დღეს გაზაფხულის პირველი დღეა, ზამთრის სუსხიანი დღეები თანდათან მიიწურა და ყველაზე სურნელოვან და რომანტიკულ წელიწადის დროსთან ერთად ბუნების გამოღვიძება იწყება.
კეკენჰოფი – ტიტების ბაღი ჰოლანდიაში
ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ პარკად აღიარებული ტიტების ეს ბაღი, ქალაქ ლისეს მიმდებარედ მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ დამთვალიერებლებისთვის ღია მხოლოდ ორი თვის განმავლობაშია, დაახლოებით 20 მარტიდან 20 მაისამდე ( ეს ყვავილობის პერიოდზე და ამინდზეა დამოკიდებული), ვიზიტორთა რაოდენობა წელიწადში ხანდახან მილიონამდე აღწევს.
ბუტჩარტის ბაღები, კანადა
ულამაზესი მწვანე გაზონები, ყვავილნარები, სადაც ცისარტყელას ყველა ფერის ყვავილები საოცარ სურნელს აფრქვევენ, შადრევნები, ორიგინალური სკულპტურები, მოჩუხჩუხე წყაროები და დიდი ხეები ისაა, რაც აქ დაგხვდებათ. მიწის დაახლოებით 22 ჰექტარი მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეკრებილი ვარდების სხვადასხვა ჯიშებითაა დაფარული. განსაკუთრებით ძლიერ არომატს ყვავილნარის სხვადასხვა კუთხეებში დარგული ჩაის ვარდები იძლევა.
ნონგ ჰუჩის ტროპიკული ბაღი, ტაილანდი
ბაღები 240 ჰექტარზეა გადაჭიმული და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, რომელიც ორიგინალური დიზაინითა და ლანდშაფტით გამოირჩევა. პარკში შეხვდებით ბონსაის, მინი-სტოუნჰენჯს, ორქიდეების ბაღებს. ყვავილების მრავალფეროვნება და ორიგინალური სკულპტურები ისაა, რითაც ეს ბაღი გამოირჩევა.
ტროპიკული პალმების პარკი, ფლორიდაა, აშშ
უზარმაზარ ფართობზე გადაჭიმულ პარკში იშვიათი ტროპიკული მცენარეეების უზარმაზარი კოლექციაა, მათ შორის პალმები ყველაზე დიდი რაოდენობით არიან. მწვანე მოლით დაფარული ველები და უამრავი მერხი სასეირნო ბილიკების გასწვრივ რელაქსაციისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.
ბაღი-სტუდია მაჟორელი, მაროკო
ბაღი ფრანგმა ხელოვანმა, ჟაკ მაჟორელიმ შექმნა, რომელიც მაროკოში მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდა ეგზოტიკის საძიებლად. ის იმდენად მოიხიბლა ამ ქვეყნით, რომ მიწის ნაკვეთი იყიდა და მაროკოში გადმოსახლდა. მიწის ნაკვეთი მარაკეშის გარეუბანში მდებარეობდა და იდეალური ადგილი იყო ორიგინალური ბაღის შესაქმნელად. ჟაკმა ლანდშაფტის საუკეთესო დიზაინერები მოიწვია, ხოლო მცენარეების მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოიტანა.
..