იტალიელმა დიზაინერმა ჯანი ვერსაჩემ მოდაზე საუბრის წესები შეცვალა. მან საკუთარი სამოსი პოპკულტურად აქცია. მისი კაბები არ თამაშობდნენ ტრადიციული სარტორიული წესებით. ჯანი იყო დიზაინერი, რომელმაც ხელოვნება, პოპკულტურა, სექსუალურობა და ბრწყინვალე ფერები გააერთიანა, შემდეგ კი ეს ყველაფერი თანამედროვე მოდაში შემოიტანა.
ის იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც სუპერმოდელებისა და სელებრითების ღირებულება გააანალიზა და მოდა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოიტანა.
მისი ფესვები ისტორიულ წარსულში თანამედროვე მოდის არქეტიპებად იქცა. ჯანი ყველაზე "უდრეკი" კლიენტებისთვისაც კი მის ეკლექტიკურ ცოდნას დაუზოგავად იყენებდა და სამოსს ინდივიდუალურ ხასიათს სძენდა. მის კაბებს ჰქონდა ზედმეტი პრინტი, საკმარისზე მეტი ბზინვარება, მან ქსოვილს მეტალის პანელების დეტალებიც კი დაუმატა. იდეა ჯანიმ სუბკულტურებისგან აიღო, ეგრეთწოდებუული უსაფრთხოების ქინძისთავები და ურბანული გრაფიტისგან ნასესხები ნეონური დეტალები კი წითელ ხალიჩასა და პოდიუმზე გამოიტანა.
ჯანი ვერსაჩე ქმნიდა ინდივიდუალური ხასიათის მქონე სამოსს. ეს ხასიათი კი იყო მისი პიროვნების მანიფესტაცია, რომელიც ხელოვნების, კლასიციზმის და პოპკულტურის სინთეზსს წარმოადგენდა. ის იყო გენიოსი, რომელმაც ბერძნულ-რომაული კულტურის, ბიზანტიური ხელოვნების, ბაროკოს, რენესანსის, ნეოკლასიციზმის და თანამედროვე პოპკულტურის ნაერთი შემოგვთავაზა. ჯანის ჰქონდა ბუნებრივი კინოვარსკვლავის სული, რომელიც საკუთარ მე-ს მკაფიოდ გამოხატავდა.
ჯანი არ ქმნიდა მხოლოდ კაბებს, ის ქმნიდა სამოსს, რომელიც ქალებს აძლევდა საშუალებას საკუთარი თავი თავად შეექმნათ. ხშირად მისი ეროტიკული რეკლამები კონსერვატიული პუბლიკის მიერ უარყოფილი იყო, თუმცა ბიზანტიური ვერცხლის ჯვრებით გაფორმებული ლეგენდარული კაბები დეკადების გასვლის შემდეგაც კი გვემახსოვრება. ისევე როგორც ყველასათვის ცნობილი გორგონი, ლეგენდარული მედუზა, მზერა, რომელის არასოდეს დაგვავიწყდება.
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩვენება ვერსაჩეს ისტორიაში 1991 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება იყო, რომლისთვისაც ჯანიმ კაბები ამერიკელი ავანტგარდისტის ენდი ვარჰოლის პოპარტული ფოტოებით მდიდრულად და დახვეწილად მორთო. ის იყო არტისტი, რომელსაც ჯანი მისი მატერიალური კულტურისადმი მიჯაჭვულობის გამო თავის სულიერ მეგობრად მიიჩნევდა. ჯანი საკუთარი თვისებების გამო ხშირად თავს მარკო პოლოსაც ადარებდა, ალბათ რთული მისახვედრი არაა რატომ... ის ხომ გარშემო ყველაფერს აკვირდებოდა და სხვადასხვა კულტურების მიქსტურას გვთავაზობდა.
წარმოგიდგენთ საკულტო კაბებს იტალიური მოდის ლეგენდის შემოქმედებიდან