ამ წლის დასაწყისში დემნა გვასალიამ გლამურული პარიზი დატოვა და ბრენდ Vetements-ის ოფისი ციურიხში გადაიტანა. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ბრენდისგან მოდის კვირეულებზე გამოსვლას აღარ უნდა ველოდოთ. WWD-სთან ინტერვიუში ქართველმა დიზაინერმა განაცხადა, რომ ტრადიციული შოუს ფორმატისგან დაიღალა და რაღაც სიურპრიზისთვის იწყებს მომზადებას. დემნამ რეკორდულ დროში მიაღწია მსოფლიო მოდაში წარმატებას და თავისი ტანისამოსი უამრავ ცნობილ ადამიანს ჩააცვა.
"რაც Vetements-ის ფარგლებში აქამდე გავაკეთეთ, ძალიან კარგი იყო, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახლა ბრენდს სხვა მიმართულებით განვავითარებთ."
პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში დიზაინერმა საზოგადოებას ახალი უჩვეულო ლუქბუქი წარუდგინა. ფოტოებზე ციურიხის რიგითი მაცხოვრებლები არიან ქალაქის პეიზაჟების ფონზე: სადგურზე, გაჩერებებზე, ხიდზე, პარკში, სატელეფონო ჯიხურებთან და აშ. დემნამ მორიგი სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა და საკმაოდ წარმატებულად.