ნინო ცქიტიშვილმა სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. სალომე ღვინიაშვილის მსგავსად ნინო ცქიტიშვილიც სრულიად შემთხვევით ქუჩაში ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა აღმოაჩინა. მას შემდეგ მოდელის ამპლუაში 10 წლის განმავლობაში აქტიურად მოღვაწეობდა, თუმცა ამბობს, რომ საბოლოოდ თავი ამ საქმისთვის დღემდე არ დაუნებებია. შემდეგ კარიერისადმი სიყვარული ბიზნესად აქცია და სამოდელო სააგენტო „Look Modéls Managemént“ შექმნა. 8 წლის განმავლობაში სამოდელო სააგენტოსთან სხვადასხვა ცნობილი ქართველი მოდელები თანამშრომლობდნენ. სწორედ ნინოს სააგენტოდან დაიწყო მისმა შვილმა თაკო ნაცვლიშვილმა სამოდელო კარიერია. თაკო დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელია მსოფლიოში.
როგორ გახდა მოდელი
14 წლის ვიყავი, როდესაც სრულიად შემთხვევით ქუჩაში, იმ დროს ერთ-ერთი წარმატებული სამოდელო სააგენტოს წარმომადგენლმა დამინახა და მათთან თანამშრომლობა შემომთავაზა, მეც დავთანხმდი და მას შემდეგ დავიწყე ამ სფეროში აქტიურად მოღვაწეობა.
რატომ დაანება თავი მოდელობას
საბოლოოდ ამ სფეროსთვის თავი დღემდე არ დამინებებია, რადგან სხვადასხვა რეკლამებში და საქველმოქმედო ჩვენებებში მონაწილეობას ახლაც ვიღებ. თუმცა პოდიუმზე აქტიურად აღარ ვდგავარ. რაღაც პერიოდის განმავლობაში ოჯახთან ერთად უცხოეთში მომიწია ცხოვრება და შესაბამისად საქართველოში მიმდინარე მოვლენებში მონაწილებას ვერ ვიღებდი, მაგრამ არც იქ დამინებებია თავი ამ ყველაფრისთვის და იქ გამართულ გადაღებების დროს პარალელურად ვმუშაობდი.
რამდენად გაუჭირდა აქტიური სამოდელო კარიერისთვის თავის დანებება
აქტიური სამოდელო კარიერიდან წასვლა არ გამჭირვებია, რადგან ეს ყველაფერი მოხდა ეტაპობრივად. ალბათ უფრო გამიჭირდებოდა თუ ამ საქმეს თავს უცებ, ერთბაშად დავანებებდი, მაგრამ ახლაც ამ სფეროს გარშემო ვტრიალებ და მივყვები დინებას.
მოდის სფეროს გარდა
გარდა იმისა, რომ წლების განმავლობასი ვიყავი მოდელი დავამთავრე ამერიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლის ფაკულტეტი და ეს ცოდნა ძალიან გამომადგა ჩემი სამოდელო სააგენტოს მართვაში.
თაკოს შესახებ
როდესაც თაკო პატარა იყო საერთოდ არ მიფიქრია, რომ ისიც ჩემს გზას აირჩევდა და გახდებოდა მოდელი, თუმცა 14 წლის ასაკში თაკომ მითხრა რაც სურდა და მეც მის არჩევანს პატივი ვეცი. მას შემდეგ თაკომ უამრავ წარმატებას მიაღწია და მე მისით ძალიან ვამაყობ, რაც შეეხება იმ ემციებს რომელსაც მისი ნებისმიერი წარმატების დროს განვიცდი ამის გადმოცემა ალბათ სიტყვებით შეუძლებელია.
როგორ ინარჩუნებს ფორმას
ფორმას ძირითადად სწორი კვებით და ვარჯიშით ვინარჩუნებ, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევა არც მჭირდება, რადგან ბუნებრივად მაქვს ესეთი სხეული და არ ვარ მიდრეკილი წონისკენ და არასდროს არ ვიცავ დიეტას.