ჟურნალი OK! გიამბობთ ტანსაცმლის ბრენდ RECKLESS-ის შესახებ, რომელიც მორგებულია თინეიჯერთა გემოვნებას. მომხმარებელს ამ ბრენდის ტანსაცმლის შეძენა შეუძლია ვებგვერზე: RECKLESS.GE და გალერეა 4710-ის მაღაზიაში. კოლექციაზე დატანილი პრინტები სხვადასხვა დატვირთვის მატარებელია, რაზეც უფრო ვრცლად ბრენდის დამფუძნებელი, სალომე გველესიანი გვიამბობს.
როგორ დაიწყო ყველაფერი?
ბრენდის დაარსების იდეა ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ გამიჩნდა. მინდოდა, მისი განსაკუთრებული სტილი, ხედვა, სიყვარული, მასალები, რომლებიც დატოვა ნახატებისა და მუსიკის სახით, სხვა ფორმით, სხვა მედიუმში მუშაობით გამეგრძელებინა. მეპოვა გზა, რომლითაც მის არსებობას გავაგრძელებდი. გადავწყვიტე, რომ სამოსი იქნებოდა ის, რაშიც შევძლებდი ყველა იდეის განხორციელებას. ტანსაცმელი, რომელსაც ექნებოდა ფაქტურა, ფერი, ფორმა, შინაარსი, და რომელზეც სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოსაზრების დატანა იქნებოდა შესაძლებელი. შევხვდი თბილისის დიზაინისა და ვიზუალური ხელოვნების სკოლის სტუდენტებს, რადგან თავიდანვე მინდოდა, რომ დიზაინზე ემუშავათ თინეიჯერებს – პრობლემები, რომლებიც თითოეული ადამიანის ცხოვრებაში თინეიჯერობის პერიოდში დგება, მათზე კარგად სხვამ არავინ იცის. შევხვდით ერთმანეთს და მოვილაპარაკეთ. თავიდან სატესტო რეჟიმში დავიწყეთ მუშაობა. რამდენიმე ახალგაზრდა იყო, თუმცა დარჩნენ ისინი, რომელთანაც ყველაზე მჭიდროდ შევმუშავდი, რომელთა ხედვა და გემოვნება ერთმანეთს ემთხვეოდა. დღეს კი მუშაობს 3 დიზაინერი: მასუ მწარიაშვილი, ლიზა ყაჯრიშვილი და ანკა ქოიავა.
დღევანდელი გადმოსახედიდან, რა მიგაჩნიათ ბრენდის მთავარ კონცეფციად?
როგორც უკვე აღვნიშნე, ძირითადი მიზანია, ტანსაცმელმა აჩვენოს ამ თაობის პრობლემები, მარტოსულობა, გაუცხოება, სირთულეები. მიუხედავად მათი კომუნიკაბელურობისა და ვიზუალურად იმ განსხვავებისა, რომელიც 1990-ანების ახალგაზრდებს ჰქონდათ, არანაკლებ დიდი პრობლემები აქვთ, არანაკლებ სტკივათ, უხარიათ. მოკლედ, კომუნიკაცია, რომელიც წყდება თინეიჯერობის ასაკში, გვინდოდა გვეჩვენებინა ტანსაცმელზე და შესაბამისად, ყველა კოლექცია ძალიან დიდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. ეს კოლექცია ეხება საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი დოგმებიდან გაქცევას: ფასეულობებისგან, ტრადიციებისგან, აღზრდის მეთოდებისგან, განათლების სისტემისა და ყველაფრისგან, რომელიც საბჭოთა კავშირს ჩვენში და უამრავ ჩვენგან ნაშენებ ინსტიტუციაში აქვს დატოვებული. სიმბოლოები, რომლებიც ტანსაცმელზეა გამოყენებული, მნიშვნელოვანია. მაგალითად, მიხაკი გამოხატავს სკოლის მიმართ პროტესტს და ავტორიტეტების მიმართ უსიტყვო მორჩილების სიმბოლოდ არის აღქმული ჩვენთვის. კუპიდონი ამოღებულია მადონას სერვიზიდან, როგორც სახლიდან და ოჯახიდან გაქცევის უდიდესი სურვილი. მადონას სერვიზის სახით გამოვხატეთ ნივთი, რომლის შეხება და გამოყენება პრაქტიკული მიზნებისთვის „არ შეიძლება“, რაც გავაიგივეთ იმ თავსმოხვეულ აღზრდის მეთოდებთან და ქცევასთან, რომლებიც ასევე უსარგებლო და გამოუსადეგარია დღეს. სწორედ ამ და სხვა პრინტებით არის გამოხატული კოლექცია.
ძირითადად, რა სახის სამოსზე მუშაობთ?
ჩვენ ვმუშაობთ მაისურებზე, ჰუდებზე, სასკოლო სამოსზე, პერანგებზე, კლასიკურ შორტებზე, წინდებსა და ქუდებზე. საკმაოდ მრავალფეროვანია პროდუქციის სპექტრი.
სად შეუძლია მომხმარებელს იხილოს კოლექციები და შემდეგ უკვე შეიძინოს სამოსი?
სამოსის შეძენა შეიძლება ჩვენს ვებგვერდზე: reckless.ge და გალერეა 4710-ის მაღაზიაში. იგეგმება სამოსის სხვა მაღაზიებში შეტანაც.
თქვენი ბრენდის ტანისამოსი მხოლოდ საქართველოში იკერება?
როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
რას გვეტყვით ხარისხისა და ფასების შესახებ?
ფასები არის საშუალო. ვერ გეტყვით, რომ იაფია, მაგრამ არც ძვირია. საშუალო სეგმენტზეა გათვლილი. ქსოვილების დიდი ნაწილი იაპონიაში შევიძინეთ. მაგალითად, სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებული ველვეტი. ამ ხარისხის მისაღებად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ვიბრძოლეთ. ტანსაცმელზე საკმაოდ დიდი პრინტებია დატანილი, რომლებიც აგრეთვე არ ღირს იაფი და ამ ყველაფრის შესაბამისია ფასებიც.
თინეიჯერების მხრიდან მოთხოვნა რამდენად დიდია?
საკმაოდ დიდია. ძალიან დიდი მოლოდინი შეიქმნა თავიდანვე, როდესაც დავიწყეთ კამპანია. კოლექცია გადაიღო ნატა სოფრომაძემ, მას ეკუთვნის ჩაშვების წინა კამპანიის იდეაც. ვიდრე ტანსაცმლის გადაღებას დავიწყებდით, 60-მდე თინეიჯერი გადავიღეთ – ერთმანეთისგან განსხვავებული, საინტერესო სახეები, რომლებიც აქამდე არსად გამოჩენილან. კამპანია დავიწყეთ ბრენდის ჩაშვებამდე 20 დღით ადრე. ყოველდღე ამ თინეიჯერებს ვაცნობდით საზოგადოებას ყოველგვარი მინიშნების გარეშე. ამ კამპანიამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. შესაბამისად, მოზარდების დიდი კომუნა ელოდებოდა ბრენდის ჩაშვებას. აქედან გამომდინარე, გაყიდვების საქმეც საკმაოდ კარგად წარიმართა.
გეგმავთ თუ არა საკუთარი show room-ის გახსნას ან სხვა სახის სამოსის დამატებას?
ჯერ ალბათ სხვადასხვა მაღაზიაში დავიწყებთ გაყიდვას, შემდეგ კი ვფიქრობთ, საკუთარი პატარა მაღაზიის გახსნას, რომელიც უფრო კონცეპტუალური იქნება. ბევრს ვფიქრობთ ადგილზე და სტილზე. პარალელურად, ვმუშაობთ უცხოეთში გაყიდვის დაწყებაზეც.