლად დააგემოვნოთ საფირმო კერძი „ლამპრაისი“− ბანანის ფოთლებში მომზადებული ბრინჯი და ხორცი.
•მოინახულეთ ოკეანის სანაპიროებთან, ჯოხებზე შემომჯდარი მეთევზეები და თავადაც სცადეთ თევზაობის ეს მეთოდი.
•არ დატოვოთ შრი-ლანკა ისე, რომ ცნობილი ცეილონის ჩაი არ წამოიღოთ.