საუკეთესო საჩუქარი არის ის, რაც ადრესატის ინტერესთა სფეროებს მოიცავს. მსგავსი რამ, სასიამოვნოსთან ერთად, სასარგებლოც ხდება. თუ თქვენს მეგობარს, კოლეგას ან საყვარელ ადამიანს მოგზაურობა უყვარს და მისთვის ძვირადღირებული საჩუქრის შეძენის საშუალება არ გაქვთ, არჩევანი ამ ნივთებზე შეაჩერეთ.
პორტაბელური დამტენი
სმარტფონის დატენვასთან დაკავშირებული პრობლემები ყველასთვის ნაცნობია. ეს საკითხი განსაკუთრებით მოგზაურობის მოყვარულებს აბრკოლებთ. ამიტომაც, აუცილებელია ხელთ პორტაბელური დამტენი იქონიონ. რაც უფრო დიდი სიმძლავრის იქნება, მით უკეთესი. რაც მთავარია, პორტაბელური დამტენი არასოდესაა ზედმეტი. თუ ადრესატს ის უკვე მოეპოვება, კიდევ ერთი მაინც გაუხარდება.
ტელეფონის წყალგამძლე ჩასადები
მოგზაურისთვის, ტექნიკის დამუხტულ მდგომარეობაში ყოფნის გარდა, მისი დაცვაც საჭიროა. წყალგამძლე ჩასადები საშუალებას გაძლევთ დაიცვათ სმარტფონი მდინარისა თუ ტბის გადალახვისას, ნესტიან ადგილებში მოხვედრისას და ამასთანავე, შეგიძლიათ დააფიქსიროთ კადრები წყლის ქვეშ.
ბოთლი ფილტრით
ცნობილია, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სუფთა დასალევი წყლის პრობლემა დგას, ამიტომაც მსგავსი ბოთლის ტარება ყველა ტურისტისთვის მისწრებაა. ასეთი საჩუქარი ლაშქრობის მოყვარულს განსაკუთრებით გაუხარდება.
ჰიგიენური საშუალებების მინივერსია
წესრიგის მოყვარული მოგზაურების მიერ ბარგის კომპაქტურად ჩალაგების შესახებ ლეგენდები დადის. ამაში მათ არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ პრაქტიკული ნივთები ეხმარებათ. მაგალითად, ჰიგიენის ნივთების ჩალაგება მცირე ზომის ყუთშიც შეიძლება. მოკლევადიანი მოგზაურობებისთვის დიდი ზომის ნივთების წაღება არამომგებიანი და არაეფექტურია.
ფოტოალბომი
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში სურათებს უკვე ყველა ელექტრონულ ფორმატში ინახავს, ფოტოალბომი მაინც შეუცვლელი რჩება. კომპიუტერში ფოტოების დაკარგვის ალბათობა არსებობს. ამასთან, დასათვალიერებლადაც ნაკლებად ეფექტურია. დაბეჭდილი ფოტოები უფრო შთამბეჭდავად გამოხატავს ამა თუ იმ მოგონებას, ვიდრე ციფრული. შეუქმენით ადრესატს ლამაზი სივრცე მოგზაურობის აღსაბეჭდად, რათა შთაბეჭდილებები სამუდამოდ ხელშესახები დარჩეს.
მედიკამენტების ყუთი
წამლები კარგი საჩუქარი არაა, თუმცა მოგზაურები გამონაკლისები არიან. მათ რეგულარულად სჭირდებათ აფთიაქის განახლება, რომელსაც ძირითადად, ივიწყებენ. იმისათვის, რომ მათ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ, აარჩიეთ ყველაზე საჭირო მედიკამენტები და მომცრო ყუთში მოათავსეთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ანტიბაქტერიული ხელსახოცებია. ისინი არასოდესაა ზედმეტი.