თუ თქვენ ნანახი გაქვთ სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ ალბათ ერთხელ მაინც გაგიჩნდებოდათ შეკითხვა, როგორ ახერხებდა კერი ბრედშოუ ასე მდიდრულად ცხოვრებას - მანჰეტენის ცენტრში კერის ჰქონდა ბინა, მუდამ ტაქსებით დადიოდა, საუზმობდა, სადილობდა და ვახშმობდა ძვირადღირებულ რესტორნებში და თვეში ერთხელ არ უშვებდა შანსს შეეძინა მანოლო ბლანიკის ფეხსაცმელი - და ეს ყველაფერი მხოლოდ გაზეთში ყოველკვირეული სვეტის შედეგად აღებული ანაზღაურებით.
სერიალის გამოსვლიდან 13 წლის შემდეგ „სექსი დიდ ქალაქში“-ის ერთ-ერთმა სცენარისტმა ემი ჰარისმა კერი ბრედშოუს ფინანსებზე გააკეთა კომენტარი - დაუბრუნა თუ არა კერიმ შარლოტას ნიშნობის ბეჭედისგან მიღებული თანხა, მას შემდეგ, რაც საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარა.
„თუ ადამიანებს კერის ნაბიჯები აღიზიანებთ ეს მათი პრობლემაა. მე ყველაფერი მომწონს. მე და სარა ჯესიკა პარკერმა ეს თემა განვიხილეთ. ჩვენ გვჯერა, რომ ბრედშოუმ შარლოტას ყველაფერი დაუბრუნა. ეს არ ყოფილა საჩუქარი, ეს იყო სესხი. სახლთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების შემდეგ კერიმ ჭკუა ისწავლა და ფუფუნების საგნებზე შედარებით ნაკლები თანხის დახარჯვა დაიწყო. ის საკუთარ ანაზღაურებას აღარ ფლანგავდა უკანასკნელ ცენტამდე და ყოველ თვე უწერდა ჩეკს მეგობარს.“
ემი ჰარისმა ასევე გაიხსენა, რომ კერის ფინანსები ყოველთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა სცენარისტებისთვის: „ყველაზე დიდი კამათი ყოველთვის ფულთან იყო დაკავშირებული. დიახ, კერი ყოველთვის ხარჯავდა ფულს იმაზე, რაც მოსწონდა და ძალიან კარგია, რომ მისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. მე მიყვარს ისტორიები ბედნიერი დასასრულით.“