მოდა არის ის, რაზეც ნამდვილად დაობენ. თითოეული ადამიანის ტანისამოსი კი პატრონის ხასიათსა და შინაგან სამყაროზე მეტყველებს. თუ გსურთ, რომ თქვენთვის შექმნილი ტანსაცმელი ატაროთ, ამაში DODOKA დაგეხმარებათ. OK! ესტუმრა მის დამფუძნებელს დოდო მეფარიშვილს, რათა პირადად გასაუბრებოდა მას.
ორიოდე სიტყვით გვიამბეთ თქვენ შესახებ.
ბავშვობიდან მუსიკით ვიყავი დაკავებული, ვუკრავდი ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე. იქიდან გამომდინარე, რომ შემდეგ პროფესიის შეცვლა მომიწია, დავამთავრე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ლიტერატურის ფაკულტეტი. ვარ 32 წლის და მყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ქალ-ვაჟი. საქსოვ ჩხირებთან არასდროს მქონია შეხება და არც საიმისო დრო, რომ ამ საქმიანობით მიმეღო სიამოვნება. მაგრამ დეკრეტში ყოფნის პერიოდში შევისწავლე ქსოვა. შედეგად კი გადავწყვიტე ჩემი პროდუქციის შექმნა.
როდის გადაწყვიტეთ თქვენი ბრენდის შექმნა და რა იქცა ინსპირაციად?
ბრენდის შექმნის იდეა 4 წლის წინ გაჩნდა, როდესაც ჩემი უფროსი შვილი დაიბადა. მინდოდა მისთვის საკუთარი ხელით მომექსოვა გემოვნებიანი ტანსაცმელი. მოგვიანებით იდეა განვავითარე და დავიწყე უფროსებისთვის ქსოვა.
რა სახის პროდუქციას სთავაზობს DODOKA თავის მომხმარებელს?
ქართული ბრენდი DODOKA 2 წელია, რაც თანამედროვე და მომხმარებლის გემოვნებას მორგებულ ნაქსოვ ჟაკეტებსა და აქსესუარებს აწარმოებს. ბრენდის მიერ გამოშვებული პროდუქცია მოიცავს როგორც ხელით, ისე დაზგაზე ნაქსოვ ტანისამოსს.
გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი ბრენდის კოლექციის შექმნის პროცესზე.
რაც შეეხება შექმნის პროცესს, უპირველეს ყოვლისა, ვმუშაობ იდეის დახვეწაზე და ვცდილობ, ავუწყო ფეხი თანამედროვე მოდას. შემდეგ კი ვუკვეთავ მაღალი ხარისხის ძაფს. პროდუქტი იქმნება სახლში. ტანისამოსის შექმნის პროცესში ჩართულია კიდევ ერთი ხელით მქსოველი. მომხმარებელთან შეთანხმებით ქსოვისას ვიყენებთ დაზგას და ვქარგავთ ხელით. ყველაზე რთული ესკიზის მოსაქსოვად 9-10 დღე მჭირდება. ამის მერე ვარგებ მოდელს, ვუღებ ფოტოს და ვათავსებ სოციალურ ქსელში მისთვის განკუთვნილ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ ბრენდი მუდმივად ცდილობს განვითარდეს და მომხმარებელს შესთავაზოს პროდუქციის ფართო არჩევანი. ბრენდის სამიზნე სეგმენტი მოიცავს როგორც ქალბატონებს, ისე ბავშვებს, მოზარდებსა და მამაკაცებს.
რას იტყვით პროდუქციის ხარისხისა და ფასის შესახებ?
ვმუშაობ იმისთვის, რომ ხარისხიანი პროდუქცია შევქმნა. გამოყენებული ძაფი არის მაღალი ხარისხის და შესაბამისად, ბრენდის პროდუქციის ფასიც შესაფერისია. თუმცა მაინც ვცდილობ მოვერგო მომხმარებელს და შევქმნა ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი. DODOKA ქმნის მხოლოდ ერთ მოდელს და არ იქსოვება სერიებად. მხოლოდ იმ შემთხვევაში მეორდება მოდელი, თუ მომხმარებელი უკვეთავს უკვე არსებულის მსგავსს.
სად შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?
DODOKA-ს პროდუქცია მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ონლაინ მაღაზიით, სადაც ხდება შეკვეთის მიღება და ასევე ბათუმში 26 მაისის 32 ნომერში არსებულ „ქართული სამოსის“ მაღაზიაში.
გვესაუბრეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.
ბრენდის შექმნის დღიდან მომხმარებელი კმაყოფილია და მოთხოვნაც სტაბილურად ზრდადია. DODOKA შექმნის დღიდან აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა აქტივობაში. 2018-2019 წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული ბათუმის საერთაშორისო ექსპოტურიზმის გამოფენაში, 2019 წელს კი თბილისი მოლის შოუ რუმში. სამომავლოდ DODOKA გეგმავს გააფართოვოს წარმოებული პროდუქცია და გავიდეს უფრო ფართო სეგმენტზე. მომავალი წლის შემოდგომას იგეგმება ჩვენების გამართვა Tbilisi Fashion week-ზე. ძალიან მინდა გავხსნა სასწავლო სკოლაც, სადაც ასწავლიან ხელითა და დაზგით ქსოვას, ქარგვასა და კერვას.
ავტორი: მარიამ მთივლიშვილი