იერუსალიმი - ისრაელის დედაქალაქი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ცნობილი ქალაქია. მისი საოცრად მდიდარი ისტორია ქრისტიანებს, იუდეველებსა და მუსლიმებს აერთიანებს. იერუსალიმი ის ერთ-ერთი ქალაქია, რომელზეც ყველაზე მეტჯერ უომიათ (ორჯერ დაარბიეს, 52-ჯერ იერიში მიიტანეს და დაიპყრეს და დახსნილი იქნა 44-ჯერ).
აღდგომის დღესასწაული ახლოვდება, უამრავი ადამიანი იერუსალიმში მოგზაურობას გეგმავს. არის რამდენიმე რჩევა, რაც მოგზაურობისას უნდა გაითვალისწინოთ - რა ნახოთ და რა გააკეთოთ?
იად ვაშემი
,,იად ვაშემი“ იერუსალიმი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალური მუზეუმია, რომელიც მნახველს ემოციით აავსებს. ყოველწლიურად მას 800 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს.
ძველი ქალაქი, იერუსალიმი
იერუსალმისი ძველი ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული სანახაობაა მსოფლიოში. ღრმად რელიგიური ადგილი, ისრაელში აუცილებლად სანახავია.
ქალაქის ამ ნაწილში რამდენიმე რელიგიის უმნიშვნელოვანესი რელიგიური ძეგლი მდებარეობს: იუდეველთათვის – მორიას მთა და გოდების კედელი, ქრისტიანთათვის – მაცხოვრის საფლავი, მუსლიმთათვის – კლდის გუმბათი და ალ-აქსას მეჩეთი.
რელიგიური ღირსშესანიშნაობების გარდა, აქ უზარმაზარ სავაჭრო დახლებსა და საინტერესო კულინარიას იხილავთ.
ისრაელის მუზეუმი
ეს არის სივრცე, რომელიც ტურისტებით მუდმივად გადატვირთულია. მიზეზი უდიდესი ისტორია, უამრავი ექსპონატი და ისრაელის ხელოვნების უძველესი ნიმუშებია.
მაჩან იეჰუდა
სავაჭრო სივრცე ძირითადი ქალაქების მაცოცხლებელია, ასეა მაჩან იეჰუდაც იერუსალიმში. ეს ადგილი მკვიდრთა იდენტობას გამოხატავს და აქ შეგიძლიათ შეიძინოთ საფირმო პური, ორცხობილები, ჰალვა. მოიმარჯვეთ კამერაც და გადაიღეთ საინტერესო კულინარიული ნიმუშები.
ზეთისხილის მთა
ზეთისხილის მთა იურუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და აქედან განსაკუთრებული ხედი იშლება.
ისტორიულად ეს ლოკაცია იერუსალიმის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. დღესაც, სანახაობა ქრისტიანებისა და იუდეველებისთვის რელიგიური ცენტრია, სადაც ქრისტიანული ტაძრები მდებარეობს.
დასავლეთის კედელი
ეს არის იგივე ,,გოდებისკედელი“ - იერუსალიმის მეორე ტაძრის შემორჩენილი დასავლეთის კედელი, რომელი ც ებრაელთათვის დღესაც წმიდათაწმიდა ადგილად ითვლება და მასთან დღესასწაულის დღეებში იკრიბებიან.
დავითის ციტადელი
ციტადელი გასაოცარი ისტორიით სავსეა, აქ არის უძველესი არტეფაქტები, დამატყვევებელი ხედი ძველ ქალაქზე. აქ არის თანამედროვე საგამოფენო სივრცეც, სადაც შთამბეჭდავი შოუ ეწყობა.
ბიბლიური ზოოპარკი
ისრაელში ბიბლიური ზოოპარკი არსებობს, სადაც ყველა იმ ცხოველზე ზრუნავენ, რომელიც წმინდა წიგნშია მოხსენიებული.
დავითის ქალაქი
დავითის ქალაქი ეს არის არქეოლოგიური საოცრებების ადგილი, რომლის კვლევაც მე-19 საუკუნეში დაიწყო.
ქნესეთი
ისრაელის სახელმწიფოს უმაღლესი ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტი.
ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საკანონმდებლო შენობა, აქ ტარდება 1 საათიანი ტური ტურისტებისთვის.