როგორც ყოველთვის, დემნა გვასალიასგან მთელი მოდის სამყარო მუდამ სიურპრიზებს ელის, ის კი მოლოდინს ყოველთვის ამართლებს. პარიზის მოდის კვირეულზე გამართულ "ბალენსიაგას" ჩვენებაში ქართველმა დიზაინერმა ბევრი არაორდინალური რამ შემოგვთავაზა: დოლარების კუპიურებით გაფორმებული კაბები, მოტოციკლეტის საბარგულის ფორმის ჩანთები და Crocs-სთან კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ფეხსაცმელი.
ინოვაციურმა მოდურმა ნივთმა ინტერნეტ-სივრცე უსწრაფესად მოიცვა. მან მოდის სამყარო კრიტიკულად აალაპარაკა, მიუხედავად იმისა, რომ დემნა პირველი არაა ვინც პოპულარული რეზინის სანდლების ბრენდთან თანამშრომლობს. თითქმის 15 სანტიმეტრიანი პლატფორმა "ბალენსიაგამ" დამატებითი ეფექტისთვის შთამბეჭდავად მორთო.
ფეხსაცმელი საკმაოდ კომფორტულია, თუმცა მოდის მოყვარულებმა მის შეძენამდე ნახევარი წელი უნდა იცადონ.