ინსპირაციას ყველა სფეროში, საქმესა თუ მცირე დეტალშიც კი განსაკუთრებული გავლენის მოხდენა შეუძლია ნებისმიერ ადამიანზე. ზოგი ინსპირაციას წიგნის წაკითხვისას პოულობს, ზოგი კი მუსიკის მოსმენისას. მოკლედ რომ ვთქვათ გვაძლევს მოტივაცია საშუალებას, გავაკეთოთ, და შევქმნათ ახალი, საინტერესო და განსხვავებული.
ინსპირაციას განსაკუთრებით დიდი ადგილი უჭირავს დიზაინერების ცხოვრებაში, რადგან სწორედ შთაგონებით ვქმნით ახალ კოლექციებს.
პირველი გადატრიალება ჩემს გონებაში Fashion-ინდუსტრიაში ჟან პოლ გოტიემ მოახდინა და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მისი ზეგავლენის ქვეშ ვიყავი. ჩემთვის იმდენად თამამი იყო, რომ მისმა შემოქმედებამ ძალზე დიდი ბიძგი მომცა, გადამედგა რადიკალური ნაბიჯები. ეტაპობრივად, რა თქმა უნდა იცვლებოდა ჩემი აზრები და გემოვნება, მაგრამ ახლა რომ ვთქვა, საყვარელი დიზაინერი მყავს-მეთქი, ასე არ არის.
არიან დიზაინერები, რომლებსაც თვალს ვადევნებ და ყოველთვის მაინტერესებს, მაგრამ არის პერიოდები, როდესაც ვხედავ, რომ ძალიან კომერციული ხაზებისკენ მიდიან და ბრენდი საკუთარ ნიშას კარგავს ისევე, როგორც ალექსანდრ მაკქუინის გარდაცვალების შემდეგ მოხდა − მისი ბრენდი აღარ არის ისეთი, იმ ემოციის მატარებელი, როგორიც მანამდე იყო.
ჩემთვის ამ ეპოქის გენიალური დიზაინერია რაფ საიმონსი, რომელიც ძალიან ბევრს დადის ბრენდიდან ბრენდზე, სხვადასხვა სპეციფიკისა და სეგმენტის ბრენდზე, სითამამის, ფერთა გამის, სილუეტის ბრენდებზე, და ყოველთვის ძალიან კარგი კოლექციები გამოდის მისი ხელმძღვანელობით, მაგრამ ვერასდროს ჩერდება დიდხანს და ორი-სამი სეზონის შემდეგ ტოვებს კომპანიას.
ჩემთვის ასევე საინტერესო, მაგრამ ძველი ეპოქის ბრენდია მაისონ მარტინ მარჯიელა, საოცარი კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით, რომელიც ადამიანის ტექსტურიდან და სილუეტიდან გადის. იოჯი იამამოტო, რომელმაც ვერ გაუძლო დირექტივებს, სისწრაფეს და გაკომერციულებას, ასევე ალბერ ელბაზი, ბერნარდო ბერტოლუჩი, რომელსაც არასდროს გადაუღია კომერციული კინო. ეს ადამიანი აბსოლუტურად სხვა ესთეტიკაზეა აწყობილი და ისე ეშვები მის სამყაროში, რომ არ გაქვს ტყუილის შეგრძნება. ეს არ არის მოგონილი ისტორიები, რომელიც გათვლილია ტვინის წამიერ აფეთქებაზე.
და მაინც... ბოლო პერიოდში დიზაინერი, რომელმაც ჩემი გონება ააფეთქა და ძალიან გამაკვირვა, არ არსებობს.
ვაფასებ იმ შემოქმედ ადამიანებს, რომლებიც არ ღალატობენ საკუთარ თავს. ამ შემთხვევაში, ვსაუბრობთ ბრენდებზე და დიზაინერებზე, რომლებიც არ კარგავენ ნიშას და ინდივიდუალიზმს, რომელიც მათ სხვებისგან გამორჩეულს და განსაკუთრებულს ხდის.