3 მაისს პარიზში, მდინარე სენაზე „Le Diamant Bleu“ - გემზე ქართული კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართება. ღონისძიების იდეის ავტორია კომპანია “ივენთ ლუქსის” საფრანგეთის წარმომადგენლობის დირექტორი გოჩა თათრიშვილი, რომელსაც ყოველთვის სურდა მსგავსი საღამოებით ევროპაში საქართველოს პოპულარიზაცია.
„ივენთ ლუქსის“ ძირითად საქმიანობას პრემიუმ კლასის ღონისძებების ორგანიზება წარმოადგენს თბილისსა და პარიზში. კომპანიისათვის, ძირითადად, პრიორიტეტულია ისეთი პროექტების ორგანიზება, რომელთა ფარგლებშიც ქართული კულტურის წარმოჩენა ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი საქველმოქმედო სახის ღონისძიებებია.
„რამდენიმე წელია, ისეთი ღონისძიების გამართვა მინდოდა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ხელოვნების ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს ევროპაში. ძალიან მინდა, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ, ხელოვან ადამიანებს კარი გავუხსნათ ევროპაში. მაქვს ასევე უამრავი გეგმა საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად, ამაში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული. ყველანაირად ვცდილობ ამ საღამოებით გზა გავუხსნათ საქართველოს პოპულარობას ევროპაში. საფრანგეთში ვინც ამ ღონისძიების შესახებ გაიგო ყველა აღფრთოვანდა“,-განაცხადა კომპანია “ივენთ ლუქსის” საფრანგეთის წარმომადგენლობის დირექტორმა გოჩა თათრიშვილმა OK! Magazine Georgia-თან საუბრისას.
წვეულების თანაორგანიზატორია საქველმოქმედო ფონდი „გზაჯვარედინი“ და ვახშმის მასპინძელია გო' ე ’მიო.
ფონდი „გზაჯვარედინი“ საკმაოდ მნიშვნელოვანი მისიით არის შექმნილი, რადგან მისი მიზანია ზრდასრულ ასაკს მიღწეულ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს დაეხმაროს. გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრ ბავშვს მივცეთ პროფესიული ან უმაღლესი განათლება, რათა მომავალი შევუქმნათ. შემოსული თანხის ნაწილი ფონდ „გზაჯვარედინში“ გადაირიცხება. დავეხმაროთ მათ ვისაც ჩვენი თანადგომა ნამდვილად სჭირდება და ერთად შევუწყოთ ხელი ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვრებს გარეთ“,-აღნიშნა ფონდი „გზაჯვარედინის“ დირექტორმა თამარ ჩალაბაშვილმა OK! Magazine Georgia-თან საუბრისას.
Gault et Millau, გო'ე’მიო, ფრანგული, მსოფლიოში აღიარებული გასტრონომიული გზამკვლევია, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კვების სტანდარტებს მსოფლიო მასშტაბით. კომპანია მსოფლიოს 25 მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი, რომელთა რიგებშიც 2017 წლიდან საქართველოცაა. 3 მაისს, გო’ე’მიო თავის სამშობლოში სტუმრებს უმასპინძლებს ქართული ვახშმით, რომელსაც გო’ე’მიოს ტიტულის მფლობელი შეფები წარადგენენ. წლის საუკეთესო ქართველი შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა შეფები ნიკოლოზ მეტრეველი და ილია ბენაშვილი, რესტორან ბიოლის შეფ-კონდიტერი ხატო ბაკურაძე და რესტორან შუხმანის შეფ-მზარეული ლაშა კენჭაძე, ექსკლუზიურად ამ ღონისძებისთვის ქართულ გემოებზე შექმნილ კერძებს წარმოგვიდგენენ.
წვეულების განსაკუთრებული სტუმარი, ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე იქნება. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები: ეკა მამალაძე, სტეფანე მღებრიშვილი, გერმანული ვოისის გამარჯვებული ნათია თოდუა, მიშა სულუხია, პაატა ანდრიაძის ბენდი, აჩიკო ბერიძე, ზურა მახნიაშვილი და მსახიობი დუტა სხირტლაძე. ახალგაზრდა დიზაინერი ანანო გელოვანი წარმოადგენს ხელნაკეთი ქსოვილებით შექმნილი სამოსის ჩვენებას, იუველირ-დიზაინერი მარინა ნაცვლიშვილი კი თავისი ექსკლუზიური სამკაულების ულამაზეს კოლექციას გამოფენს.
საღამოზე საქართველო წარმოჩნდება, როგორც დიდი კულტურული მემკვიდრეობის მატარებელი ქვეყანა და ტურისტულად საინტერესო ლოკაცია. კონცერტი წარიმართება საქართველოს გაცნობითი ხასიათის ფილმის ჩვენების ფონზე. ვახშამზე სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ უგემრიელესი ქართული ტრადიციული კერძები, ღვინო, მინერალური წყალი და კულინარიული ნუგბარი. ღონისძების მსვლელობის დროს კი სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დატკბნენ პარიზის ღირშესანიშნაობებითა და ულამაზესი ხედებით.
საღამო 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო გემზე სტუმრების მიღება 19:30 საათიდან დაიწყება. მისამართი: 6 quai Jean Compagnon 94200 Ivry sur Seine.