„ხელოვანი მშვენიერების შემოქმედია“, როგორც ოსკარ უაილდი იტყოდა. ის, რასაც საკუთარი ხელით ვქმნით, ხშირად ჯერ ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, შემდეგ კი მათი მოთხოვნილების საგანი ხდება. თითოეული დიზაინერი წყვეტს დღეს, თუ როგორი ტანისამოსი იქნება მოდური ხვალ. OK! ესტუმრა ქართველ დიზაინერ მარიამ ჯანელიძეს და ესაუბრა მისივე ბრენდ Mariammor - ის შესახებ.
მარიამ, ორიოდ სიტყვით გვიამბეთ თქვენ შესახებ.
მე 19 წლის მოცეკვავე და დამწყები დიზაინერი ვარ. 6 წლის ასაკში დედამ ქართულ ცეკვებზე შემიყვანა, რადგან დიდი სურვილი მქონდა დიდ სცენაზე ცეკვის. ამის პარალელურად, ვმღეროდი და ფორტეპიანოზე ვუკრავდი, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესწავლით ყოველთვის ვიყავი დაკავებული, მინდოდა ხატვა და ამ კუთხითაც თავის შეცნობა. თავდაპირველად ნატურმორტებისა და პეიზაჟების ხატვა დავიწყე, შემდეგ კი ესკიზებზე გადავედი. ეს პროცესი იმდენად შემიყვარდა, რომ სულ მალე დიზაინერობა გადავწყვიტე. შევქმენი ბრენდი Mariammor და დღეს ამ საქმეს დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ვეკიდები.
რა სახის პროდუქციას სთავაზობს Mariammor თავის მომხმარებელს?
ამჟამად კოლექციაში წარმოდგენილი გვაქვს მხოლოდ კლასიკური პიჯაკები, შარვლები, კაბები და ა.შ. მაგრამ იდეაში არის ქალისა და მამაკაცის სპორტული ხაზიც, სადაც ფეხსაცმელებსაც შეხვდებით. საკმაოდ ბევრი იდეა მაქვს, რომლის განხორციელებასაც Mariammor - ის გუნდთან ერთად ეტაპობრივად ვგეგმავ.
მარიამ, გვიამბეთ თქვენი ბრენდის კოლექციის შექმნისა და მოდელების შერჩევის პროცესის შესახებ.
კოლექციის შექმნის პროცესი არც თუ ისე მარტივად მიმდინარეობს, რაც განპირობებულია ჩემი ცვალებადი ხასიათით. უკვე შექმნილ ესკიზს ხშირად ვუცვლი დეტალებს, თუმცა საბოლოოდ კარგ შედეგს ვიღებ. კოლექციის ესკიზებს ვქმნი მე, მათ განხორციელებაზე კი Mariammor - ის 5 თავისი საქმის პროფესიონალი თანამშრომელი მუშაობს. რაც შეეხება მოდელების შერჩევის საკითხს, მომწონს ბუნებრივი და არტისტული სახეები.
რას იტყვით პროდუქციის ხარისხისა და ფასის შესახებ და სად შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქციის ხარისხი ფასზე მაღალი იყოს. რაც შეეხება მათი შეძენის საკითხს, ანა ქოჩიაშვილმა შემომთავაზა თავისი საიტი @CARTOOLI, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. ანამ საშუალება მომცა, Mariammor- ის პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაგვეყიდა. რაც შეეხება მაღაზია (შოურუმს), ვგეგმავთ ფილიალების გახსნას, როგორც საქართველოს დიდ ქალაქებში, ისე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.
გეგმავთ თუ არა ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც თქვენი ბრენდის პოპულარიზებას შეუწყობს ხელს?
რა თქმა უნდა, ბევრი რამ მაქვს გეგმაში, რასაც ეტაპობრივად განვახორციელებ, შედეგს კი მომხმარებელი აუცილებლად იხილავს.
ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ამ საქმეში?
ყველაზე დიდი გულშემატკივრები ჩემი ოჯახი და მეგობრები არიან. დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს გვერდში დგომისა და ნდობისთვის.
ავტორი: მარიამ მთივლიშვილი