არაბული Vogue-ის ნოემბრის ნომრის ყდისთვის რიანამ ეგვიპტის ლეგენდარული დედოფლის ნეფერტიტის სტილი მოირგო.
მართალია უძველესი სილამაზის სიმბოლოს იმიჯი რიანას შემთხვევაში უფრო თანამედროვედ გამოიყურება, თუმცა გარკვეული დამთხვევები მაინც არსებობს. გამორჩეული დეტალი, რომელიც ყურადღებას განსაკუთრებით იპყრობს მაგიური თვალებია. ამ იმიჯის სავსებით გათავისებაში მომღერალს მკვეთრი მაკიაჟი და ზურმუხტისფერი ჩრდილები დაეხმარა.
რიანას იმიჯთან დაკავშირებით კითხვები არ ჩნდება - ვარსკვლავი მართლაც ულამაზესია და შერჩეული სტილიც იდეალურად შეესაბამება არაბული გამოცემის მიმართულებას. თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ პოპ ვარსკვლავს არაბულ სამყაროსთან საერთო არ გააჩნია. ნოემბრის ნომრის გამოცემამდე არაბული Vogue-ის ყდისთვის პალესტინელ-ამერიკელი მოდელები ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ალჟირელ-ფრანგი მოდელი ფარიდა ხელფა და სომალელ-ამერიკელი მოდელი ჰალიმა ადენი პოზირებდნენ.