გლობალური პანდემიის გამო მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ჟამს Netflix-ის ახალი სერიალი „ემილი პარიზში“ მაყურებლისთვის შესანიშნავი განსატვირთი საშუალება აღმოჩნდა. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანტიკული კომედია ახალგაზრდა გოგონას შესახებაა, რომელიც ჩიკაგოდან პარიზში ფრანგული მარკეტინგული ფირმისთვის სამუშაოდ გადადის. კომპანია, რომელშიც სერიალის მთავარი გმილი ემილი კუპერი მუშაობს, ნაკლებად კეთილგანწყობილი თანამშრომლებითაა სავსე, რომლებიც მას ფრანგული ენის არცოდნის გამო კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნიან. პირველი სეზონის განმავლობაში ემილი ცდილობს ფრანგულ მარკეტინგულ ფირმაში მომუშავე პერსონალს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და ამერიკულ კულტურასთან შერწყმით მათ სამუშაოს სიახლე შესძინოს.
ემილის ახალი ცხოვრება თავგადასავლებითა და გამოწვევებითაა სავსე. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, ის ფარხმალს არ ყრის და საკუთარ პოზიციას ყოველთვის მყარად იცავს, ემილი გამუდმებით სამსახურზე ფიქრობს და კომპანიისთვის სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნას ცდილობს. მას სურს კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს უფროსზე და ფრანგული მარკეტინგული ფირმის მოდერნიზაციისთვის ახალ იდეებზე მუშაობს.
Netflix-ის უახლეს რომანტიკულ კომედიას ხშირად ადარებენ ისეთ პოპულარულ პროექტებს, როგორებიცაა: „სექსი დიდ ქალაქში“, „ჭორიკანა“ და „ეშმაკს აცვია პრადა“. თუ მოდისა და კინოს სიახლეებით დაინტერესებული ხართ და ხშირად ადევნებთ თვალს მსგავსი სტილის სერიალებს, უთუოდ შეამჩნევდით მათ შორის მსგავსებას.
ამერიკელი რეჟისორის და პროდიუსერის დარენ სტარისა და კოსტიუმების დიზაინერის პატრისია ფილდის კოლაბორაციით სერიალში უამრავი განსხვავებული ჩაცმულობა შეიქმნა. იქიდან გამომდინარე, რომ პატრისია და დარენი ერთად მუშაობდნენ სერიალზე „სექსი დიდ ქალაქში“ მაყურებლისთვის ბუნებრივია ის ფაქტი, რომ ემილი კუპერის ჩაცმულობა ძალიან ჰგავს ქერი ბრედშოუს სტილს.
„ვფიქრობ, ისევე როგორც მე, ემილისაც ძალიან მოსწონს „სექსი დიდ ქალაქში“, რადგან ქერი ბრედშოუს სტილი ორიგინალურია და ყველასგან განსხვავებული. არ არის გამორიცხული, რომ ემილი იყენებდეს ქერის მოდურ მომენტებს სტილის ინსპირაციისთვის. ეს ბუნებრივია, მათ ხომ ძალიან ბევრი საერთო აქვთ, ორივეს უყვარს ის საქმე, რასაც აკეთებენ და აქვთ გამოცდილება საკუთარ საქმიანობაში.“
„მიუხედავად დიდი მსგავსებისა, ჩვენ არ გვინდოდა შეგვექმნა ახალი ქერი, იმიტომ რომ ის ერთადერთია და განუმეორებელი. ჩვენ გვსურდა შეგვექმნა ახალი პერსონაჟი, ორიგინალური სტილით, რომელიც სხვა ყველასგან რადიკალურად იქნებოდა განსხვავებული. მესმის, როდესაც ემილის პერსონაჟს ქერი ბრედშოუს ადარებენ, რადგან ორივეს უყვარს მოდა. ვფიქრობ ამ შედარების მოსმენა თავად ემილისაც ძალიან ესიამოვნებოდა, თუმცა მას არ ენდომებოდა მისთვის მიებაძა.“ - აცხადებს „ემილი პარიზშის“ მთავარი როლის შემსრულებელი და ამავდროულად სერიალის პროდიუსერი ლილი კოლინსი.
მოდა, კულტურა, რომანტიკა და ფრანგული სამზარეულო, ეს ის დეტალებია, რომლებიც მაყურებლისთვის სერიალში მიმზიდველ გარემოს ქმნიან. სერიალის ერთ-ერთ სერიაში მოქმედება Paris Opera House-ში ვითარდება, რომლის ინსპირაციაც ოდრი ჰეპბერნი გახდა მიუზიკლიდან Funny Face.
„გადასაღებ მოედანზე მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით კი პატრისიასთან თანამშრომლობა, ის მიგზავნიდა ფაილებს და მეკითხებოდა, როგორი სამოსი უფრო მოუხდებოდა და გამოხატავდა საუკეთესოდ ემილის. მას აქვს თამამი და დამოუკიდებელი სტილი, რაც ყველასგან გამორჩეულია და ამისთვის ბოდიშს არასდროს იხდის. ემილი არის რომანტიკული ადამიანი, რომელიც სამსახურზეა ორიენტირებული, მას არ უნდა საკუთარი თავის ბუნებრივი ვერსიის შეცვლა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ემილის პერსონაჟისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, ერთ-ერთი მთავარი კი ის არის, რომ ღიად შეხვდეთ სიახლეებს და წინააღმდეგობის არ შეგეშინდეთ. ეს არის გაკვეთილი, რომელიც მე ცხოვრებისეული გამოცდილებისგან ვისწავლე.
საინტერესო სიუჟეტის პარალელურად სერიალმა მაყურებლის ყურადღება მოდის გამორჩეული მომენტებით მიიპყრო. რომანტიკულ კომედიაში ასახულია პარიზული ცხოვრება, თუმცა სერიალი ბევრი სტერეოტიპული შინაარსის სცენას შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტს დიდი წარმატება ხვდა წილად და საზოგადოების მოწონება დაიმსახურა, ემილის ჩაცმულობა კრიტის ობიექტი არაერთხელ გახდა.
ფრანგი მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ შოუ ეყრდნობა კლიშეებს და ცრურწმენებს, რომლებიც ამერიკელებს მათ საზოგადოებაზე გააჩნია. ემილის ხშირად ახურავს ბერეტი, აცვია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, კოქტეილის კაბები და ფლორალური პრინტით გაფორმებული სამოსი. კრიტიკოსების აზრით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პარიზის ქუჩებში მოსიარულე ემილის ჩაცმულობა ქალაქური ცხოვრების სტილს არ ერწყმის.
ემილის პერსონაჟისგან განსხვავებით, დადებითი გამოხმაურება მოიპოვა მისი ფრანგი მეგობრის ჩაცმულობამ, რომლის როლსაც მსახიობი და მოდელი კამილ რაზატი ასრულებს. მაყურებლის აზრით მისი სტილი უფრო „პარიზული“, ამავდროულად კი მოდური და კომფორტულია. გოგონების რადიკალურად განსხვავებული ჩაცმულობის გამო არსებობს თეორია, რომ ემილის კოსტიუმების უმეტესობაა განზრახაა „არაპარიზულად“ და „უგემოვნოდ“ შექმნილი, რათა ხაზგასმით გამოიკვეთოს განსხვავება თავად ემილისა და მისი ფრანგი კოლეგების სტილს შორის.
სერიალის გარშემო არსებული უამრავი კრიტიკის მიუხედავად ერთი რამ ფაქტია, „ემილი პარიზში“ ძალიან კარგად ასახავს მოდის ინდუსტრიასა და სოციალურ ქსელებს შორის ურთიერთობას, განსაკუთრებით კი ძველ მედიას, რომელიც კვლავ მისტიკურობასა და სოციალურ იერარქიას ეყრდნობა. მიუხედავად იმისა, რომ „ემილი პარიზში“ დაზუსტებით არ ასახავს ქალაქურ ცხოვრებას, მასში მაინც არის ნამდვილი პარიზული ელემენტები, სერიალში ჩანს ისტორიული არქიტექტურული ნაგებობები, ღირსშესანიშნაობები და ფრანგული სამზარეულო.
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალი „ემილი პარიზში“ პირველი სეზონით გვთავაზობს 10 განსხვავებულ ეპიზოდს, რომელიც დატვირთულია მოდური, რომანტიკული და კომედიური ელემენტებით. რამდენიმე კვირის წინ სერიალის შემოქმედებითმა ჯგუფმა ოფოციალურად დაადასტურა მეორე სეზონი, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებელი მალე Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანტიკული კომედიის ახალ სეზონს იხილავს.
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ოქროს გლობუსის ნომინანტების სია, სადაც "ემილი პარიზში საუკეთესო სატელევიზიო სერიალის (Best TV series - musical or comedy) წარდგენილი, ხოლო ლილი კოლინსი სატელევიზიო შოუს საუკეთესო ქალი მსახიობის (Best actress in a TV series - musical or comedy) კატეგორიაშია წარდგენილი.