მიმაჩნია, რომ ტენდენციებმა, რომლებიც ჩაგვიბეჭდეს თავისი ფერთა გამით, სილუეტებით, ცხოვრების სტილით და ნივთების ტარებით, გავლენა მოახდინა ადამიანებზე და შედეგად მივიღეთ ძალიან ბევრი ერთნაირი და ერთმანეთის მიმბაძველი ადამიანი, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს დრო დამთავრდა. სინამდვილეში, ბევრად მარტივი და საინტერესოა, როდესაც ხარ ინდივიდუალური და ატარებ იმას, რაც შენს შინაგან სამყაროს ძალიან უხდება.
მე არ შემიძლია მივცე ადამიანებს რჩევა, ატარონ ოვერსაიზ პიჯაკი წელზე ქამრით, მაღალწელიანი შარვალი დაბალი უბით ქუსლიან ფეხსაცმელზე, ან ჩაიტანიონ სპორტული ტანსაცმელი, ჩაიცვან ბოდე და ზემოდან მოიცვან ლაბადა. მიმაჩნია, რომ ეს უკვე ძალიან სასაცილოა, რადგან როცა ყველა ამ რჩევას ითვალისწინებ და იცვამ ისე, როგორც გეუბნებიან, ეს შენ არ ხარ. ხდები „პინტერესტის“ ან „ინსტაგრამის“ ზეგავლენის ნაწილი. ჩათვალე − ამ დროს ხარ „რაღაცის“ მსხვერპლი ისე, რომ შესაძლოა თვითონაც ვერ იაზრებდე ამას. ამ ყველაფერს ადამიანი აკეთებს იმიტომ, რომ სხვებს აქვთ ასე, ტენდენციურია, მაგრამ ამ ყველაფრით კარგავ საკუთარ თავს. ერთ დღესაც ხვდები, რომ სარკიდან სხვა ადამიანი გიყურებს, საბოლოოდ კი კარგავ შენს პიროვნებას, შენს „მე“-ს.
ვინ თქვა, რომ რაღაც ესთეტიკურია, რაღაც არაესთეტიკურია, ან რაღაც სწორია და რაღაც არასწორი. მე ვერ ვხვდები, რას ნიშნავს იყო „გოიმი“ ან იყო ძალიან მოდური. ეს მხოლოდ ადამიანების შეხედულებებია. მასის, რომლებსაც არ უნდა მისცე უფლება ზეგავლენა მოახდინონ შენზე.
ამიტომ პირადად ჩემთვის ტენდენცია არის ის, რაც შენი შინაგანია და ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი დახვეწილი სილუეტი, ან თუნდაც ნებისმიერი სიგიჟე.