„თარგ-ბოქსი“ − ეს არის სრულიად ახალი და განსხვავებული კონცეფციის ბოქსი, რომლის ყუთში მომხმარებლები აღმოაჩენენ ისეთ ნივთებს, როგორსაც მათ სხვა არცერთი კომპანია არ სთავაზობს. აქ თქვენ შეხვდებით თარგებს, ქსოვილებს, ინსტრუმენტებს, გასაფორმებელ ატრიბუტებს და ქალბატონებისთვის სხვა საჭირო და აუცილებელ ნივთებს. OK! „თარგ-ბოქსის“ იდეის ავტორს, ეკა ღლონტს ესაუბრა.
საიდან და როდის გაჩნდა „თარგ-ბოქსის“ იდეა?
„თარგ-ბოქსის“ იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო შინ „ჩავიკეტეთ“ და შეგვეზღუდა ბევრი შესაძლებლობა. ვიფიქრე მათთვის, ვისაც უყვარს შემოქმედება: კერვა, ხატვა და სხვ. კარგი იქნებოდა არსებობდეს ყუთი, სადაც თავს მოიყრიდა ყველაფერი − თარგიდან დაწყებული, ქსოვილით დამთავრებული.
ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?
ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან ქალბატონები, ყველა ასაკის. ისინი, ვისაც უყვართ ხელსაქმე და სურთ თავად შექმნან ის, რასაც შემდეგ ტანზე მოირგებენ − სულერთია, აქვთ თუ არა ამ სფეროში გამოცდილება.
როგორ ხდება ბოქსის შეძენა/გამოწერა?
ბოქსის შეძენის პროცედურა ძალიან მარტივია: ჩვენს Facebook ან Instagram-გვერდზე მოგვწერთ თქვენს ელექტრონულ მისამართს, სადაც ჩვენ გამოგიგზავნით ინსტრუქციას, რომლის გავლის შემდეგ თარგ-ბოქსი უკვე თქვენი სახლის კარამდე მოვა.
რისგან შედგება ბოქსები?
„თარგ-ბოქსის“ გამომწერი მასში აღმოაჩენს: თარგებს, ქსოვილს, ინსტრუქციას და ინსტრუმენტებს.
რამდენ ხანში ერთხელ შეგვიძლია ბოქსის გამოწერა?
„თარგ-ბოქსი“ გამოდის თვეში ერთხელ.
რა არის ბოქსის ღირებულება?
ბოქსის ღირებულება 50 ლარია.
სამომავლო გეგმები.
მომავალში ვაპირებთ უფრო და უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ „თარგ-ბოქსის“ შიგთავსი. ასევე სულ მალე მყიდველს შეეძლება წინასწარ შეავსოს კითხვარი, რომლის მიხედვით ჩვენ სხვადასხვა გამომწერს მათი გემოვნებისა და სურვილის მიხედვით ავურჩევთ სხვადასხვა თარგის მოდელს, ქსოვილის ფერს, ტექსტურას და ა.შ. ჩვენს ერთგულ მყიდველებს კი მრავალი საჩუქრით გავაოცებთ.