ყველაფერი უბრალო ჰობით დაიწყო, ჰობს კი თეატრალური უნივერსიტეტის სადიპლომო ნამუშევარი უძღვოდა წინ, მაშინ ჯერ კიდევ მეოთხე კურსის სტუდენტი - ნინო ჩხაიძესთვის ტექსტილზე მუშაობა სრულიად უცხო იყო, თუმცა ამ ტექნოლოგიასთან პირველი შეხებისთანავე გაჩნდა ინტერესი, რომელიც უკვე მეცხრე წელია სულ უფრო უღრმავდება. ინტერესის გაღრმავებასთან ერთად გაფართოვდა მისი მუშაობის არეალიც და ძალიან მალე ნინომ ის მიმართულება აღმოაჩინა, რომელიც მისთვის ყველაზე ახლობელი აღმოჩნდა - „ქვილთის“ ტექნოლოგიის შესახებ საქართველოში ძალიან ცოტას თუ სმენია, თუმცა ახალგაზრდა დიზაინერისთვის ეს არა ბარიერად, არამედ დამატებით სტიმულად იქცა. სხვადასხვა ტექსტურის პატარა ნაჭრებისგან აწყობილი, დახვეწილი ნამუშევრები ერთგვარი ეგზოტიკაა ინტერიერის გასაფორმებლად, მაგრამ როგორც ნინო ამბობს „ქვილთი“ ეგზოტიკად მხოლოდ საქართველოში აღიქმება, რადგან ევროპასა და ამერიკაში ეს ტექნოლოგია საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესით სარგებლობს და ხშირად დიასახლისებისთვის ის განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში „ქვილთი“ არც თუ ისე პოპულარულია ,რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ტექნოლოგიის სპეციალისტის მოძიებას ართულებს, ნინომ ტექსტილის კონკრეტულ მიმართულებაში საკუთარი უნარების დახვეწა ინტერნეტის მეშვეობით სცადა. წლების განამვლობაში ეძებდა და უყურებდა სხვადასხვა ინტერნეტ გაკვეთილს, სწავლობდა უცხოელი სპეციალისტებისგან და საბოლოოდ საკუთარი უნარები იმდენად დახვეწა, რომ უცხოეთში ტექსტილის საერთაშორისო ფესტივალზეც მიიწვიეს. მას შემდეგ ევროპასა და ამერიკაში გამართულ ფესტივალებს თითქმის ყოველწლიურად სტუმრობს. ნინოს თქმით უცხოელების მხრიდან საქართველოს მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალია და მიუხედავად „ქვილთის“ ტექნოლოგიით მუშაობაში არსებული სირთულეებისა, ჩვენს საზოგადოებაში მის მიმართ ინტერესის გაზრდა, სწორედ მსგავსი ფესტივალების ჩატარებით არის შესაძლებელი.
მინიატურული უთო, სახაზავი, ნემსი, ძაფი, სხვადასხვა ზომის ნაჭრები - ამ და კიდევ ათობით ხელსაწყოს ერთობლიობით ულამაზესი პეიზაჟების, პორტრეტების, ნატურმორტების, აბსტაქტული ნამუშევრებისა და ყველა სასურველი სურათის შექმნაა შესაძლებელი. ქართველ დიზაინერს ყველაზე მეტად აბსტრაქცია ხიბლავს, თუმცა სხვა სტილში მუშაობაზეც არ ამბობს უარს. ნინომ ძიების პროცესში „ქვილთის“ ტექნოლოგიას ინტერიერის გაფორმების გარდა სხვა დანიშნულებაც მოუძებნა - პატარა ნაჭრების დახმარებით ის ყოველდღიურ სამოსს აფორმებს. ეს იდეა უცხო და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა როგორც ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის, ასევე ტექსტილში მომუშავე უცხოელი სპეციალისტებისთვისაც.
შესაძლოა „ქვილთის“ ტექნოლოგიამ ქართველ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ვერ შეძლო დამკვიდრება, თუმცა ნინოს სხვა, ერთი შეხედვით მარტივი და ამასთანავე საკმაოდ ნოვატორული იდეით ქართველი მომხმარებლები ძალიან მალე მოიხიბლნენ. ბრენდი „ნინელი“ ერთ წელზე მეტია რაც გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და უამრავი ადამიანის დაინტერესება საკმაოდ მოკლე დროში მოახერხა. მისი პოპულარობის საიდუმლო კი საქართველოს რუკაში იმალება. გემოვნებით გაწყობილი პატრიოტული მაისურების შექმნის იდეა შარშან საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან იღებს სათავეს, დღეს კი მას უამრავი ცნობილი თუ არაცნობილი ადამიანის გარდერობში საკუთარი ადგილი უჭირავს. „ნინელის“ მომხმარებელთა სიაში ნანიკო ხაზარაძე, კრისტი ყიფშიძე, ეკო ფანგანი და სხვა ცნობილი ადამიანები არიან. მართალია თავდაპირველად საქართველოს რუკა ბრენდის მხოლოდ მაისურებს ამშვენებდა, თუმცა მოპოვებული წარმატების შემდეგ დიზაინერმა კაბების, ჩანთების და სხვადასხვა აქსესიუარების შექმნაც დაიწყო. როგორც თვითონ ამბობს ეს არის კომერციული პროდუქტი, რომლის შექმნაც არაკომერციული გათვლებითაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ნინო მომავალში სხვა მსგავსი დეტალებისგან შექმნილი სამოსის გამოშვებასაც გეგმავს.
წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნა და მონდომება ნინო ჩხაიძეს საქართველოს საზღვრების გარღვევაში დაეხმარა, თუმცა ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის ერთ-ერთი მთავარი სურვილი ამ საზღვრების კიდევ ერთხელ გარღვევაა, მაგრამ ამჯერად პირიქით - მას სურს უცხოეთიდან საქართველოში დაამკვიდროს ის, რასაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე აკეთებდნენ, თუმცა დროსთან ერთად მათმა შთამომავლობამ დაივიწყა ეს ხელსაქმე და ერთ დროს ძალიან ახლობელი დღეს ეგზოტიკად იქცა.