სალომე ღვინიშვილმა სამოდელო კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო. მას შემდეგ სალომემ უამრავ წარმატებას მიაღწია და მხოლოდ პერიოდული შესვენებების ფონზე, 15 წლის განმავლობაში აქტიურად იდგა პოდიუმზე. მისი სახელი სამოდელო ბიზნესში წლებია აქტუალობას არ კარგავს. როგორც თვითონ ამბობს ამ პროფესიისთვის თავი დღემდე არ დაუნებებია და შეთავაზებები სხვადასხვა ჩვენებებში მონაწილეობის მიღების თაობაზე ახლაც აქვს. უკვე ერთი წელია, რაც სალომემ პოდიუმიდან კულისებში გადაინაცვლა და ახლა თავისი ყოფილი კოლეგებისთვის ქმნის ტანსაცმელს. OK! გთავაზობთ ინტერვიუს სალომე ღვინიაშვილთან, სადაც ცნობილი მოდელი საკუთარი კარიერის განვითარების ეტაპებზე საუბრობს:
როგორ გახდა მოდელი
16 წლის ასაკში ბათუმში ვისვენებდი, როდესაც სამოდელო სააგენტოს „ნატალის" ხელმძღვანელმა ქუჩაში გამაჩერა და მაკა ასათიანის ჩვენებაში მონაწილეობის მისაღებად ქასთინგზე მისვლა მთხოვა. ქასთინგზე მისვლის შემდეგ პირდაპირ გამომიყვანეს ჩვენებაზე და სწორედ აქედან იწყება ჩემი, როგორც მოდელის კარიერა.
მოდელობიდან დიზაინერობამდე
15 წლის განმავლობაში უამრავ ჩვენებაში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა როდესაც შვილები გავაჩინე სამოდელო საქმისთვის შედარებით ნაკლები დრო მრჩებოდა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ორსულიც გამოვსულვარ პოდიუმზე. ორსულობის შემდეგაც ძალიან მალე ვდეგებოდი ფორმაში და მუშაობას ვანახლებდი. რაც შეეხება ჩემი კარიერის დასასრულს შეიძლება ითქვას, რომ მისთვის თავი დღემდე არ დამინებებია. უბრალოდ თავისით დრომ მოიტანა, მივხვდი რომ აღარ მინდოდა გაგრძელება. არც გული დამწყვეტია, რადგან დავუბრუნდი პროფესიას, რომელიც ადრე მქონდა ნასწავლი და ყოველთვის მაინტერესებდა.
ოჯახი და კარიერა
მოდელობა ისეთი პროფესია არ არის საქართველოში, რომ ხელი შეგიშალოს ოჯახთან დიდი დროის გატარებაში. ეხლა კიდევ უფრო დატვრთული გრაფიკი მაქვს ვიდრე მაშინ, როდესაც აქტიურად ვმონაწილებდი ჩვენებებში. ადრე არ იყო Fashion week და მოდელები ძირითადად დაკავებულები ვიყავით გადაღებებით, თუმცა ოჯახისთვის მაინც ძალიან დიდი დრო მრჩებოდა, ბევრად მეტი ვიდრე ახლა.
რას საქმიანობს დღეს
ამჟამად გარდა იმისა, რომ მაქვს საკუთარი დიზაინერული ხაზი, სადაც ვაკეთებ ყველაფერს, ვარ ტელეწამყვანიც. ეს იმდენად შორსაა ჩემი პროფესიისაგან, რომ ვფიქრობ ეს ნაბიჯი ერთგვარი რისკი და ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მიხარია, რომ ამ ორივე საქმეს ერთმანეთს ვუთავსებ.
მოდის გარდა...
მე იმდენად პატარა ასაკში ავირჩიე პროფესია, რომ ხშირად მიფიქრია რამდენად სწორი იყო ეს არჩევანი და გამომივიდოდა თუ არა სხვა საქმე. ძალიან მომწონს ტელევიზია და ხანდახან ვფიქრობ ამ მიმართულებით რომ წავსულიყავი რა იქნებოდა. შეიძლება ძალიან კარგი მსახიობი ან ჟურნალისტიც კი ვყოფილიყავი, ალბათ კარგი იქნებოდა პროფესიონალურ დონეზე, რომ ვიცოდე ეს ყველაფერი. თუმცა დღეს იმითიც კმაყოფილი ვარ რომ მაქვს საკუთარი ბრენდი, რომელსაც საკმაოდ წარმატებით ვამუშავებ.
როგორ ინარჩუნებს ფორმას
სიმართლე გითხრათ ფორმას არ ვინარჩუნებ, იმიტომ, რომ ის ფორმები რაც მქონდა ფაქტიურად აღარ მაქვს, ეს ლოგიკურიცაა - 33 წლის ვარ და სამოდელო კარიერის დაწყების შემდეგ გავაჩინე სამი შვილი. თუმცა წონისკენ მიდრეკილება არ მაქვს და შესაბამისად დიდი ყურადღების მიქცევა ამ საკითხში არ მჭირდება. რა თქმა უნდა ვცდილობ რომ რაღაცნაირად ვაკონტროლო კვება, თუმცა ფორმების დასაყენებლად სპეციალურად არაფერს ვაკეთებ.