OK!-ის ოქტომბრის დამატება FASHION BOOK განსაკუთრებულია − როგორც მისი მოწვეული რედაქტორით, ასევე შერჩეული თემებით, რომლებსაც მკითხველი ამ ნომერში გაეცნობა. ამ შემთხვევაში, FASHION არ იქნება მხოლოდ მოდა, ტენდენცია ან სტილი, არამედ ბევრად მეტი: შინაგანი განწყობა, კულტურა, სულიერი მდგომარეობა... ის, რასაც ადამიანი საკუთარ თავთან ჰარმონიაში მოჰყავს. მაშ ასე, წარმოგიდგენთ OK! FASHION BOOK-ის მოწვეულ რედაქტორს, ავთანდილ ცქვიტინიძეს, რომელსაც სულ სხვა თვალით გაიცნობს ჩვენი მკითხველი.
ავთანდილ, რამდენად საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის რედაქტორის ამპლუაში ყოფნა და გქონიათ თუ არა მსგავსი გამოცდილება აქამდე?
ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის რედაქტორის ამპლუაში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხთან ურთიერთობა საკმაოდ დიდი დოზით მაქვს, თუნდაც სხვადასხვა ლექციის სახით, ამ კუთხით ჩემი თავი არასდროს გამომიცდია და ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო ამ შემოთავაზებაზე დათანხმება.
რას წაიკითხავს მკითხველი OK! Fashion Book-ის ოქტომბრის ნომერში?
ადამიანი დაბადების შემდეგ თავისდაუნებურად იზრდება, უყალიბდება ხასიათი და ბევრ რამეს სწავლობს, თუნდაც ცხოვრებისეული მაგალითებით. ტენდენციები და ზოგადად, Fashion-ი არის ადამიანის შინაგანი ემოცია და ცხოვრების წესი. ეს ის ამოცანებია, რომელთა გადალახვაც გსურს, რათა სასურველ შედეგამდე მიხვიდე. ეს მოიცავს მთლიანად Fashion-ს, ცხოვრების კულტურას, ზოგად მდგომარეობას და ინტერესს საკუთარი თავის მიმართ. ამაში შედის საქმიანობა, სტილი, კვება, თავის მოვლა, მეგობრები, ოჯახი და ის ზოგადი გამოწვევები, რომელთაც საკუთარ თავს უყენებ იმისათვის, რომ განვითარდე.
შესაბამისად, OK! Fashion Book-ის მეშვეობით მკითხველი უფრო მეტად ჩაუღრმავდება და სხვა თვალით შეხედავს არა მარტო ზოგადად Fashion-ს, არამედ ცხოვრების სტილს, კულტურას, და შეეცდება გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც საკუთარ თავთან ჰარმონიზებაში დაეხმარება.
განვლილი გზა...
ვფიქრობ, უამრავი საინტერესო თავგადასავლით სავსე ცხოვრება გავიარე დღევანდელ დღემდე. ყოველთვის მქონდა პრეტენზია და არ ვოცნებობდი − ამ ყველაფერს რეალურად ვხედავდი, როგორ არ მეცალა, როგორ ვიყავი დაკავებული, როგორ ვუყვარდი ხალხს და ვიღებდი მათგან დადებით ემოციებს... შემოქმედება დავიწყე მაშინ, როდესაც ვერ ვთბებოდით ადამიანები და პურის რიგში ვიდექით დილის ხუთ საათზე, მაგრამ შინაგანად ყოველთვის მჯეროდა, რომ დღეს ჩემ წინაშე ეს რეალობა იქნებოდა.
ნებისმიერი მიზანი, რომლის მისაღწევადაც ვიბრძვით, ყოფილა ძალიან დიდი ჩარჩო. მე უზომოდ ბევრი ვიმუშავე იმისათვის, რომ თავი დამეღწია ამ ჩაკეტილობისთვის, მესაუბრა სამყაროსთან და გამეზიარებინა ჩემი განცდები. საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ მიზანი კი არ იყო მნიშვნელოვანი, არამედ გზა და თავგადასავალი, რომელიც მიმიყვანდა შედეგამდე. ახლაც გზისკენ მივდივარ, ყოველდღიურად ვეცნობი ჩემს თავს.
როგორ მიაღწიეთ საკუთარ თავთან ჰარმონიას?
ნებისმიერი პერიოდი, საქციელი, გამოწვევა, გადალახვა, სირთულე თუ ქილიკი ჩემთვის იყო მიზეზი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ავმაღლებულიყავი. არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, რომლებსაც თუ რამე არ გამოსდით, უკან იხევენ. ამ ყველაფერს რომ აანალიზებ, ბევრ რამეზე გეღიმება, შემდეგ ბრუნდები რეალობაში და ხვდები, რა მარტივი ყოფილა ყველაფერი. დღევანდელ დღემდე ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგი შეგნებულად, შეუგნებლად თუ ცხოვრებაზე დაკვირვებით. მე ყოველთვის მიყვარდა ჩემი თავის გამოცნობა და ამ გზის გავლამ მიმიყვანა ჰარმონიამდე, რომელიც დღეს საკუთარ თავთან მაქვს.
არიან ადამიანები, რომლებიც შრომობენ და არ არიან წარმატებულები, ცდილობენ ჰქონდეთ კარგი ურთიერთობები, მაგრამ არ გამოსდით... სინამდვილეში, ისინი არ ეცნობიან საკუთარ „მე“-ს და არ უსმენენ მას. ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დარჩე წარსულში და ფეხი აუწყო თანამედროვეობას. სამურაის ნაბიჯებით უნდა სცადო სიახლეები და მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომელიც შენს თავთან ჰარმონიაში გამყოფებს. არ არის მარტივი სქემა, ამას ვერ გააკეთებს 15-20 წლის ადამიანი, ვერც 30-ის − ეს მოდის ცხოვრებისეული გამოცდილებით.
გვესაუბრეთ პანდემიის პერიოდზე. რა გავლენა მოახდინა თქვენზე?
პირველი ათი დღე საკმაოდ რთული აღმოჩნდა, იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც მიდიხარ ინერციით, წამიერად ყველაფერი ჩერდება და გერთვება ადამიანური პანიკა. წინ მიიწევ გარკვეული გეგმით და უეცრად ყველაფერი ჩერდება... ამ დროს ერთადერთი ამოსავალი წერტილი იყო ჩემი ოჯახი და ის პატარ-პატარა რიტუალები, რომლებსაც არავის ვუზიარებ, რათა რაღაც დარჩეს მხოლოდ ჩემი, პირადი. 10 დღის მერე დავიწყე ხატვა. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ფერწერასთან მიბრუნება, რადგან თავდაპირველად შემეშინდა ფუნჯის, საღებავის, მაგრამ პირველივე ტილოს შემდეგ მივხვდი, რომ არაფერი დამვიწყებია, თავისდაუნებურად გამახსენდა ყველაფერი, ვენდე ჩემს ემოციებს, ჩავეძიე იმ კითხვებს, რომლებიც მაწუხებდა და ყველაფერზე მივიღე პასუხი. მინდოდა ბოლომდე დავცლილიყავი და ეს ნამდვილად გამომივიდა.
რა არის თქვენთვის ბედნიერება?
ბედნიერებაა დილით თვალებს რომ ახელ და ყველა შენი ახლობელი ცოცხალია. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია ამ ცხოვრებაში.
გვესაუბრეთ თქვენი ჩაცმის სტილზე.
ჩემს მშობლებს სკოლაში იბარებდნენ იმის გამო, რომ გადავჭერი მამაჩემის ლაბადა და მეცვა ისე, როგორც ქურთუკი. ასევე მეცვა ჯინსის შარვლით შეკერილი შუზები, სამზარეულოს ტილოს ფარდისგან შეკერილი პერანგი და ა.შ... არასდროს მაკმაყოფილებდა მოცემულობა. ვიყავი ბავშვი, რომელიც ყველას უყვარდა, მაგრამ ამბობდნენ, რომ ძალიან უცნაური ვიყავი.
ეტაპობრივად გამიჩნდა საყვარელი ბრენდები, რომლებიც ჩემს ესთეტიკასთან ახლოს იყო და ყოველთვის ვიძენდი იმ ნივთებს, რომლებიც „მეძახდნენ“. ძალიან მიყვარდა ნივთების შეხამება და ასე, ნელ-ნელა მივიღე ჩემი ინდივიდუალური სტილი. ჩემ გარშემო ადამიანებს იმდენად მოსწონდათ ჩემი სამოსი, რომ წამოვიდა მოთხოვნა და დავიწყე მამაკაცის კოლექციაზე მუშაობა.
დაბოლოს...
ვაპირებ, აღარ ვუღალატო ფერწერას, რადგან ხატვა ჩემი სულის ნაწილი გახდა. ჩემი შინაგანი „მე“ მოითხოვს ფუნჯით ამოვიღო ის ემოცია, რომელსაც ვაწვდი საზოგადოებას, გარშემომყოფებს და ჩემს თავს.
ასევე დავიწყე სხვადასხვა ტიპის ავეჯისა და შიდა ინტერიერის კეთება. ძალიან მომწონს ეს პროცესი, როდესაც შევდივარ მარმარილოებში და ხის ფაქტურებში. ემოციურად რადიკალურად განსხვავდება ქსოვილის არჩევისგან, სულ სხვა განცდა მოაქვს. არასოდეს ვამუშავებ ისე, რომ ბუნებრივობა დაეკარგოს მასალას.