ჰარი სტაილსი არის მომღერალი, რომელსაც ხშირად ახალგაზრდა თაობის საუკეთესო შემსრულებლად მოიხსენიებენ. 26 წლის ინგლისელმა ვარსკვლავმა ჩამოაყალიბა საკუთარი სტილი, ინდივიდუალური მახასიათებლებით, გამორჩეული გარეგნობითა და რაც ყველაზე მთავარია ხარისხიანი მუსიკალური ნამუშევრებით. ჰარი თინეიჯერების საყვარელი არტისტიდან გლობალურ პოპვარსკვლავად იქცა. მის ნიჭს, მომხიბვლელობასა და სტილს ერთვის მაგნეტიზმი, რაც მის არტისტულობასა და ენერგიულობასთან ერთად ჩვენს დროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად აქცევს. მას შეუძლია კარიერული საქმნიანობიდან აიღოს პაუზა და შემდეგ ინდუსტრიას იმავე ენთუზიაზმით დაუბრუნდეს.
მუსიკალური ინდუსტრიის გარდა ჰარი მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია, ის დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ჩაცმულ მამაკაცად განიხილება. არ აქვს მნიშვნელობა მას Saint Laurent-ის პიჯაკი აცვია, თუ Gucci-ის აბრეშუმის პერანგი, მუსიკოსი ყოველთვის ინარჩუნებს ინდივიდუალურ სტილს, ის არამხოლოდ წითელ ხალიჩასა და გლამურულ წვეულებებზე შერჩეული ეპატაჟური სამოსით, არამედ ორიგინალური ქუჩის სტილითაც გამოირჩევა. შეგახსენებთ, რომ ჰარი 2019 წელს Met Gala-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თანაორგანიზატორად დაასახელეს, 2020 წელს კი GQ-ის საუკეთესოდ ჩაცმული მამაკაცების სიაში შევიდა.
ჰარი სტაილსი გახდა პირველი მამაკაცი, რომელმაც ამერიკული Vogue-ის სოლო გარეკანი დაამშვენა. წარმოგიდგენთ შემსრულებლის უახლეს ფოტოსესიას გამოცემის დეკემბრის ნომრისთვის.
ფოტოგრაფი: Tyler Mitchell
სამოსი: Gucci