როცა დასასვენებლად აპირებთ გამგზავრებას, წინ სტანდარტული პროცედურა გელით: ბარგის ჩალაგება დიდ დროსა და ყურადღებას მოითხოვს. სინამდვილეში ეს პროცესი საშიში საერთოდ არაა. მთავარია, რამდენიმე რეკომენდაცია დაიცვათ და ჩემოდანს სწორად, სწრაფად და ემოციური ფონის გარეშე გაამზადებთ.
თავდაპირველად, გააანალიზეთ, რისი წაღება გსურთ დანამდვილებით და რას საერთოდ არ გამოიყენებთ. ცხელ ქვეყნებსა და ქალაქებში 3 თბილი ჯემპერი ზედმეტია, ერთიც გეყოფათ. რთული ნივთების წაღებას მოერიდეთ, რომლებიც სპეციალურ მოვლას საჭიროებენ. ზოგადად, პრაქტიკული სამოსი არჩიეთ, თუ რა თქმა უნდა, წინ კარნავალი არ გელით.
პერანგებისა და კაბების საერთო რაოდენობა დასასვენებლად გამოყოფილი დღეების მიხედვით დათვალეთ. ჯინსები და შარვლები კაბებსა და პერანგებზე ორჯერ ნაკლები დაგჭირდებათ.
მოკლედ, ყველაფერი, რაც გადაარჩიეთ, ჩემოდნის გვერდით ერთად მოათავსეთ. შეადარეთ – მოგროვებული მასა თქვენი ჩემოდნის ზომას 3-ჯერ არ უნდა აჭარბებდეს. დაფიქრდით, თმის საშრობი ნამდვილად გჭირდებათ? ამ ნივთს ბევრ ადგილას შემოგთავაზებენ ან გათხოვებენ.
ჩალაგება ყველაზე მძიმე ნივთებით დაიწყეთ და ისინი სულ ქვევით მოათავსეთ, შემდეგ მსუბუქი და სქელი დაამატეთ. შიდა ლანდშაფტის უსწორმასწორობას წვრილმანებით გაანეიტრალებთ: საცვლებით, წინდებით, ცხვირსახოცებით.... თუ ისინი ბევრი გაქვთ, ფეხსაცმელში ჩადეთ და ადგილსაც მოიგებთ. თითოეული ფეხსაცმელი ცალ-ცალკე პარკში მოათავსეთ. მაისურები ძალიან მჭიდროდ უნდა ეკვროდეს ერთმანეთს, გამოტოვებული ადგილების გარეშე. ქამრები და მსგავსი ნივთები ჩანთის კედლებზე დაამაგრეთ.
პერანგების დაკეცვის ტექნიკა: სახელოები ზურგზე მხრის გასწვრივ გადადეთ, შემდეგ ჰორიზონტალური მიმართულებით რამდენჯერმე გადაკეცეთ. ზოგადად, ტანსაცმელი არა კვადრატული სტილით, არამედ ცილინდრული ფორმით უნდა ჩაალაგოთ.
ჰიგიენური ნივთები თავზე დაალაგეთ. შამპუნი და სხვა თხევადი ნივთიერებები ცალ-ცალკე პაკეტებში მოათავსეთ.
რაც შეეხება ტექნიკას, არაა საჭირო დასასვენებლად ერთდროულად 3 გაჯეტი გაიყოლოთ. უარი თქვით ნოუთბუქზე ან პლანშეტზე, აირჩიეთ ერთ-ერთი.
10 ნივთი, რომელიც კურორტზე აუცილებლად უნდა წაიღოთ
როგორ მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება მინიმალური ზომის ბარგით? საიდუმლო მარტივია: ყველაფერი უნივერსალური უნდა იყოს. წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც დასასვენებლად ხელს აუცილებლად უნდა გააყოლოთ.
1. მზის სათვალეები, რომლებიც საკურორტო განწყობას შეგიქმნით
2. მთლიანი და გაყოფილი საცურაო კოსტიუმი: პირველი ფოტოებისა და წვეულებებისთვის, მეორე კი რუჯის მისაღებად
3. ტევადი ხელჩანთა ან ზურგჩანთა – აეროპორტში ხელბარგის სახით შეიტანეთ, შემდეგ კი მუდმივად თან იქონიეთ. გამოგადგებათ როგორც სანაპიროზე, ისე ექსკურსიებსა და ღამით სეირნობისას
4. ჯინსის ქურთუკი ან სპორტული მოსაცმელი – ზაფხულის გრილ საღამოებს 1990-იანების სტილში შეხვდით
5. ნათელი ფერის ჰაეროვანი კაბები – სასიამოვნოა სანაპიროზეც, ქალაქშიც და წვეულებაზეც!
6. მოკლე ქვედაბოლოები ან შორტი
7. აქსესუარების კოლექცია: ქამარი, თხელი შარფი და სამკაული
8. სანდლები ქალაქისთვის და საზაფხულო ფლოსტები სანაპიროსთვის.
9. მზისგან დამცავი კრემი
10. კარგი წიგნი – გადადეთ ტელეფონი და გონებისთვის სასარგებლო თავშესაქცევით დაკავდით