ლევან სურამელაშვილის ერთ-ერთი ევროპული მოგზაურობა იმ მთავარ თავგადასავლად იქცა, რომელიც სამშობლოში გაგრძელდა, რადგან შთაბეჭდილება საკუთარ გამოძახილს, პროფესიულ გემოვნებას დაუკავშირა და თან ჩამოიტანა. ტურისტულ დღეებს ადამიანების აღმოჩენა მოჰყვა, რომელთაც თავიანთი სტილი იდენტობის ხაზგასმით, აქსესუარებით შეექმნათ. ლევანის გატაცება დიზაინით კი ყოველთვის სწორედ იმ იდეას ეფუძნებოდა, რომელიც სამყაროში ადამიანის ადგილის, მისი ინდივიდუალიზმის წარმოჩენას გულისხმობს.
შთაგონებითა და დიზაინერის შემოქმედებითი პრინციპებით, ბრენდი „თერთმეტი“ შეიქმნა, რომელსაც ისეთივე ჯადოსნური ისტორია გასდევს, როგორი მომნუსხველი ძალაც პროდუქციის თითოეულ ნიმუშს აქვს − ჩანთებს, რომლებიც სიცოცხლეზე შეყვარებულ, მარად ახალგაზრდა პერსონებს ამშვენებს.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ლევანის ცხოვრებაში საკრალური დრო დადგა − რიცხვი 11 საოცარი სიხშირით თვალში ხვდებოდა, იდუმალი დამთხვევების მიღმა მოკვლევამ დიზაინერი ფაქტის განმარტებასთანაც მიიყვანა: „თუკი თქვენს ცხოვრებაში რიცხვი 11 გამოჩნდება, იგი აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას“.
ამბის ასეთივე დაუჯერებელ განვითარებად ის ფაქტი იქცა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, როცა კი საათს დახედავდა, ციფერბლატი 11:11-ს აჩვენებდა, ემთხვეოდა დრო და გაზაფხულის პირველ თვეს, 11 მარტის 11:11 საათზე შემთხვევის მორიგ ჯერზე განმეორებისას, ლევანმა მეგობარს სთხოვა ფაქტის განმარტების მოძიებაში დახმარებოდა. ვრცელი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, რომელიც ლევანს წარმატებას ჰპირდებოდა, ის ბიძგად გაჩნდა, რამაც ახალგაზრდა დიზაინერს ჩანთების შეკერვა გადააწყვეტინა. „თერთმეტი“ ამ დღიდან იღებს სათავეს...
გასაკვირი არაა, რომ მსგავსი წინარე ისტორიის მქონე ბრენდის მცირეხნიანი არსებობის განმავლობაშიც კი, წარმატებაც ასეთივე თავბრუდამხვევი აღმოჩნდა. პროექტის ავტორი OK!-ის თავად უამბობს იმას, რისიც ასე სწამს, რომ ყველაფერი კავშირშია...
როგორ იხსენებთ პირველ ნაბიჯებს „თერთმეტის“ დაარსების დღიდან და რა ტიპის სირთულეებთან გამკლავება შეძლო ბრენდმა საკუთარი ძლიერი იდენტობის ხარჯზე?
„თერთმეტის“ შექმნის იდეა ცენტრალურ ევროპაში გატარებული მოგზაურობის შემდეგ გამიჩნდა. იქ დავაკვირდი არაერთ ადამიანს, რომლებიც საკუთარ სტილს თავიანთი აქესესუარებით ქმნიდნენ. ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება ჩანთებმა (კერძოდ, წელის ჩანთებმა) და უფრო პატარა, საინტერესო ისტორიის მთხრობელმა აქსესუარებმა მიიქცია.
როდესაც საქართველოში დავბრუნდი, მივუჯექი „ზინგერის“ ძველებურ საკერავ მანქანას, რომელიც ჩემი ოჯახის რელიკვიაა და საკუთარ ოთახში სადებიუტო კოლექციის შექმნა დავიწყე. ნამუშევრებმა მალევე გამოიწვია დაინტერესება, მამხნევებდნენ ერთგული მეგობრები, ოჯახის წევრები და მომხმარებლები. ბიზნესსაქმიანობაში გათვითცნობიერებული ახლობლებისგან კარგი რჩევებიც მივიღე, რაც ჩემი წამოწყების გაფართოებაში დამეხმარა.
ის დიდი მოლოდინი, რომელიც ჩემს გულშემატკივრებს დასაწყისიდანვე ჰქონდათ, ჩემთვის მთავარ მოტივაციად იქცა.
რთული არ ყოფილა ბრენდ „თერთმეტის“იდენტობის ჩამოყალიბება, რადგან ჩემს გემოვნებასა და ხედვასთან შესაბამისად, ბუნებრივად მივსდევდი ექსპერიმენტებს, რომელმაც სახე შექმნა.
როგორ ფიქრობთ, რა მსგავსებაა თქვენსა და ბრენდის ხასიათს შორის?
ბუნებით პოზიტიური, კრეატიული ადამიანი ვარ და შთაგონებას ბევრი ისეთი რამისგან ვიღებ, რაც მუშაობის დროს თვითგამოხატვაში მეხმარება. ძალიან ცნობისმოყვარე გახლავართ − მიყვარს ახალ-ახალი რაღაცების სწავლა და ადამიანების გაცნობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეგობრობაში ყველაზე მეტად სიკეთესა და გულწრფელობას ვაფასებ. სწორედ ეს თვისებები განაპირობებს იმას, თუ როგორ ვცხოვრობ. ძალიან მწამს ღმერთის და იმის, რომ ჩვენ შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად, ყველანი ერთმანეთთან რაღაც უხილავით ვართ დაკავშირებულნი. ვფიქრობ, თითოეული ეს თვისება ჰოლისტიკურად გარდაიქმნა ჩემ მიერ წარმოსახულ ბრენდში. ადამიანები მეუბნებიან, რომ ჩემი ნამუშევრები მთლიანობას გამოხატავს. მავსებენ ბრენდის ის ლოიალური მომხმარებლები, რომლებმაც „თერთმეტის“ ჩანთების შეგროვება დაიწყეს. ჩემთვის მთავარია ხარისხი და სწორედ ამიტომ, თითოეული ჩანთა მაღალი სტანდარტით მზადდება, გამოყენებულია ქსოვილები, რომლებიც გულდასმითაა შერჩეული ჩემ მიერ.
რასთან გსურთ ასოცირდებოდეს „თერთმეტი“ მომხმარებლის წარმოდგენაში?
TERTMETI ასოცირდება ჩვენი მომხმარებლების სურვილთან, ხაზი გაუსვან საკუთარ ინდივიდუალიზმს, ადგილს სამყაროში. TERTMETI-ის მომხმარებელს სურს, მისი ინდივიდუალიზმი წარმოჩენილი იყოს იმ არაჩვეულებრივი ჩანთით, რომელსაც ატარებს. ჩვენს მომხმარებელს ესმის, რომ სწორად შესრულებულ პატარა დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ხაზს უსვამს პიროვნების ინდივიდუალიზმსა და გემოვნებას. სწორედ ესაა ბრენდ TERTMETI-ს ფილოსოფია.
როგორ იხსენებთ პირველ წარმატებას?
ჩემი პირველი წარმატება იყო, როდესაც საკუთარი ჩანთების გასაყიდად „ფაბრიკაში“ გამართულ გამოფენაზე მიმიწვიეს. ყოველწლიურად, გამოფენაზე ასობით აპლიკანტი იყრის თავს და ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო, რომ შერჩეულ არტისტებს შორის აღმოვჩნდი. გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ რამდენიმე თვის დაწყებული მქონდა ჩანთების შექმნა.
TERTMETI-მა ადრეულ ეტაპზევე მიიპყრო სხვადასხვა გამოფენის ორგანიზატორთა ყურადღებაც და მე ძალიან მადლიერი ვარ იმ არაჩვეულებრივი ადამიანების, რომლებსაც ჩემი სჯეროდათ და მომცეს ეს შესაძლებლობა. სწორედ ამ პირველმა, დიდმა გამოცდილებამ შემმატა თავდაჯერება და ვიგრძენი, რომ ჩემი შრომა დაფასებული იყო. ეს შეგრძნება დამეხმარა ბრენდის განვითარებასა და ჩემს პროდუქციაზე მოთხოვნის ამაღლებაში.
ემოციური მიჯაჭვულობა მაქვს საკუთარი ნამუშევრების მიმართ და მსიამოვნებს, როდესაც ადამიანები დადებით შეფასებებს მაძლევენ. სწორედ ეს მძენს მოტივაციას, ჩემი საქმიანობა გავაგრძელო. როდესაც ქუჩაში ადამიანებს ჩემი ჩანთებით ვხედავ, ვგრძნობ, რომ ისინი თავდაჯერებულები ატარებენ ამ აქსესუარს. ეს ნამდვილად მოტივატორია ჩემთვის.
რა არის ბრენდის მთავარი დევიზი?
TERTMETI-ში გვჯერა, რომ სიცოცხლე ის მოგზაურობაა, რომელშიც აუცილებლად უნდა იქონიო კარგი ჩანთა.
ვისთვის არის „თერთმეტი“?
TERTMETI განკუთვნილია ახალგაზრდა, ან გულით ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომლებიც აფასებენ მოდას და მოსწონთ ელეგანტური ბრენდები. ჩვენი მომხმარებელი ამაყობს საკუთარი სტილით და უპირატესობას ანიჭებს დახვეწილობასა და ხარისხს, ვიდრე „ხანმოკლე“ მოდას.
გვიამბეთ იმ მთავარ მიღწევებზე, რომელსაც „თერთმეტმა“ არსებობის დღიდან მიაღწია. რის ხარჯზე ხდებოდა ეს?
გამიმართლა, რომ მთელი რიგი შემთხვევები, რომლებმაც ხელი შემიწყო ბრენდის ჩამოყალიბებაში, მოხდა ძალიან სწრაფად. ჩემი ჩანთების გაყიდვა დავიწყე რამდენიმე მარკეტზე. გაყიდვების რაოდენობამ მალევე მომცა საშუალება, ამეყვანა დამხმარე პერსონალი, გამეხსნა „შოურუმი“, გადამეტანა ჩემი წარმოება უფრო დიდ ატელიეში და შემექმნა ვებგვერდი.
ასევე, ჩემ შესახებ დაიწერა ჟურნალ Entrepreneur Startup-ში. ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩემი ბრენდის პროფილი და ძალიან მადლიერი ვარ ამ გამოცდილებისთვის. ასევე, გავიცანი ინდუსტრიის ექსპერტები და დავიმსახურე დადებითი შეფასება იმ დიზაინერებისგან, რომელთა ნამუშევრები სამაგალითოა და მათგან ვიღებდი ინსპირაციის გარკვეულ ტალღას.
როგორია მთავარი პრინციპები, რომლითაც ბრენდს ხელმძღვანელობთ?
TERTMETI-ს მოწოდებაა შექმნას მაღალი ხარისხის აქსესუარები, რომელიც ფუნქციური, მოდური და ტრენდულია. ბრენდი ქმნის ინოვაციურ ნამუშევრებს, რომლებიც ერთდროულად მარტივი და დახვეწილია.
რა პერსპექტივები ჩანს „თერთმეტის“ საქმიანობის ასპარეზზე?
ჩემი მიზანია TERTMETI-ის კოლექცია ქართული მოდის კვირეულისთვის მოვამზადო და უფრო ახლო კავშირი დავამყარო იმ გამოცდილ ქართველ არტისტებთან, დიზაინერებთან, რომლებიც შთამაგონებენ. მოხარული ვიქნებოდი მქონოდა კოლაბორაცია სხვა ქართველ დიზაინერებთან და აღმომეჩინა სხვადასხვა შესაძლებლობა მსოფლიოს გარშემო.
TERTMETI-ს საერთაშორისო, მაღალი დონის ბრენდად გარდაქმნა ჩემი უპირობო მიზანია. აგრეთვე, ჩემთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკის ხელშეწყობა. როგორც ქართველს, მინდა ბრენდი უფრო ცნობადი გახდეს გლობალურ მოდის ქსელში და გაცილებით მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომ ქართველებს აქვთ უნიკალური ხედვა და მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ღირსეული ადგილი ეკუთვნით.