ის, რაც საქართველოში აუცილებლად უნდა ნახო
დარწმუნებულები ვართ, ბევრი მათგანი თქვენთვის კარგად ნაცნობი იქნება. ჩვენ კი, ჩვენი რუბრიკით, ერთგვარი გიდის ფუნქციას შევასრულებთ და უკეთ გაგაცნობთ იმ ადგილებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. დაცული ტერიტორიები საქართველოს ბუნების გამორჩეული და უნიკალური ადგილებია. საქართველოში სულ 88 დაცული ტერიტორიაა, მათი ფართობი 596 156 ჰექტარია, რაც საქართველოს 8,57%-ს შეადგენს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიზნებია უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის კონსერვაცია, მათი საზოგადოებისთვის გაცნობა. ეკოტურიზმი კი ეხმარება ადამიანებს, შეიყვარონ და მოუფრთხილდნენ გამორჩეულ ბუნებას. საქართველოს დაცული ტერიტორიები დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორებში. 2017 წელს, ტერიტორიებზე ეკოტურისტთა რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა, რომელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია.
დღეს კი, თქვენ საშუალება გექნებათ იმოგზაუროთ ჩვენი რუბრიკის სტუმრებთან ერთად, მათთვის საყვარელ დაცულ ტერიტორიებზე, კარგად გაიცნოთ ისინი და დაგეგმოთ ვიზიტი.
გურამ შეროზია, ბლოგერი
„შარშან, პირველად მოვინახულე ოკაცე და უზომოდ გაოცებული დავრჩი. თან ჩემი თავის გამიკვირდა – აქამდე რატომ არ მქონდა ნანახი... ძალიან საინტერესოა ფეხით შემოვლა. გზად ბევრ ტურისტს ხვდები და კომუნიკაცია კიდევ უფრო გიმარტივებს გზას, მაგრამ ყველაზე მთავარი წინ გელოდება: ულამაზესი ხედები, ხიდები და სიმწვანე... ფოტოებიც ძალიან კარგი გამოდის, ტელეფონითაც კი! ვინც ნამყოფი არ არის, ვურჩევდი, ნუ დათანხმდებიან ტაქსის მძღოლების შემოთავაზებებს და ფეხით ჩავიდნენ, არც ისე დამღლელი გზაა... იქვე ჩანჩქერიცაა და მარტვილის კანიონიც არც ისე შორს არის. ჯამში, მართლა მეგონა, რომ სადღაც სხვა, ძალიან საინტერესო ქვეყნის უცნაურ ადგილებს ვსტუმრობდი და ეს ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ოკაცეს მიმდებარედ, საოცრად ლამაზი სოფლებია, სადაც შეიძლება შერბენა, სეირნობა და სიმშვიდით ტკბობა. მეორედაც დიდი სიამოვნებით მოვინახულებდი“.
გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი
წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩავიდე თუშეთში. ეს არის ადგილი, რომელიც მავსებს მთებით, ტყეებით, სოფლებით, აივნებით, კოშკებით, ისტორიით, ფერებით, სურნელებით და ადამიანებით.
მერედა, ისეთი გულიანი მასპინძლები არიან... ხანდახან იმასაც კი ფიქრობ, რომ საკუთარ სახლში ხარ.
ამ თვალუწვდენელ მხარეში 2 სოფელი მეგულება, რომელსაც ყოველ ჩასვლაზე ვნახულობ – შენაქო და დართლო.
ყოველთვის შემაღლებულ ადგილას ავდივარ და ისე ვუცქერ სოფლის ფუსფუსს.
შენაქო სახელსაც ამართლებს – შენ ნახავ თუ არა, შეაქებ კიდეც.
და მხოლოდ შენაქოს? მთელ თუშეთს აქებ, როგორც კი ნახავ.
თუშეთი საქართველოსა და მთელი მსოფლიოს საგანძურია.
ნიკოლოზ წულუკიძე, ტელეწამყვანი
„ბედნიერებაა, როდესაც ცხოვრობ ისეთ ლამაზ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო. მე მსურს რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე ვისაუბრო, სადაც სტუმრობა ჩემთვის განსაკუთრებით გამორჩეული იყო.
უპირველესად, მინდა მივმართო თანამოქალაქეებს და მოვუყვე თბილისის ეროვნულ პარკზე, საბადურის ტყეზე, რომელიც თბილისიდან სულ 20 წუთის სავალზეა. 20 წუთში თქვენ აღმოჩნდებით გასაოცარ ატმოსფეროში, აბსოლუტურად სხვა რეალობაში. ესაა დასტური, რომ ვარსებობთ ღმერთის მიერ შექმნილ დროსა და სივრცეში, და ასეთ ადგილებში გვიწევს მოგზაურობა. ეს არის ჩემთვის დასვენების განმსაზღვრელი მთავარი ინდიკატორი, თუ როგორაა შესაძლებელი განიტვირთო და დაისვენო ქალაქთან ახლოს.
როგორ შემიძლია აღფრთოვანება არ გამოვხატო კოლხეთის ეროვნული პარკის მიმართ – პალიასტომის იდუმალი ტბა, გასაოცარი ფერის ფრინველები და ცხოველები. ოქროსფერი ჭალები, ვიწრო არხები, გადებული ხიდები. თავი ნამდვილ ამაზონის ჯუნგლებში მეგონა. მართლაც გასაოცარი გარემო და ერთ-ერთი გამორჩეული გადაღება იყო ჩემთვის.
ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ვიყო „იმედის დღის“ რუბრიკა „საიმედო ტურის“ წამყვანი. ჩვენი გადაცემა ხშირადაა დაცულ ტერიტორიებზე და აქტიურად ვთანამშრომლობთ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან.
მინდა ჩემს ტელემაყურებელს ვუთხრა, რომ ანტალიასა და დუბაიში „გავარდნის“ ნაცვლად, ჯერ ჩვენი ბუნება და დაცული ტერიტორიები დავათვალიეროთ.
ასევე უნდა ვახსენო ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, სადაც 2 არაჩვეულებრივი ჩანჩქერია. ულამაზესია ჩანჩქერებამდე მისასვლელი გზაც. ვერ გამოვტოვებ დაცული ტერიტორიების რეინჯერებს, რომლებიც მართლაც თავს წირავენ ბუნების დაცვისთვის და მათ ჩვენგან მეტი ყურადღება, მეტი სიყვარული და მხარში დგომა სჭირდებათ.
ასევე უნდა ვისაუბრო სათაფლიას და პრომეთეს მღვიმეებზე, სადაც სტუმრობისას მართლაც ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდებით. წელს ვიყავი ბეირუთში. ბიბლუსისკენ მიმავალ გზაზე არის უზარმაზარი და მსოფლიოში გამორჩეული მღვიმე, თუმცა, ჩემდა სასიხარულოდ, უნდა ვთქვა, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობით, ახლოსაც ვერ მივა იმერეთის მღვიმეებთან.
ამიტომ, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ჯერ ჩვენ, ქართველებმა, შევიცნოთ ჩვენი ქვეყანა, ხოლო შემდეგ უცხოელებმა“.