იგი ცნობილია როგორც სხეულის სკულპტურული აღქმით, ასევე სტრუქტურული სილუეტებითა და მკვეთრი ჭრილებით. მისი ესთეტიკა იმ მომენტიდანვე ასეთი იყო, როდესაც გააცნობიერა, რომ დიზაინერობა უნდოდა, ეს კი შედარებით ახალგაზრდა ასაკში მოხდა. სულ რაღაც 8 წლის იყო, როდესაც უცებ, მშობლების გასაკვირად, კაბების ხატვა დაიწყო. 13 წლის ასაკში თავისი პირველი პატარა კოლექცია შექმნა და კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი თავის ოცნებას Central Saint Martin-ში მიჰყვებოდა და 2009 წელს Harrods Award-ის პრესტიჟული ჯილდო მიიღო, ამ მომენტის შემდეგ კი მისი სახელი მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერ დიზაინერებს შორის მოიხსენიება. მის კაბებს ხშირად ატარებენ გვინეტ პელტროუ, ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი, ევა ლონგორია, ჯენიფერ ლოურენსი, და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
თქვენ ორი სამოდელო სახლის კრეატიული დირექტორი ხართ: „დევიდ კომა“ და „მაგლერი“ (David Koma and Mugler). როგორ ახერხებთ ორი სხვადასხვა შემოქმედებითი პროცესის განცალკევებას და მათზე მუშაობას?
დევიდ კომა: „ვფიქრობ, მთავარი ის არის, რომ ფრანგულ მოდის სახლს თავისი ისტორია, მემკვიდრეობა და წარმომავლობა აქვს, და ჩემი როლი საოცარი Mugler-ის მემკვიდრეობის ხელმძღვანელობაა, ხოლო David-ში განვითარებაზე ვართ კონცენტრირებული და მე სწორედ ამაზე მუშაობა მევალება. ასე რომ, ეს კომპონენტები მეხმარება ამ ორი ბრენდის განსხვავებაში და, რა თქმა უნდა – ჩემი შესანიშნავი გუნდიც. ისინი ძალიან დიდ როლს თამაშობენ ამ ყველაფერში“.
თქვენს ინტერვიუებში ახსენებდით, რომ ელოდით და ყოველთვის იცოდით, რომ ერთ მშვენიერ დღესაც დაგირეკავდნენ და Mugler-ის სახლის ხელმძღვანელობას შემოგთავაზებდნენ. რატომ ფიქრობდით ასე?
არ ვიცი. ვხვდები, რომ ეს უცნაურია, მაგრამ Mugler ჩემი პირველი სიყვარული იყო მოდის სფეროში – დაახლოებით 12 წლის ასაკიდან უკვე მიყვარდა. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი მოდის დიზაინერი მიყვარდა, მაგრამ ის გახლდათ პირველი ბრენდი, რომელზეც დოკუმენტურ ფილმს ვუყურე, სადაც ერთი მარკის რეტროსპექტული და მთლიანი სურათი დავინახე. ეს იყო მანამდე, სანამ „შანელისა“ და „დიორის“ შესახებ გავიგებდი, მაგრამ ერთი სამოდელო სახლის მთლიანი ისტორია არასოდეს შემისწავლია და როგორც აღმოჩნდა, Mugler გახლდათ, რომელმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა და უბრალოდ შემიყვარდა. ცხადია, როდესაც ლონდონში გადავედი, კიდევ ბევრი სხვა დიზაინერი აღმოვაჩინე, რომლებიც ძალიან მიყვარს, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება და სიყვარული არასოდეს დამავიწყდება, თან ეს ბავშვობის ოცნება იყო, რომელიც 12 წლის ასაკში მქონდა, შემდეგ, 16 წლის ასაკში და 20 წლის ასაკშიც კი. ასე რომ, ვფიქრობ, როდესაც რაღაც ნამდვილად ძალიან გინდა და სამყაროსკენ ერთგვარ გზავნილებს მიმართავ, იგი აუცილებლად გიბრუნდება, და მე ის დამიბრუნდა.
რაც შეეხება Mugler-ს, ეს გახლდათ 1980-1990-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენება. მთელი პოდიუმი განსხვავებული იყო. ახლა მოდა ნამდვილად იცვლება და როგორც li Edelkoort-მა თქვა: „მოდა მკვდარია და ჩვენ ახალი იდეები უნდა შემოვიტანოთ“. ეთანხმებით მას?
რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრი არსებობს. დღესდღეობით აუდიტორია უფრო განსხვავებულია. მე მიყვარს მოდა, მიყვარს ჩემი საქმე და ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ რიტმი ძალიან სწრაფია. ყველა ეს წინასწარი კოლექცია და უამრავი ჩვენება ცოტა არეულობას ქმნის, მაგრამ მე ახალგაზრდა დიზაინერი გახლავართ და გამოწვევებისა და ცვლილებების მიღება მიყვარს. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ახალი თაობის მოდის დიზაინერთა ნაწილი გახლავართ, ასე რომ, არ ვწუწუნებ. არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება – ფუფუნება, სილამაზე და ელეგანტურობა ყოველთვის იარსებებს, შესაბამისად მე მხოლოდ ის დამრჩენია ჩემი საქმე კარგად ვაკეთო.