sგიორგი ქორქია – ჟურნალისტი
ყველა დაცული ტერიტორიის რეინჯერს აქვს ერთი საოცარი ჩვევა: რამდენჯერაც უნდა ჰკითხო, რა მანძილია დარჩენილი ამა თუ იმ ლოკაციამდე, გეუბნება, რომ აქვეა, სულ რაღაც 800 მეტრში, ან მაქსიმუმ კილომეტრში. ჰოდა, ასე გატარებენ კიდევ სამ და ოთხ კილომეტრს აღმართ-აღმართ. პირველად ეს მტირალას ეროვნულ პარკში გამოვცადე. არ მახსოვს, რამდენი კილომეტრი გავიარე, რამდენ მდინარეში გავტოპე და რამდენჯერ ჩავჯექი ტალახში, მაგრამ ერთი მახსოვს: არც ერთი წამით არ მინანია, რომ ჩემი ეს მოგზაურობა სამი დღე გაგრძელდა. ეს იყო 2008 წელს, და მას შემდეგ არ გავა წელიწადი, რომ აქაურობა არ მოვინახულო. გადაღების დროს ყველაზე ცუდი ისაა, რომ კონცენტრაცია მთლიანად სამუშაოზე გაქვს და დროშიც შეზღუდული ხარ. თუმცა ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი რეპორტაჟებით ცოტა წვლილი მაინც შევიტანე აქაურობის პოპულარიზაციაში.
სოფელი ჩაქვისთავი, რომელიც ეროვნული პარკის დამხმარე ტერიტორიად მიიჩნევა, ფაქტობრივად ჩემი მეორე სახლი გახდა. საერთოდ, ნებისმიერი ადგილი, ბუნებასთან ერთად, ადგილობრივებითაც ფასობს. აი, ზუსტად ასეთია მტირალას პარკი. მშვიდი და სტუმართმოყვარე ჩაქვისთაველები, რომელთა დიდი ნაწილი რეინჯერებად და გიდებად მუშაობს, ის ხალხია, რომლებსაც ბოლომდე ენდობი და რომლებიც ისე გემრიელად დაგათვალიერებინებენ ყველაფერს, დაღლასაც ვერ იგრძნობ.
მოსახლეობა თავად ქმნის ამ ადგილის ღირსშესანიშნაობებს. თუნდაც ძია ხასანის გაკეთებული საბაგირო ხიდი. ჯერ არავინ წამოსულა მტირალას ეროვნული პარკიდან ამ ხიდზე გადაღებული ფოტოს გარეშე. მტირალა – ესაა ადგილი, სადაც ძილისთვის დრო გენანება. აქ არავის უკვირს მოსახლეობასთან ტყიდან გამოსული შველის დანახვაც. ეს არის ადგილი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ყველამ უნდა ნახოს. მაგრამ არა მგონია, აქაურობა ერთხელ ნახოთ და ახლო მომავალში ისევ არ დაბრუნდეთ. ბოლოს დავამატებდი იმას, რომ სანამ სხვა ქვეყნების სილამაზეებს დავათვალიერებთ, მოდი ერთად მოვიაროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული პარკები.
თინა დალაქიშვილი – მსახიობი
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს მოგზაურობა საქართველოში და დაცულ ტერიტორიებზეც. თითქმის ყველგან ნამყოფი ვარ.
გამოვარჩევდი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკებს. გარდა იმისა, რომ ულამაზესი ადგილია, სისუფთავე და სიმშვიდეა, იმითაცაა განსაკუთრებული, რომ შესაძლებლობა გაქვს დროის არქონის შემთხვევაშიც შეძლო დასვენება, რადგან არის ბილიკები, რომელთა დალაშქვრას სულ რამდენიმე საათი სჭირდება.
ვისაც ფეხით სიარული უყვარს, მაგრამ შვებულება არ აქვს, ვურჩევდი უქმეებზე წასვლას ერდღიან ბილიკებზე.
რამდენჯერაც უნდა წავიდე ამ ბილიკებზე, არასოდეს მომბეზრდება და ყოველთვის დასვენებული, განსაკუთრებული ენერგიით დატვირთული ვბრუნდები.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ს ივლისის ნომერში