საქართველოში, როგორც დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაში, მრავალსაუკუნოვანი ნაგებობები მნახველს დღესაც აოცებს.
ზოგიერთი მათგანი საკმაოდ სახეცვლილია, თუმცა უძველეს მატიანეს წარმოადგენს,რომელიც გრძელ ამბავს გვიყვება.
სურამის ციხე
სურამის ციხე შიდა ქართლში, დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, კლდოვან გორაკზე მდებარეობს. ის ისტორიული და მონუმენტური ხელოვნების ნიმუშის მნიშვნელობის მატარებელია.
სურამის ციხის აგების შესახებ სპარსულ და თურქულ წყაროებში საინტერესო ცნობებია დაცული. სურამის დღევანდელი ციხესიმაგრე XI საუკუნეში აიგო, რასაც სურამელთა ცნობილ საგვარეულოს უკავშირებენ და მიიჩნევენ, რომ ეს ციხესიმაგრე მათ რეზიდენციას წარმოადგენდა.
ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელმაც საქართველოში 1672-1673 წლებში იმოგზაურა, წერს: "სურამი დაბას წარმოადგენს, კიდევ უფრო პატარაა, ვიდრე ქალაქი გორი, მაგრამ მის ახლოს დიდი და კარგად ნაგები ციხესიმაგრეა. მისი გარნიზონი ასი კაცისგან შედგება".
არსებობს თქმულებაც, თითქოს მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი. ამ ლეგენდის საფუძველზე დაიწერა დანიელ ჭონქაძის "სურამის ციხე", რომელიც მოგვითხრობს: ციხე რომ აშენებულიყო, მასში უნდა ჩაეყოლებინათ დედისერთა ზურაბი. ამბობენ, იმ მხარეს, სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავს დედის ანკარა ცრემლი. იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს სურამის ციხესთან გამოდის შავებში გახვეული ქალი და ტირილით შეჰღაღადებს ციხის ნანგრევებს: "სურამისა ციხეო,/ სურვილითა გნახეო,/ ჩემი ზურაბ მანდ არის,/ კარგად შემინახეო".
ციხესიმაგრე სხვადასხვა ნაგებობათა კომპლექსია. მასში შედის: გალავანი, ციხე, წმინდა გიორგის ეკლესია და სასახლე.
გორის ციხე
გორის ციხე ქართლის ისტორიული ციხესიმაგრეა, რომელიც გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. წარსულში ის მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა. მისი დაუფლება მთელ შიდა ქართლზე პოლიტიკურ ბატონობას წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა, დღევანდელი სახე კი ციხემ 1774 წელს მიიღო.
ციხესიმაგრე რიყის ქვითაა ნაგები, გამოყენებულია ასევე თლილი ქვაც. ციხესიმაგრის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს. სამხეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს წყლის ამოსაზიდად გვირაბი და წყალსაცავი ჰქონია.
სამწუხაროდ, გორის ციხე 1920 წლის მიწისძვრამ სერიოზულად დააზიანა.
ნარიყალა
ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა და მისი სახელწოდება, მონღოლების ,,ნარინ ქალა“-დან (,,მცირე ციხესიმაგრე“) მომდინარეობს.
დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება.
ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით, კოშკებითა და ბასტიონებით. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაცაა შემორჩენილი. ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული. მას მუდმივად სტუმრობს უამრავი ადამიანი და მნახველთა შორის დიდ ინტერესს იწვევს.
პეტრას ციხე
ისტორიული ციხე-ქალაქი პეტრა ახლანდელი სოფელი ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარეობს. "პეტრა" ამ ციხე-ქალაქის ბიზანტიური სახელწოდებაა, ხოლო "ქაჯეთის ციხე" - ქართული (ვარაუდობენ, რომ "ვეფხისტყაოსანში" სწორედ ეს ციხეა მოხსენიებული).
პეტრას აკროპოლისი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზეა განლაგებული, ხმელეთის მხრიდან გალავნის გარდა, კლდოვანი რელიეფი იცავდა (აქედანაა მისი ბერძნული სახელწოდება "პეტრა" - ქვა, კლდე). პეტრა მიუვალ ციხედ მიიჩნეოდა. ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. არქეოლოგიური კომპლექსი ციტადელს მოიცავს, ასევე გარექალაქსა და ნასახლარს. ციტადელში შემორჩენილია სასახლის, ანტიკური აბანოს, სამეურნეო და ჯარისკაცთა საცხოვრებლების ნანგრევები, მათ შორის VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრის საეპისკოპოსოს კათედრალის ნაშთია.
კოჯრის ციხე (აგარანი)
კოჯრის ციხესიმაგრე აგარანზე გამავალ დიდ საქარავნო გზაზე იყო. ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება როგორც "აგარათა ციხე".
"აგარათა ციხე" ქართველ მეფეთა საზაფხულო სადგომი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, იქ გარდაიცვალა თამარ მეფე. XV საუკუნიდან მას კოჯრის ციხე ეწოდებოდა და სოლაღაშვილებს ეკუთვნოდა.