ბიზნესი, რომელშიც არ დევს განსაკუთრებული და განსხვავებული იდეა, არ არის მორგებული სიახლეზე და განცვიფრებაზე, უსარგებლოა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გაამართლებს, აქვს ძალიან პატარა ვადა.
ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდება და გადადის თაობიდან თაობაზე, აქვს იდეალურად მორგებული და შემუშავებული გეგმა, ფილოსოფია, რომელსაც ემსახურება. მაგრამ ბიზნესი, რომელიც მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული, მგონია, რომ იმ ემოციას, ცხოვრების სტილსა და სრულ ჰარმონიას ვერ გაძლევს, იმიტომ, რომ მოგებული თანხა არ არის ის, რითაც შენ სრულყოფილად ისიამოვნებ. ფული ყოველთვის იმდენი უნდა გქონდეს, რომ მან არ გმართოს, მაგრამ ქონებას საკმაოდ სერიოზული მართვა სჭირდება, რადგან ამ დროს აუცილებლად არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც ეცდება მოგატყუოს.
ვფიქრობ, რაც უფრო ბევრი ფული გაქვს, მით ნაკლებად ჰარმონიული ხარ. ეს ჩემი აზრია. შესაძლოა ბევრ ფულს ფლობდე და ამ ფულის შოვნით სიამოვნება გქონდეს მიღებული. აი, მაშინ უკვე რეალიზებული ხარ. ეს ადამიანს ყოველთვის ეტყობა.
რა თანხასა და რა სახის სიმდიდრეზეც უნდა იყოს საუბარი, თუ პიროვნებად ვერ შედექი, ეს ყოველთვის ჩანს. სხვათა შორის, ეს ძალიან ხშირად ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც წამდაუწუმ ვაწყდებით ინსტაგრამზე. ისინი აფიშირებენ, თუ რა საფასო პოლიტიკის ტანსაცმელს ატარებენ, და ეს ძალიან დიდი კომპლექსია. ადამიანები, რომლებიც საფასო პოლიტიკას ვერ ეწევიან თავისი ფინანსური მდგომარეობით, ხშირ შემთხვევაში ზეგავლენის ქვეშ ექცევიან ეგრეთ წოდებული ფეიქ-ნივთებით. ისინი ვიღაცებისთვის ცხოვრობენ. მაგალითად, თუ რომელიღაც პერსონამ კონკრეტული ბრენდის ჩანთა ვერ შეიძინა, მიიჩნევს, რომ რეალიზებული არ არის, მას სტატუსი არ აქვს. ეს ხომ სასაცილოა.
ძალიან დიდი დოზით რეკლამირდება ნებისმიერი ინფორმაცია, განსაკუთრებით კი ის ყველაფერი, რაც მოდის ტენდენციებთან არის დაკავშირებული. მათ შორის, ვარცხნილობიდან დაწყებული, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, აქსესუარებით, მაკიაჟით დამთავრებული. ადამიანები ყველაფრის პირდაპირ კოპირებას აკეთებენ და არ ფიქრობენ, რამდენად ახლოსაა ეს მათ პიროვნებასთან. მესმის ამ ადამიანების, იმიტომ, რომ იმდენად დიდ პროპაგანდას უწევენ კონკრეტულ სილუეტს, ფერს, ნივთს თუ ფაქტურას, რომ შენდაუნებურად გებეჭდება ტვინში და შესაძლოა არც ფიქრობდე, ისე შეიძინო ესა თუ ის ნივთი და ატარო ძალიან დიდი სიამოვნებით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შენი თავის მოსმენა არ გიყვარს, ზედაპირულად უყურებ ყველაფერს და აკეთებ პირდაპირ კოპირებას.
ხელოვნურია ნებისმიერი ქმედება, რაც შენს შინაგან ჰარმონიას არღვევს და ვერ ითავისებ ბოლომდე, ამიტომ შენდაუნებურად გიწევს მუდმივი თამაში. თითქოს ითავისებ მანერას, საუბარს, კითხულობ წიგნებს, რომელიც ტრენდულია და რომელსაც ყველა კითხულობს. გაცვია ის, რაც ყველას, ვიზუალურად აკმაყოფილებ ან იბრძვი იმისთვის, რომ როგორც ყველა, ისე გამოიყურებოდე, ცხოვრობდე ან ილუზია შექმნა, რომ ეს ნამდვილად ასეა.
დღესდღეობით ინტერნეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ თვითონ მოიგონო საკუთარი ისტორია, შეცვალო შენი ვიზუალი, შეიქმნა შენი სამყარო, შეცვალო ფონები, ვარცხნილობა შინიდან გაუსვლელად; მოიგონო საკუთარი ცხოვრება და ამაშიც ალბათ არის გარკვეული ხიბლი. ახალი თაობის ახალი გამოწვევაა ინტერნეტცხოვრება, რომელიც არანაირ კავშირში არაა რეალობასთან.
აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ადამიანი უნდა იყოს ის, ვინც სინამდვილეშია, არ უნდა მოექცეს საზოგადოების ზეგავლენის ქვეშ. სწორედ ეს სძენს ყველა ჩვენგანს ინდივიდუალიზმს.