დღეს, კენდალისა და კაილის ლიმიტირებული კოლექცია Kendall + Kylie გამოვიდა გაყიდვაში. სოციალურ ქსელებში მან მომენტალურად გამოიწვია მკაცრი განხილვა და კრიტიკა. დებმა ლეგენდარული მუსიკოსების მაისურები შექმნეს: Pink Floyd-ის, Metallica-ს, ბიგისა თუ თუფაქის. ეს ყველაფერი დადებით ემოციებს გამოიწვევდა, რომ არა კენდალისა და კაილის ნოვატორული ჩანაფიქრი. მათ ცნობილი შემსრულებლების ლოგოებსა თუ ფოტოებს ზევიდან საკუთარი პორტრეტები ან დიდი ზომის ინიციალები დაადეს. ამ ფაქტით განსაკუთრებით თუფაქის გულშემატკივრები შეწუხდნენ. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ უამრავ კომენტარში წარმოდგენილია აზრი, რომ ასე მოქცევის უფლება ცნობილ დებს არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, პირველი ტირაჟი უკვე სრულად ამოიყიდა.