როგორია ადამიანთა ფსიქოლოგიური მიდგომა და აღქმა ფერების მიმართ? რა დატვირთვა აქვს და რა განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას ფერთა პალიტრასთან? სინამდვილეში, ფერი, რომელსაც ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ, საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას იძლევა ჩვენი ხასიათისა და ემოციური მდგომარეობის შესახებ.
რაც შეეხება ჩემს, ანუ ავთანდილის ფერების აღქმას, შევეცდები მოკლედ გიამბოთ და გაგიზიაროთ ჩემეული დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით.
დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან მიკვირს, მაგრამ სულ რაღაც სამი სეზონია, რაც აღმოვაჩინე, რომ ყვითელი არის საოცრად თბილი და დადებითი ფერი. ასევე, განსაკუთრებული ემოციები მაქვს შაბიამნისფერის მიმართ − ასე მგონია, რომ ულევი და უსაზღვროა, და შეგიძლია დადებითად ჩაიძირო მასში. გარდა ამისა ძალიან მიყვარს წითელი, რომელსაც აქვს ყველაფერზე პრეტენზია და არაფრის ეშინია. წლები მიყვარდა და დღემდე მიყვარს შავი. ჩემი ფავორიტი ფერია და არანაირად არ ასოცირდება დრამასთან, ჩემთვის არის ყველაზე დახვეწილი და სრულყოფილი ფერი. ასევე თეთრი − სისუფთავის ფერი, ძალიან ნათელი და დადებითია.
რაც შეეხება ფერთა კონცეფციას, ჩემი ბრენდი მთლიანად ფერების ფილოსოფიაზეა აგებული − საკმაოდ მოულოდნელი ფერთა გამა, რომელიც თურმე ასე ჰარმონიულად ზის ერთმანეთში.
ბუნებაში ფერების ისეთი საოცარი შერწყმა არსებობს, რომელსაც მხოლოდ მაშინ დაინახავთ, თუ დააკვირდებით. ჯერ მარტო პეპლები და ხოჭოები რად ღირს იმად, რომ გქონდეს ფერთა გამის უსაზღვრო ინსპირაცია.