ზოგიერთი ჩვენი საყვარელი ფანტასტიკური თუ სათავგადასავლო ჟანრის ფილმი პლანეტის რეალურ ადგილებში გადაიღეს. ამ ლოკაციების ხილვა გვარწმუნებს, თუ რამდენად საოცარ და ლამაზ სამყაროში ვცხოვრობთ.
ჰუნანი, ჩინეთი
ფილმი: „ავატარი“
ჰუნანის პროვინცია ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მას ბუნების ღირსშესანიშნაობები ამშვენებს. უპირველესად, ნაციონალური პარკი უნდა იხილოთ, რომელიც „ავატარის“ გადაღებებისას გამოგონილ პლანეტა „პანდორად“ იქცა.
ბევრ გულშემატკივარს ჰგონია, რომ პეიზაჟები კომპიუტერული გრაფიკის დამსახურებაა, თუმცა რეალური ადგილი ამ ეჭვს საფუძვლიანად აქრობს. ჰუნანი კვარციტის ქანებით და ფლორა-ფაუნის მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ამ პროვინციაში ისტორიის მოყვარულებიც სიამოვნებას მიიღებენ. ჰუნანში უძველესი კოშკი, მაო ძედუნის სახლ-მუზეუმი, მავზოლეუმი და ძველი სამარხებია წარმოდგენილი.
ანგკორი, კამბოჯა
ფილმი: „ლარა კროფტი: სამარხების მცველი“
ანგკორის ტაძართა კომპლექსი ეგზოტიკური სახელმწიფოს, კამბოჯას ყველაზე ცნობილი ძეგლია. რამდენიმე საუკუნის წინ, ეს ადგილი ქხმერების იმპერიის ცენტრი იყო. მთავარი ტაძარი ჯუნგლებისგან სპეციალურად არ გაათავისუფლეს, რათა შეენარჩუნებინათ ის პირვანდელი იერი, როგორიც აღმოაჩინეს.
ქალაქ სიემ რიპში მოხვედრისას, ანგკორის მონახულების გარდა, ადგილობრივი კულტურის გაცნობასაც შეძლებთ – იხილავთ საცეკვაო შოუებს, სადაც ქალბატონები სპეციალურ ცეკვებს ასრულებენ.
არაორდინარულობის მოყვარულებს, ტბაზე „მოტივტივე“ სოფელი ტონლე საპი მოეწონებათ, სადაც ადამიანები ნავების მსგავს სახლებში ცხოვრობენ.
მატამატა, ახალი ზელანდია
ფილმი: „ბეჭდების მბრძანებელი“
ამ პატარა, საოცარ ქალაქში სულ რაღაც 6000 ადამიანი ცხოვრობს, რომელმაც ტელეეკრანებზე ჰობიტების გამოჩენის შემდეგ გაითქვა სახელი.
ცნობილი პატარა სახლები ფილმისთვის ააშენეს და გადაღებების დასრულების შემდეგ უნდა დაენგრიათ, თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ მათი შენარჩუნება გადაწყვიტა.
ლოკაცია ტურისტების მოზიდვის საშუალებად იქცა და დღეს ახალი ზელანდიის მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
ტატუინი, ტუნისი
ფილმი: „ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 4“
ტატუინი: ქალაქი თუ პლანეტა? ეს შეკითხვა ცნობილი საგას გამოსვლის შემდეგ აქტუალური გახდა.
სწორედ აქ, ტუნისის ქალაქში, უდაბნოებს შორის ცნობილი პლანეტა შეგხვდებათ. ადგილი, სადაც ყველა დროის ყველაზე საკულტო ეპოსის გადაღებები მოაწყვეს. ამის შემდეგ, ეს უცნობი ქალაქი, მცხოვრებელთა მცირე რაოდენობით, ტურისტებში პოპულარულ ადგილად იქცა.
აღსანიშნავია, რომ ტატუინის სასტუმროში ღამის გათევა საკმაოდ იაფი ღირს.
ალნვიკის ციხესიმაგრე, ინგლისი
ფილმი: „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“
ყველას, ვისაც „ჰარი პოტერის“ პირველი ნაწილი უნახავს, აინტერესებს, სად მდებარეობს ის მწვანე მინდორი, სადაც ცნობილ თამაშს – ქვიდიჩს თამაშობდნენ და ცოცხით ფრენაში ვარჯიშობდნენ. ფილმის გულშემატკივრები კი ამ ადგილის მონახულებაზე უბრალოდ ოცნებობენ.
აქ ინგლისური კოშკის სილამაზით დატკბებით, ადგილობრივებისგან გადაღებების პერიოდის ისტორიებს მოისმენთ და დროებით, მაგიის ზემოქმედებას თავადაც იგრძნობთ.
ალნვიკი შოტლანდიის საზღვართანაა ახლოს და ინგლისში სიდიდით მეორე ციხესიმაგრეა, უინძორის სასახლის შემდეგ. მასში შესვლას აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით შეძლებთ, გარშემო სეირნობას კი –მთელი წლის განმავლობაში.
ლიდენჰოლის ბაზარი, ინგლისი
ფილმი: „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“
თუ პრაქტიკულ მოგზაურობებს ხართ მიჩვეული, რომლის დროსაც არა მხოლოდ შთაბეჭდილებებს იღებთ, არამედ ადგილობრივ დელიკატესებსაც აგემოვნებთ, ლონდონის ბაზარი ლიდენჰოლი სწორედ ის ადგილია, რომელიც გჭირდებათ.
გარდა იმისა, რომ მაღაზიები ჯერ კიდევ შუა საუკუნეების შემდეგ საოცრადაა შემონახული, ლოკაციაზე ცნობილი ფილმის სცენების გახსენებითაც დატკბებით. სერნობისას კი მშიერი ნამდვილად არ დარჩებით – აქ ლონდონში საკვები პროდუქტის ყველაზე დიდი ასორტიმენტია.
კუნძული კაიო-ლარგო-დელ-სური, კუბა
ფილმი: „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“
ცნობილი კინოეპოპეის მოცემულ ნაწილში მთელ ყურადღებას ჯეკი ბეღურადან ამ საოცარ კუნძულზე გადაიტანთ. სიუჟეტის მიხედვით, სწორედ აქ აღმოჩნდა სასოწარკვეთილი მეკობრე.
კაიო-ლარგო-დელ-სური კუბის არქიპელაგის ნაწილია, რომლის ისტორია მეკობრეებთან არასოდეს ყოფილა დაკავშირებული. კუნძული თეთრი ქვიშის სანაპიროებით და კარიბის ზღვის თვალწარმტაცი ხედებითაა ცნობილი.