თაკო ნაცვლიშვილი Victoria’s Secret-ის ყოველწლიური კასტინგის ფინალურ ტურში გადავიდა. საბოლოო ტურის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი, თუმცა მანამდე ჟურნალი OK! თაკოს დედას, ნინო ცქიტიშვილს დაუკავშირდა. ნინომ დეტალურად მოგვიყვა, თუ როგორ მოხვდა თაკო ნაცვლიშვილი ცნობილი ბრენდის ტრადიციულ კასტინგზე და რა მოლოდინები აქვთ მათ.
როგორ მოხვდა თაკო კასტინგზე
ერთი წელია, რაც თაკო Victoria’s Secret-ის კასტინგისთვის ემზადება. როდესაც ჩვენ, ივლისში ნიუ-იორკში ჩავედით თაკო პირადად დაიბარეს Victoria’s Secret-ის სათაო ოფისში და აღფრთოვანებაც ვერ დამალეს. თვითონ ძალიან გახარებული გამოვიდა ამ შეხვედრიდან, რადგან მან კასტინგ დირექტორების გაოცება შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო კასტინგი და თაკო პირადად ჰყავდათ დაბარებული გასაუბრებაზე, როგორც VS შოუსთვის, ასევე Victoria’s Secret-ის სხვა ხაზებისთვის და კატალოგებისთვის. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ სააგენტოში ძალიან დაინტერესდნენ თაკოთი და აღფრთოვანება ვერ დამალეს. სააგენტოში განაცხადეს, რომ ისინი მაქსიმალურად შეეცდებოდნენ, რომ თაკო Victoria’s Secret-ის კასტინგის მეორე ტურში გადასულიყო და მართლაც ყველაფერი გააკეთეს ამისთვის.
ძლიერი მხარე
თაკომ უდიდესი შრომა ჩადო ამ ყველაფერში და ბევრი ვარჯიშისა და სწორი კვების მეშვეობით მოახერხა, რომ ერთ წელში მიეღო ის ფორმები, რომლითაც სააგენტო აღფრთოვანდა. ასევე ძალიან დიდი როლი ითამაშეს პაპარაცებმა - როდესაც მათ თაკოს სურათები გამოაქვეყნეს, თაკოც დათაგეს და მის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოში მალე გავრცელდა. მთელმა სამოდელო სფერომ აღნიშნა, რომ ის გამოირჩეოდა ყველასგან.
ხმის მიცემის სისტემა
ძალიან მადლობელი ვარ იმ გულშემატკივრობისთვის, რასაც საზოგადოების მხრიდან ვგრძნობთ, უბრალოდ გადაჭარბებული არაფერი ვარგა და ისე არ აღმოჩნდეს, რომ მთლიანად ერი გახდეს დაცინვის საგანი, რადგან Victoria’s Secret-ისთვის მოდელების არჩევას არავითარი ხმის მიცემა არ სჭირდება. მოდელებს ქასთინგ დირექტორები არჩევენ და ყველაფერი სააგენტოებზე, აგენტებზე და რაც მთავარია, თვითონ მოდელზეა დამოკიდებული - თუ როგორ წარადგენს მოდელი თავს ქასტინგზე. ხალხმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს! ხმის მიცემის სისტემა კი კონკრეტულმა ქართულმა გვერდებმა მოიგონეს, რაც არ მიმაჩნია სწორად. მიუხედავად იმისა, რომ Victoria’s Secret-ში ამას ყურადღებას არ მიაქცევენ, ჩვენი მხრიდან ეს მაინც ცუდი ტონია.
მოლოდინები
ახლა ბოლო ტურს ველოდებით, პასუხი უკვე ხვალ უნდა გახდეს ცნობილი. თუ თაკო წელს ვერ გახდება Victoria’s Secret-ის მოდელი არც ეს იქნება დიდი კატასტროფა, რადგან მომავალ წელსაც შეძლებს გასვლას. მითუმეტეს იმ წინსვლის შემდეგ, რაც მან ერთ წელში მოახერხა უფრო მეტის იმედიც გვექნება. ძალიან ბევრი ტოპ მოდელი წლების განმავლობაში ცდილობდა „ანგელოზების“ სიაში მოხვედრას, მაგალითად დანიელა ბრაგა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ცდილობდა გამხდარიყო Victoria’s Secret-ის მოდელი, თუმცა მხოლოდ ოთხი წლის თავზე, როდესაც იმედი უკვე გადაწურული ჰქონდა, აირჩიეს ერთ-ერთ მოდელად. თაკოს ფინალურ ტურში გადასვლა ჩვენთვის უკვე დიდი წარმატებაა.