საქართველოში არც თუ ისე ბევრს სმენია, უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მოდელის ქრისტინა ცირეკიძის შესახებ. 33 წლის მოდელი რუსეთში დაიბადა, თუმცა არასდროს უშვებს შანსს ხელიდან, რომ თავის ქართულ წარმომავლობას გაუსვას ხაზი. ქრისტინა წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი წამყვანი მოდელი ევროპისა და ამერიკის სამოდელო ბიზნესში და თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიც არიან Chanel, Comme des Garcons, Emanuel Ungaro, Calvin Klein, Cerruti, D&G, Fendi, Genny, Givenchy, Gucci, Cacharel, Carolina Herrera, Alexander McQueen და სხვები. მან სამოდელო კარიერა 13 წლის ასაკში, მოსკოვში დაიწყო, თუმცა პირველი კასტინგის შემდეგ ორ კვირაშივე პარიზში გაემგზავრა, სადაც სამოდელო კარიერის პარალელურად სკოლაც დაამთავრა.
ქრისტინას საქართველოში არასდროს უცხოვრია. მამა წარმოშობით ტყიბულიდანაა, ხოლო დედა - ანტონინა ცირეკიძე უკრანიდან, თუმცა წლების განმავლობაში მოსკოვში მოღვაწეობდა, სადაც საკმაოდ წარმატებულ ვიზაჟისტად ითვლება. ქრისტინას ასევე ჰყავს და დიანა ცირეკიძე, რომელიც პოპულარული როკ-ჯგუფის Prinzessa Avenue-ს წევრია.
Georgian Godess - ეს მეტსახელი ქრისტინა ცირეკიძეს უცხოეთში შეარქვეს. სამოდელო კარიერასთან ერთად მან ბედი კინოშიც სცადა და სრულმეტრაჟიან ფილმში Double Zero და მოკლემეტრაჟიან ფილმში Aerobic Nightmare-ში ეპიზოდურ როლებში ითამაშა, თუმცა არც ერთ ფილმს დიდი წარმატება არ ხვდა წილად.
შეიძლება ქრისტინას კინო ინდუსტრიაში არც თუ ისე გაუმართლა, თუმცა მოდის სფეროში მის წარმატებას სხვადასხვა წლებში Numéro France, Elle Slovenia, Votre Beauté France, რუსულ და პორტუგალიურ VOGUE-ის გამოცემების ყდებზე მოხვედრაც ადასტურებს.
33 წლის ქართველი მოდელი მილანი-პარიზის რეისზე გაცნობილ იტალიელ ბიზნესმენზეა დაქორწინებული. წყვილმა გაცნობიდან ორი წლის თავზე იქორწინა.