მოდის ხსენებისთანავე, თითოეულ ჩვენგანს ის ადამიანი გვახსენდება, რომლის სტილიც ჩვენთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. შესაძლოა ეს იყოს კლასიკური, მკაცრი ან უბრალოდ, ინდივიდუალიზმით გამორჩეული სტილი − ისეთი, როგორიც მხოლოდ იმ ერთ პიროვნებას ეკუთვნის. OK! Fashion Book გთავაზობთ დახვეწილი და გამორჩეული სტილის მქონე ქალბატონებსა და მამაკაცებს.
დაიანა სპენსერი
პრინცესა დაიანა იყო პრინც ჩარლზის პირველი ცოლი. მან თავი საოცრად დახვეწილი სტილით დაგვამახსოვრა. მკაცრი და ამავდროულად კლასიკური ელემენტები, რომლებსაც მისივე ჩაცმულობაში ვხვდებოდით, დღემდე ძალიან აქტუალურია თანამედროვე მოდაშიც.
უიტნი ელიზაბეთ ჰიუსტონი
ის ლეგენდარული მომღერალი, მოდელი, მსახიობი და პროდიუსერი გახლდათ. ჰიუსტონი გამოირჩეოდა თავისი ინდივიდუალიზმით. აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას მის ვარცხნილობებსაც, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა და საოცრად ერწყმოდა უიტნის ხასიათს.
ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი
იგი ძლიერი ქალის სიმბოლო გახლდათ, რაც მისივე ჩაცმის სტილზეც აისახა. კლასიკური კოსტიუმები, ფერთა იდეალური შეთავსება, მკაცრი და დახვეწილი სტილი მის შინაგან კულტურაზეც მეტყველებდა.
სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი
იგი გახლდათ ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი. უცნაური ფორმის შლაპა, ხელჯოხი და კიდევ მრავალი სხვა ნიუანსი, ერთი შეხედვით, კომიკურად გამოიყურება, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ყოველივე ეს ანარეკლია ფილმის იმ პერსონაჟის ხასიათისა, რომელსაც იგი თამაშობდა.
მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი
იგი ცნობილია, როგორც პოპის მეფე. მისი განსხვავებული სტილი კი დიდი სიახლე აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. საკუთარი ვარცხნილობითა და ჩაცმულობით, მაიკლმა კარგად წარმოაჩინა თავისი ინდივიდუალიზმი.
ელვის აარონ პრესლი
იგი იყო ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. ელვისის „სავიზიტო ბარათად“ მისივე ტანისამოსი იქცა, რომელიც გამოძახილია იმ პერიოდისა, როდესაც მსოფლიო შოუბიზნესის სცენაზე გამოდიოდა.