რამდენიმე თვის წინ, თიბისიმ მიზნად ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევა, ტრადიციების აღდგენა და მათი თანამედროვე, ყოფით კულტურაში დამკვიდრება დაისახა. შედეგად, კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად, ტრადიციულ ქართულ ქსოვილთან და ტექსტილთან დაკავშირებული პროექტი − „ქართული ქსოვილი“ დაიბადა.
ყველაფერი ასე დაიწყო:
ხელოვნების სასახლის ინიციატივით, ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენისა და შესწავლის მიზნით, 2016 წლიდან, 2 წლის განმავლობაში, მხატვრებისა და მკვლევრების ჯგუფმა საქართველოს ეკლესიები მოიარა, ფრესკებზე გამოსახული საერო პირების სამოსი მაქსიმალური სიზუსტით გადმოხატა და მათი შესწავლა დაიწყო.
2018 წელს წიგნი „ქსოვილი საქართველოდან“ გამოიცა, სადაც 200-ზე მეტი ფრესკიდან, 300-მდე პატერნია თავმოყრილი. წიგნში შეკრებილი მასალა კარგად ასახავს, რამდენად ფერადი, თანამედროვე და მრავალფეროვანი იყო საუკუნეებისწინანდელი საერო თუ სადღესასწაულო სამოსი. ასევე, როგორი იყო სხვადასხვა პერიოდში ჩაცმის კულტურა ქვეყანაში და რა ახდენდა მასზე გავლენას.
2 წლის შემდეგ, ერთ დღესაც, თიბისის მარკეტინგის გუნდის წევრებმა ოფისის დალაგებისას, წიგნების თაროზე უამრავ წიგნს შორის სწორედ ეს წიგნი აღმოაჩინეს. მისი სახით, მათ წინ, ისტორიასთან ერთად, სრულიად ახალი შესაძლებლობები და იდეები გადაიშალა. გუნდი მიხვდა, რომ ამ წიგნის დახმარებით რაღაც განსხვავებული და მნიშვნელოვანი უნდა შეექმნათ. დიდხანს უტრიალეს, ბევრი იფიქრეს, როგორ შეიძლებოდა გამოეყენებინათ საუკუნეებისწინანდელ სამოსზე დატანილი უნიკალური პატერნები. პროცესში ბევრი რამ სცადეს − დაიტანეს ბლოკნოტებზე, ფანქრებზე... და ბოლოს მიხვდნენ, რომ რაღაც ახლის მოფიქრება სულაც არ იყო საჭირო. ეს პატერნები იმავე დანიშნულებას უნდა დაბრუნებოდა, რომელიც ადრე ჰქონდა და საუკუნეების წინ დაწყებული სიცოცხლე უნდა გაეგრძელებინა.
თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვეობაში გადმოტანაა. სწორედ ამიტომ, გუნდის ხედვით, ისევ საუკუნის წინანდელი ტიპის სამოსი კი არა, რაღაც ახლებური და თანამედროვე უნდა შექმნილიყო, რათა უნიკალური პატერნები ფართო საზოგადოებას გაეცნო და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებულიყო.
თიბისიმ დაინტერესებულ დიზაინერებსა და სტარტაპერებს სრული თავისუფლება და შესაძლებლობა მისცა − წიგნში თავმოყრილ ნიმუშებზე დაყრდნობით, სხვადასხვა სახის პროდუქცია შეზღუდული რაოდენობით შეექმნათ.
აქ, ახლა, თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით შექმნილი პროდუქციის შეძენა უკვე შესაძლებელია. ონლაინმაღაზია Qsovili.ge სხვადასხვა ქართველი დიზაინერის, ბრენდისა თუ სტარტაპერის მიერ, უნიკალური ქსოვილების მოტივებზე შექმნილ კოლექციებს აერთიანებს.
კოკა ქამუშაძე, თიბისის შემოქმედებითი ლიდერი, პროექტის მენეჯერი
„ეროვნული მემკვიდრეობა თიბისისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ამის დასტურია ჩვენი წლების წინანდელი პროექტი − #წერექართულად, რომელიც საზოგადოებაში წარმატებით დამკვიდრდა. დიდწილად სწორედ ამ პროექტის დახმარებით, დღეს უკვე ცუდ ტონადაც კი მიიჩნევა ლათინური შრიფტის გამოყენება წერილობითი კომუნიკაციისას.
კულტურული მემკვიდრეობა თანამედროვეობისგან განყენებული არ უნდა იყოს − ყოველდღიურობის ნაწილად უნდა ვაქციოთ. თუ ასე არ მოხდა, ის დროთა განმავლობაში დაიკარგება. იგივე მიდგომა გვაქვს ქართველ ხელოვანთა მიმართაც. თიბისის პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულების ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრებში, ძალიან საინტერესოდ და სრულიად ახლებური ხედვით გაცოცხლდა დავით კაკაბაძისა და პეტრე ოცხელის შემოქმედება.
სწორედ ამ ხაზის გაგრძელებაა „ქართული ქსოვილიც“. საწყის ეტაპზე ე.წ. open call გამოვაცხადეთ. ქართველ სტარტაპერებს, დიზაინერებსა და ბრენდებს პროექტში ჩართვა და ძველი ქსოვილების ნიმუშების ბაზაზე, თანამედროვე, სრულიად განსხვავებული კოლექციების შექმნა შევთავაზეთ.
პანდემიის პერიოდში, ოცამდე სტარტაპერი და დიზაინერი გაუჩერებლად მუშაობდა. საბოლოო ეტაპი კი იყო ონლაინპლატფორმა, სადაც მსურველებს შეუძლიათ სასურველი სამოსი ან აქსესუარი შეიძინონ და ამავდროულად, გაიგონ, ამა თუ იმ ნივთზე დატანილი პატერნები საუკუნეების წინ რომელი ისტორიული პირის სამოსზე იყო გამოსახული“.
გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი
„პროექტი და წიგნი „ქსოვილი საქართველოდან“ ხელოვნების სასახლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გამორჩეული პროექტია. ორი წლის წინ, პროექტმა ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო − „ევროპა ნოსტრა“, სულ რამდენიმე დღის წინ კი, ევროპის საბჭოს XXI საუკუნის სტრატეგიის საუკეთესო პრაქტიკის ნომინაცია მიიღო.
ხელოვნების სასახლისა და თიბისის თანამშრომლობის მიზანი სამუზეუმო საგანძურის ჩვენს ყოფიერებაში თანამედროვე სახით დამკვიდრება იყო. „ქართული ქსოვილის“ პროექტი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორი წარმატებით შეიძლება გაერთიანდეს საერთო ღირებულებისა და მიზნის გარშემო ორი სხვადასხვა პროფილის ინსტიტუცია“.
გვანცა გელოვანი, ბრენდ „ლივლივის“ დამფუძნებელი
„როდესაც პროექტი „ქართული ქსოვილი“ გამაცნეს, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. პროექტის ფარგლებში, უნიკალური პატერნების შთაგონებით, განსხვავებული დიზაინის აბრეშუმის თავსაბურავები შევქმენით. პროცესი ძალიან ემოციური იყო: ვუყურებდი ულამაზეს, ისტორიულ ორნამენტებს, რომლებიც ერთდროულად თანამედროვეც იყო და ძალიან ძველიც. შევეცადე თითოეულ თავსაბურავში სხვადასხვა ორნამენტი გამომეყენებინა და ამით უკეთ წარმომეჩინა ევროპისა და აზიის გასაყარზე აღმოცენებული ქართული კულტურა“.
ქეთევან ხერხეულიძე, ბრენდ „მუზარადის“ დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი
„იდეა, რომლის თანახმადაც ძველი, ქართული პატერნები და ნიმუშები თანამედროვეობაში უნდა გაგვეცოცხლებინა და სამოსი შეგვექმნა, ძალიან მომეწონა. პროექტის ფარგლებში, ისტორიულ ქსოვილებზე დაყრდნობით, ჩემი ბრენდის მთავარი პროდუქტის − კლასიკური ფორმის თავსაბურავების ახლებური სერია შევქმენი.
რთული აღმოჩნდა ათი სასურველი ორნამენტის შერჩევა, ვინაიდან თითოეული მათგანი შთამბეჭდავი და თვალისმომჭრელი იყო. მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ თითოეული პატერნი ქვეყნის ისტორიის მატარებელია, რაც კიდევ უფრო ფასეულს ხდის ამ პროექტის ფარგლებში ჩემ მიერ შექმნილ კოლექციას“.
ანუკა გვენცაძე, ბრენდ Meraki-ის დამფუძნებელი
„Meraki ბერძნული სიტყვაა და საქმეში გულისა და სულის ჩადებას ნიშნავს. სწორედ ამ იდეის გარშემო აერთიანებს ჩვენი გუნდი ფერად, გულწრფელ და თავისუფალ ადამიანებს. „ქართული ქსოვილის“ გამოჩენისთანავე, დიდი ინტერესით ვადევნებდი პროექტს თვალყურს და ქსოვილების თვალიერებისას უამრავი იდეა მებადებოდა.
პროექტის ფარგლებში, საცურაო კოსტიუმები, შარფები და ჩანთები შევქმენით. შარფები და საცურაო კოსტიუმები ჩვენი ბრენდისთვის ახალი პროდუქტი და გამოცდილება იყო. ამიტომ, მათი შექმნა სრულიად ახალი გამოწვევა აღმოჩნდა ჩვენთვის.
წარმოების პროცესი პანდემიამ შეაფერხა, თუმცა სირთულეები და გამოწვევები საბოლოო შედეგად ნამდვილად ღირდა. აღფრთოვანებული ვიყავი ქსოვილების სილამაზით, მათი ისტორიითა და იმის გააზრებით, რომ Meraki ამ ისტორიის ნაწილი გახდებოდა. ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობა და კულტურა მდიდარი და მრავალფეროვანია. ეს პროექტი კი გვაჩვენებს, რომ აქვე, ჩვენ გარშემო უნდა ვეძებოთ შთაგონება და საკუთარი წარმოება განსხვავებული იდეებით დავტვირთოთ“.
Qsovili.ge-ზე, „ქართული ქსოვილის“ პროექტის ფარგლებში, შემდეგი დიზაინერებისა და სტარტაპერების მიერ შექმნილი სამოსის, აქსესუარებისა და ნივთების შეძენა შეგიძლიათ: დარაია, ლაკო ბუკია, Rose Moda, „მუზარადი“, Side Size, „ბიალონი“, Spilow, Why not gallery, Laboratory TMGROUP, LoveStars და სხვა.