მოდის სამყაროში ერთი უჩვეულო კანონი არსებობს: ელი სააბის შოუს ნახვიდან რამდენიმე თვეში იმავე კაბებს წითელ ხალიჩაზე აუცილებლად ვიხილავთ. ამჯერად, პარიზის მოდის კვირეულზე ლიბანელმა დიზაინერმა რამდენიმე აღმოსავლელი პრინცესა გვაჩვენა: დიადემებით, ოქროს ყელსაბამებითა და ბეწვის მოსასხამებით.
კლასიკური სილუეტები, გამოყვანილი წელი - დახვეწილი ქსოვილებისგან შეკერილი სამოსი მდიდრული ნაქარგებით იყო გაფორმებული. მიუხედავად იმისა, რომ კოლექცია მოდის სახლის უკვე ჩამოყალიბებულ ხელწერას ატარებდა, ჩვენებას სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია. ელი სააბმა ბარხატის მეშვეობით, კაბებს ქამრები და ბანტები დაამატა.