ირინა შეიხისლამოვა, ბევრისთვის ცნობილი როგორც ირინა შეიკი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია, რომელიც ფართო საზოგადოებამ 2007 წელს როგორც Intimissimi-ის ახალი სახე ისე გაიცნო. წარმატებული კამპანიებისა და პროექტების შემდეგ ირინამ მოდის ინდუსტრიაში მნიშნელოვანი ადგილი დაიკავა, 2010 წელს კი გახდა პირველი რუსი მოდელი, რომელმაც Sports Illustrated-ის გარეკანი დაამშვენა. მიუხედავად იმისა, რომ ირინა ადრეულ ასაკშიც გამოირჩეოდა განსხვავებული გარეგნობით, მისი წარმატების გზა ნამდვილად არ ყოფილა მარტივი. ირინას დედა პიანისტი იყო და საბავშვო ბაღში მუშაობდა, მამა კი მეშახტე, რომელიც პნევმონიით გარდაიცვალა. დედასთან და დასთან ერთად მარტო დარჩენილმა 14 წლის ირინამ გადაწყვიტა ოჯახი თავად ერჩინა და არასდროს დაქორწინებულიყო.
“ყოველთვის ვგრძნობდი, რომ არასწორ სხეულში დავიბადე და ბიჭი უნდა ვყოფილიყავი, ალბათ ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მამაჩემს ყოველთვის სურდა ბიჭი ჰყოლოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ვფიქრობდი, რომ ეს სწორედ ის დრო იყო, როდესაც ოჯახზე მე უნდა მეზრუნა და გადავწყვიტე არასდროს დავოჯახებულიყავი. რა თქმა უნდა, დრო გავიდა და ცხოვრებამ გამზარდა, თუმცა ეს შეგრძნება დღემდე მახსოვს.”
ცხოვრებაში არსებული სირთულეების პარალელურად ირინამ წვრილმანების დაფასება ისწავლა და გააანალიზა, რომ შრომისმოყვარეობით მიღწეული მიზანი უფრო მეტადაა დასაფასებელი. მისი აზრით, ცხოვრება დაუმსახურებლად არაფერს გვიბოძებს, ამიტომ ადამიანებს ურჩევს, რომ არასდროს დანებდნენ და იყვნენ მიზანდასახულები.
“მე ნამდვილად ვისწავლე შრომისმოყვარეობა და არა მხოლოდ იმით დაკმაყოფილება, რასაც ცხოვრება მიბოძებს. ჩემთვის მისაბაძი ადამიანები დედა და ბებია არიან, ძლიერი ქალები, რომლებიც მარტივად არასდროს ნებდებიან. ადრეული ასაკიდანვე ვიცოდი, რომ ცხოვრება დაუმსახურებლად არაფერს გვაძლევს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ ჩვენს სურვილებს და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.“
“ჩემი ბედნიერების გასაღები ჩემი ოჯახია. გამიმართლა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოში გავიზარდე. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ყოველთვის ვზრუნავთ ერთმანეთზე. ჩემი ოჯახი ჩემთვის ყველაფერია, როგორც საფუძველი, ვგრძნობ, რომ მასში ღრმად მაქვს ფესვები გადგმული.”