ახალი წლისა და შობის დღესასწაულებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანი იყრის თავს, რათა დატკბეს ულამაზესი დეკორაციებითა და გემრიელი ტრადიციული კერძებით. ამ ჯადოსნურ ღამეს მხიარული განწყობის შექმნაზე სახელმწიფოებიც ზრუნავენ და ტურისტებისთვის თუ ადგილობრივი მოსახლეობისთვის სხვადასხვა გასართობთან ერთად საახალწლო ბაზრობებს აწყობენ. წარმოგიდგენთ 8 ქალაქს, სადაც ახალი წლის გატარება ნებისმიერი ჩვენგანისთვის საოცნებოდ იქცევა.
1. Nürnberger Christkindlesmarkt - ნიუნბერგი, გერმანია
ნიურბერგის სააშობაო ბაზრობა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უძველესია ევროპაში. ბაზრობა ძველი ქალაქის ცენტრალურ მოედანზეა განთავსებული და 180 წითელი და თეთრი ფერის ჯიხურს აერთიანებს. Nürnberger Christkindlesmarkt ყოველწლიურად ორ მილიონ სტუმარს ნაციონალური საკვებით, სასმელითა და ტკბილეულით უმასპონძლდება.
2. Marchés de Noël - სტრასბურგი, საფრანგეთი
სტრაზბურგს შობის დღესასწაულის დედაქალაქად მოიხსენიებენ: საახალწლო ბაზრობის ტრადიცია 1570 წელს იღებს სათავეს. წლის ყველაზე გამორჩეული დღესასწაული კლებერის მოედანზე იმართება, რომლის ცენტრშიც 30 მეტრიანი ნაძვის ხე დგას. რაც შეეხება მენიუს, სტრაზბურგში ახალი წლის შესახვედრად ჩასულ სტუმრებს საშუალება ექნებათ მიირთვან: ქარვის ლუდი, მჟავე კომბოსტო, მოშუშული ხორცი, შემწვარი წაბლი და თხილის, ფორთოხლის, დარიჩინის, შოკოლადისა და სხვა არომატების მქონე ორცხობილები.
3. Wiener Christkindlmarkt - ვენა, ავსტრია
ვენაში, ქალაქის მერიის შენობის პირდაპირ ყოველწლიურად უდიდესი საშობაო ბაზრობა იმართება. ეს ადგილი განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც ვაშლის შტრუდელი, შემწვარი წაბლი და კარამელში ამოვლებული ხილი უყვარს. სადღესასწაულო ვახშმი კი საშობაო კონცერტით გრძელდება, რასაც ღვინო, პუნში და სპეციალური, გასათბობი შნაპსი მოჰყვება.
4. Stortorget Julmarknad - სტოკჰოლმი, შვედეთი
ყოველ წელს სტოკჰოლმში, ქალაქის უძველეს ნაწილში საშობაო ბაზრობა Stortorget Julmarknad იმართება, რომელიც პირველად 1837 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ისტორიული ატმოსფეროს შენარჩუნებას იდეალურად ახერხებს. დღეისათვის ის 40 წითელ ჯიხურს აერთიანებს, სადაც შებოლილი ძეხვი, ირმის და ლოსის ხორცი, ჯანჯაფილის ორცხობილები და ზაფრანის ფუნთუშების შეძენაა შესაძლებელი.
5. Adventi Ünnep a Bazilikánál - ბუდაპეშტი, უნგრეთი
ბუდაპეშტის მთავარი საშობაო ბაზრობა წმინდა იშტვანის ბაზილიკასთან გეპატიჟებათ. აქ მუშაობს ატრაქციონები, უკრავს ფოლკლორული მუსიკა, შეგიძლიათ შეიძინოთ ღორის ხორცი, იხვის ბარკლები წითელ კომბოსტოსთან ერთად, რომელსაც გიგანტურ ტაფაში ამზადებენ. საღამოს კი რელიგიური თემატიკის შოუ იმართება, სადაც უამრავი ხალხი იყრის თავს.
6. Plaisirs d’Hiver - ბრიუსელი, ბელგია
Plaisirs d’Hiver – 240 ხის ჯიხურისგან შემდგარი ბაზრობა, რომელიც სათავეს გრან-პლასზე იღებს და წმინდა ეკატერინეს მოედანზე მთავრდება. ბრიუსელში ახალი წლის გასატარებლად ჩასულ სტუმრებს მიდიებს, წიწაკიანი მოლუსკებსა და ზღვის სხვა პროდუქტებს სთავაზობენ. ტკბილეულის მოყვარულებს კი შეუძლიათ ბელგიური ვაფლის, შაქრიანი ფუნთუშის, შოკოლადის გასინჯვა.
7. Tivoli Gardens - კოპენჰაგენი, დანია
კოპენჰაგენის ტრადიციული საშობაო ბაზრობა მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს გასართობ პარკში - Tivoli Gardens-ში იმართება. დათოვლილი ხეები, გაყინულ ტბაზე გაკეთებული საციგურაო მოედანი, განათებებით მორთული საქანელები - დანიის დედაქალაში ჩასული სტუმრები ნამდვილ ზღაპარში მოხვდებიან. მაგიდები ერთდროულად ულამაზესი და უგემრიელესია: შემწვარი ღორის ხორცი და წითელი კომბოსტო, სხვადასხვა არომატის მქონე ფუნთუშები - კოპენჰაგენში ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანი დარჩება კმაყოფილი.
8. Vánoční trhy na Staroměstském náměstí - პრაღა, ჩეხეთი
საახალწლო ბაზრობა ჩეხეთის დედაქალაქის მთავარ მოედანზეა გნათავსებული, სადაც უდიდეს ნაძვის ხესთან ერთად ცხოველების მოყვარულებს საშუალება იქნებათ კონტაქტური ზოოპარკითაც ისიამოვნონ. აქ თავმოყრილია უგემრიელესი კერძები და სასმელი - შემწვარი ძეხვი, ბლინები კენრის სოუსით, ფუნთუშები, ჯანჯაფილის კექსები და თაფლის ღვინო.