„მარგარიტიფერა“ მარგალიტის სამკაულების ქართული ბრენდია. იგი შექმნის დღიდან ცდილობს, გაანებივროს თავისი მომხმარებელი ხარისხიანი პროდუქციით. აქ შესაძლებელია ნაზი, დახვეწილი და სათუთად შერჩეული მასალისგან სიყვარულით დამზადებული სამკაულების შეძენა ხელმისაწვდომ ფასად. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „მარგარიტიფერას“ დამფუძნებლებს ნინი ლოქაფიშვილსა და ანი რაზმაძეს.
......0
გვიამბეთ „მარგარიტიფერას“ შექმნის ისტორია.
„მარგარიტიფერას” შექმნის იდეა დაიბადა მაშინ, როდესაც გადავწყვიტეთ, გვქონოდა სამსახური ჩვენზე მორგებული გრაფიკით, რომელიც შეეთავსებოდა ჩვენივე სტუდენტურ ცხოვრებას. ვეცადეთ, პანდემიისგან შექმნილი ვითარება ჩვენთვის სასიკეთოდ შემოგვებრუნებინა და გვეპოვა ამ მძიმე დროის დადებითი მხარე. სწორედ ამიტომ ამ პერიოდში გამოთავისუფლებული დროის დახმარებით, შევქმენით ახალი ბრენდი ონლაინ ბაზარზე. რაც შეეხება უშუალოდ მარგალიტის სამკაულებს, დამზადებულია მოოქროვილი ვერცხლისგან. იქიდან გამომდინარე, რომ თავად ჩვენ ყოველთვის მოგვწონდა მსგავსი აქსესუარები და საქართველოს არსებულ ბაზარზე, ჩვენი გადმოსახედიდან, არ იყო წვდომა ისეთ პროდუქციაზე, რომელიც იქნებოდა მაღალი ხარისხის და ამავდროულად ხელმისწვდომი ფასის, გადავწყვიტეთ, თავად შეგვექმნა ბრენდი, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებდა სამკაულების ფართო არჩევანს აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილებით. „მარგარიტიფერა“ დაფუძნდა 2020 წლის 25 მაისს, ხოლო ჩვენი პროდუქცია გაყიდვაში ჩაეშვა ამავე წლის ივნისის თვიდან. სახელის იდეა უკავშირდება ჩვენი საქმიანობის მთავარ პროდუქტს, მარგალიტს. „მარგარიტიფერა“ არის მტკნარი წყლის ნიჟარების ოჯახი, რომელსაც მიეკუთვნება თეთრი, ვარდისფერი, ყვითელი და შავი მარგალიტი.
რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
„მარგარიტიფერა“ მომხმარებელს სთავაზობს ფართო არჩევანს, რაც მოიაზრებს ბუნებრივი მდინარის მარგალიტისგან დამზადებულ სამკაულებს, მოოქროვილ ვერცხლთან კომბინაციით. ჩვენი მარგალიტები არის კულტივირებული, რის გამოც ბევრი მას ხელოვნურ მარგალიტად მიიჩნევს, რაშიც ძალიან ცდებიან. კულტივირებული მარგალიტი იბადება ადამიანისა და მოლუსკის ერთობლივი "ძალისხმევით". თუ ბუნებრივად ზრდადი მარგალიტის ფორმისა და ზომის პროგნოზირება შეუძლებელია, კულტივირების პროცესში უკვე შესაძლებელი ხდება მარგალიტისათვის ფორმის, ზომისა და ფერის მიცემაც კი. რაც შეეხება ვერცხლს, შემოდის სხვადასხვა ქვეყნიდან და ადგილზე ხდება მათი დამუშავება ოქრომჭედლის მხრიდან, შემდგომ კი მარგალიტთან ერთად ვქმნით „მარგარიტიფერას“ ხელნაკეთ სამკაულებს, ბრენდირებული წარმოებითა და შეფუთვით.
რა არის ის მთავარი ნიშა, რაც „მარგარიტიფერას“ გამოარჩევს სხვა ბრენდებისგან?
მთავარი ნიშა, რომელიც „მარგარიტიფერას“ ყველასგან გამოარჩევს, არის სამკაულების ინდივიდუალური ხასიათი. ჩვენს თითოეულ სამკაულს გააჩნია ისეთი დეტალი, რომელიც ადვილად გამოსარჩევია სხვებისგან. ყოველივე ამაში იგულისხმება არა მარტო სამკაული, მისი ხარისხი, ან დიზაინი, არამედ ის მცირე დეტალები, რომლებიც ჩვენს მომხმარებელს თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს, მაგალითად ჩვენი ხელით დაწერილი წერილები, პატარა საჩუქრები წახალისების მიზნით და თითოეულ მომხმარებელზე მორგებული საკურიერო მომსახურება. ყველაზე მეტად კი „მარგარიტიფერას“ გამოარჩევს ის, რომ პროდუქციას ვქმნით დიდი სიყვარულით, შესაბამისად, პირველ ადგილას ჩვენთვის დგას მომხმარებელთა კმაყოფილება, ჩვენი მუდმივი ზრდა და განვითარება. როგორც ცნობილი ფსიქოლოგი დ. კარნეგი იტყოდა, “ბრძენი ადამიანისათვის ყოველდღიურად ახალი ცხოვრება იხსნება“, ხოლო „მარგარიტიფერას“ გუნდისთვის ყოველი დღე ახალ იდეას ნიშნავს, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ განვითარებას.
სად შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?
იქიდან გამომდინარე, რომ „მარგარიტიფერა“ შეიქმნა პანდემიის პერიოდში, ამ ეტაპზე სამკაულების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ, ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდების მეშვეობით. თუმცა, რეგულაციების შეცვლისთანავე გვინდა, მომხმარებელს შევთავაზოთ სივრცე, სადაც შეძლებენ სამკაულების მორგებასა და ადგილზე შერჩევას. აღსანიშნავია ისიც, რომ რეგულაციების გამკაცრებამდე გამოფენებმა მოგვცა შესაძლებლობა, მომხმარებლებს დაეთვალიერებინათ ჩვენი პროდუქცია ახლოდან და იმედია კვლავ გვექნება ამის საშუალება.
სამომავლო გეგმები.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მუდმივად ვცდილობთ განვითარებას, შესაბამისად, ჩვენი სამომავლო გეგმები დიდი და მრავალფეროვანია. გვაქვს ბევრი ახალი ინსპირაცია სამკაულების მიმართულებით, რომელსაც დასჭირდება გარკვეული პერიოდი სისრულეში მოსაყვანად, რადგან ამჟამინდელი პანდემიის რეგულაციები გარკვეულწილად ხელისშემშლელია. გარდა ამისა, ვაპირებთ გაფართოებას აქსესუარების სხვა განხრით, რომელსაც ამჟამად საიდუმლოდ დავტოვებთ და იმედია, მალე მოგვეცემა შესაძლებლობა, ვაცნობოთ სასიხარულო სიახლეები ჩვენს მომხმარებლებს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
Facebook: Margaritifera • მარგარიტიფერა
Instagram: margaritifera.an
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი