ეგზოტიკის საპოვნელად ხანდახან შორს გამგზავრება სულაც არაა აუცილებელი. ძველ ევროპაში შემორჩენილია კუნძულები, სადაც ტურისტთა რაოდენობა ადგილობრივ მცხოვრებელთა რაოდენობას ჯერ კიდევ არ აჭარბებს.
საფრანგეთი, კორსიკა
კორსიკა – ეს არის ადგილი, სადაც საფრანგეთისა და იტალიის კულტურათა საოცარ შერწყმას იგრძნობთ. ეს სულაც არაა გასაკვირი – კორსიკა მშობლიური საფრანგეთისგან 170 კილომეტრით, ხოლო იტალიისგან 11 კილომეტრითაა დაშორებული. კორსიკაზე საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტთან დაკავშირებულ ღირსშესანიშნაობებს იხილავთ: სახლ-მუზეუმს, ეკლესიას, სადაც მონათლეს და ა.შ. ლოკაცია სეირნობის მოყვარულებს აუცილებლად მოხიბლავთ, რადგანაც აქ ბევრი ლამაზი ბილიკია.
იტალია, სიცილია
ამ კუნძულის უნიკალურობა ის გახლავთ, რომ მეორედ მოხვედრისას სრულიად სხვა შთაბეჭდილებებით აგავსებთ, ვიდრე პირველად სტუმრობისას, რადგანაც სიცილიაზე მოგზაურობა ყოველთვის ერთი დიდი თავგადასავალია. საკმაოდ ხნიერი ეტნა განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის და შესაძლოა ცეცხლის ალების მომსწრე ნებისმიერ დროს გახდეთ. აუცილებლად გასინჯეთ ადგილობრივი ღვინო, რომელსაც ყველა რეგიონისგან განსხვავებული გემო დაჰკრავს.
საბერძნეთი, პატმოსი
ეს პატარა კუნძული ეგეოსის ზღვის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და ქრისტიანული ისტორიით ხასიათდება. პატმოსს „ბერძნულ იერუსალიმსაც“ კი უწოდებენ. ბიბლიის მიხედვით, რომაელებმა იოანე ღვთისმეტყველი სწორედ აქ გადმოასახლეს. იოანე გამოქვაბულში განმარტოვდა და უკანასკნელი წიგნი – „იოანეს გამოცხადება“ (აპოკალიფსი) დაწერა. მსურველებს შეუძლიათ მის მონასტერს ეწვიონ, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
საბერძნეთი, მიკონოსი
ძველბერძნულმა მითოლოგიამ ამ კუნძულს დიდი აღიარება მოუპოვა, რომლის მიხედვით მიკონოსზე ჰერაკლესა და ტიტანებს შორის ბრძოლა შედგა. უკანასკნელი წლების განმავლობაში, კუნძული ღამის ცხოვრების მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ ბარები და კლუბები ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს – მიწისქვეშა, სანაპიროს, პიანო-ბარები, ტერასებით დამშვენებული და დისკო-ბურთებით მორთული.
საბერძნეთი, ითაკა
კუნძულმა უამრავი ისტორიული ეპოქა გადაიტანა: ნეოლითი, მიკენის ცივილიზაცია, ელინიზმი, ოტომანთა იმპერიის მმართველობა, ფრანგი და იტალიელი პროტექტორატები, სანამ 1864 წელს, კვლავ საბერძნეთის ნაწილი არ გახდებოდა. მაგრამ, საბედნიეროდ, ჰომეროსის წყალობით, ითაკას მსოფლიო ოდისევსის სამშობლოდ იცნობს. აქ მბრძანებლის სასახლესაც შეხვდებით, რომელიც XIII საუკუნეშია აგებული.
ხორვატია, კორჩულა
სანამ ხორვატიის ნაწილი გახდებოდა, კორჩულა ხელიდან ხელში გადადიოდა, მაგრამ მის ისტორიულ და არქიტექტურულ მემკვიდრეობაზე ყველაზე დიდი გავლენა რომაელებს, ვენეციელებს და გენუელებს აქვთ. კუნძულის მთავარი ქალაქი შუა საუკუნეების იტალიის ქალაქს მოგაგონებთ. ეკლესიები გოთიკისა და რენესანსის ელემენტებს მოიცავს.
ხორვატია, ჰვარი
ცისფერი ცა, თეთრი ქვები, ლავანდას მინდვრები – მშვენიერი ადგილია ფოტოსესიისთვის. თუ წმინდა სტეფანის ეკლესიასთან ახვალთ, რომელიც იტალიური აღორძინების დროს აშენდა, ფონად მთელი ქალაქის გამოჩენას შეძლებთ. ჰვარი ადრიატიკის ზღვაში ყველაზე გრძელი და მზიანი კუნძულია – ადგილი, რომელიც ევროპელ ტურისტებს ძალიან უყვართ. არც ინფრასტრუქტურა გაგიცრუებთ იმედს – შეგიძლიათ ნავი იქირაოთ და ადგილობრივი სანაპიროები მოინახულოთ; ველოსიპედის ქირაობის შემთხვევაში, ბუნების სურნელით და ხედებით დატკბეთ, ან სულაც ადგილობრივი ღვინო დააგემოვნოთ.