„ავთანდილი“ − ბრენდი, რომელიც არასდროს კარგავს საზოგადოების ინტერესს და მუდამ უნარჩუნებს აქტუალობას. და მაინც, როგორ შეიძლება ერთდროულად საინტერესო იყო როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე თინეიჯერებისთვის? ქმნიდე სამოსს, რომელიც მუდამ სასურველ პოზიციაზეა და უამრავი ადამიანის გარდერობში იკავებს საპატიო ადგილს − ამ და სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით, ავთანდილ ცქვიტინიძემ OK!-ის შეკითხვებს უპასუხა.
ავთანდილ, გვესაუბრეთ თქვენს ფაბრიკაზე.
პატარ-პატარა ნაბიჯებით სვლამ და სწორი მიმართულებით მუშაობამ მიმიყვანა იქამდე, რომ გამეხსნა ჩემი ფაბრიკა. ეს არის აბსოლუტურად ევროპული სტანდარტის, ხუთკაციანი ლაბორატორია, სადაც დგინდება მოდელი, ჩადის ფაბრიკაში, მრავლდება, განიხილავენ ტექნოლოგები და პროცესულად, შეზღუდული რაოდენობით წარმოებს. აქ იქმნება მხოლოდ ჩემი ნაწარმი და არ ვემსახურებით სხვა, კერძო შეკვეთებს. ეს მოიტანა იმ პოპულარობამ და იმ მოთხოვნამ, რომელიც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა.
როგორია დღეს „ავთანდილის“ ცნობადობა?
ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და „ავთანდილის“ ცნობადობა არის 100%-დან 99%. სასაცილოა, მაგრამ „ავთანდილი“ დღეს არ ასოცირდება „ვეფხისტყაოსნის“ გმირთან, ასოცირდება პირდაპირ დიზაინერთან. საქართველოში გვაქვს მეორე ხაზის − „ავთანდილ 73-ის“ ექვსი მაღაზია, რომლებიც საკმაოდ მოთხოვნადი და განსხვავებული ტიპისაა ერთმანეთისგან. ეს არ არის მას-მარკეტი, ეს გახლავთ გოგონებისთვის, ქალბატონებისთვის, ვისაც აქვს პრეტენზია, იყოს განსხვავებული და არა სამყაროს ერთ-ერთი ნაცრისფერი ნაწილი, რომელიც იმალება, რათა არ გამოჩნდეს. პირიქით − ეს არის ისეთი გოგონებისთვის, რომლებსაც აქვთ ამბიცია, რომ არიან არაჩვეულებრივები, ძალიან ფერადები, აქვთ საინტერესო სამყარო.
პრინციპები, რომლითაც ხელმძღვანელობთ...
ყველა ნივთი, რომელიც ჩვენთან იკერება, არის ისტორია ან ტრანსფორმერია. ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ თინეიჯერი ბავშვები ატარებენ „ავთანდილს“, ფოტოებს ათავსებენ ინსტაგრამზე, ფეისბუქზე, და ამით ამაყობენ. ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ არ დავრჩი მხოლოდ ჩემი თაობისთვის პოპულარულ დიზაინერად და ერთ ადგილას არ გავიყინე. ყოველ წელს მგონია, რომ ახლა ვსწავლობ და სინამდვილეში არაფერი ვიცი. მუდამ მინდა ვისწავლო, გამოვიცნო, ახალი ტალღა დავიჭირო... ვუსმენ, ველაპარაკები ყველა თაობას და ამ თაობის აზროვნებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ დასკვნას ვაკეთებ, ვიგებ რა სჭირდება ხალხს, უფრო მეტად რა არის მათთვის მნიშვნელოვანი. მე არასოდეს მიღალატია ჩემი თავისთვის და ვაკეთებ იმას, რაც მგონია, რომ საჭიროა, კარგია, პრაქტიკულია და საინტერესოა.
ნიშა, რომელიც ყველასგან გამოგარჩევთ...
ეს გამომდინარეობს ალბათ ჩემი დიდი სურვილიდან, საკუთარ თავში ფერმწერი არ დამეკარგა და გამომეჩინა ფერთა გამით, სილუეტებით. ამასვე უკავშირდება თუნდაც ის არქიტექტურა, სადამდეც ბოლო პერიოდში მივედი − კონსტრუირება.
ჩემს ნამუშევრებში ყოველთვის არის განსხვავებული კონსტრუქცია, განსხვავებულ ფერთა შეხამება და მეორე ხაზში ემბლემად ჯარისკაცი ვაქციეთ. იმ დროს ძალიან დიდი ნოსტალგია მქონდა საკუთარი ფერწერის მიმართ. ოლეგ ტიმჩენკოს ვთხოვე, დაეხატა ჩემთვის ჯარისკაცი. ჯარისკაცი იმიტომ, რომ ყველა ქალი შიგნიდან, თავისთვის ეძებს ჯარისკაცს, რომელიც დაიცავს, ეძებს ძალიან თამამ ადამიანს და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომელმაც ძალიან გაამართლა. ამ ყველაფერმაც უზომოდ საინტერესო ისტორია შეუქმნა ადამიანებს და ისე შეიყვარეს ემბლემად გამოსახული ჯარისკაცი, რომ ყველა ნივთზე ეძებენ.
გვესაუბრეთ თქვენს პირველ ხაზზე.
და რა თქმა უნდა, პირველი ხაზი, რომელიც მილანისა და პარიზის შოურუმებში მიდის სეზონზე. მილანში გვაქვს ჩვენი ძირითადი შოურუმი, საიდანაც მსოფლიო ბაზარზე გავდივარ. „ავთანდილი“ მილანის შოურუმიდან იყიდება უკვე ტოკიოში, ნიუ იორკში, მილანში, პარიზში, საუდის არაბეთში − დაახლოებით 120 კონცეპტუალურ მაღაზიაში მთელ მსოფლიოში.