განტვირთვისთვის საუკეთესო ადგილს ეძებთ? კურორტის არჩევისას ყურადღება ორგანიზმის ტონიზირებაზე გაამახვილეთ. წარმოგიდგენთ პოპულარულ სპამიმართულებებს 2018 წლის ზაფხულისთვის.
1. ტუნისი
სხეულის თერაპიის დამფასებლები დასასვენებლად ტუნისს ირჩევენ, სადაც მაღალი ხარისხის სპაცენტრები მდებარეობს. მომსახურებაში შედის ზღვის წყლით, მცენარეებითა და ტალახით მკურნალობა. ამიტომ კანის, თმისა და ფრჩხილების გაჯანსაღების თუ ფიგურის გაუმჯობესების მიზნით, ტუნისის კურორტებს მიაშურეთ.
აქაური ჰავის, პროცედურებისა და წყლის მეშვეობით, ახალგაზრდულ იერს და ძალას დაიბრუნებთ.
2. თურქეთი
ჯანმრთელობის გაუმჯობესება პოპულარულ თურქეთშიც შეიძლება, თუ კურორტსა და სასტუმროს დაკვირვებით აარჩევთ. ამ შემთხვევაში, დაივიწყეთ ალანია და ანტალია. თქვენ პამუკალე გამოგადგებათ. თურქული სპაკომპლექსები თერმული წყლებით, მინერალური აბაზანებით და მასაჟის სერვისებითაა ცნობილი. აუცილებლად ეწვიეთ იქაურ საუნას, რომელიც წონის დაკლებაში, ტონუსის დაბრუნებასა და ნერვული სისტემის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
3. მკვდარი ზღვის კურორტები
მკვდარი ზღვა პლანეტის ყველაზე მარილიანი ტბაა და მინერალური მარილებითა და მთელი რიგი სასარგებლო ნივთიერებებითაა სავსე. მკვდარ ზღვას ისრაელი და იორდანია იყოფენ. გამაჯანსაღებელ ფაქტორებად კურორტებზე მარილიან წყალს და ტალახს იყენებენ. წყალში ყოფნა 20 წუთითაა მიზანშეწონილი, ტალახის მოშორება კი 40 წუთის შემდეგ.
4. იტალია
გამაჯანსაღებელი კურორტები ტურისტებისთვის პოპულარულ იტალიაშიცაა. ზოგიერთი ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროიდანაა ცნობილი. ორგანიზმის გასაჯანსაღებლად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი მილანსა და ვენეციას შორის მოთავსებული გარდას ტბაა. ასევე, ამ მხრივ პოპულარული ქალაქი სირმიონე, სადაც რევმატიზმით დაავადებულ ადამიანებს მკურნალობენ. მთელი რიგი სილამაზის პროცედურების ჩატარების შემდეგ, შეგიძლიათ სამოსის მაღაზიებს ესტუმროთ, რომლებიც საერთოდ არაა ძვირადღირებული.
5. უნგრეთი
თერმულ წყლებზე საუბრისას არ შეიძლება ეს ქვეყანა არ აღვნიშნოთ. ქვეყნის დედაქალაქი ბუდაპეშტი მინერალური წყაროებითაა სავსე და ქალაქის ტერიტორიაზე ათობით სამკურნალო აბანოა. ტურისტები თერმულ ტბა ჰევიზსაც სტუმრობენ. კალციუმი, გოგირდი, მაგნიუმი – ეს იმ სასარგებლო ნივთიერებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ტბა შეიცავს. ყოველივე ეს სასიკეთოდ მოქმედებს ძვლებზე.