ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ამერიკული "ვოგის" პირველ მოდის პრესკონფერენციაზე სპიკერის სტატუსში მიიღებს მონაწილეობას. Forces of Fashion ჟურნალის 125 წლისთავს ეძღვნება. მასთან ერთად მოდის ინდუსტრიის გამოჩენილი ადამიანები გამოვლენ სიტყვით: ჯონ გალიანო, მარკ ჯეიკობსი და მაიკლ კორსი.
ღონისძიების პროგრამა ასევე ვიქტორია ბექჰემის, სტელა მაკარტნის და მოდის სხვა გამორჩეული ადამიანების სესიებს მოიცავს. მის ფარგლებში დიზაინერები ჟურნალის მთავარ რედაქტორთან, ანა ვინტურთან ერთად მოდის ინდუსტრიის აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრებენ.
"როცა იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ვგეგმავდით, გვსურდა ყველა გავლენიანი დიზაინერი შეგვეკრიბა. მათი შემოქმედება, "ვოგის" მნიშნელოვანი ნაწილია. Forces of Fashion მოდის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს შეკრიბავს, რათა მათ მიმდინარე საკითხები გადაწყვიტონ"-განაცხადა ანა ვინტურმა.
კონფერენცია 12 ოქტომბერს ნიუ-იორკის ფოტო-სტუდიაში შედგება. მასზე დასასწრები ბილეთის საფასური 3 000 ამერიკული დოლარია.