ნინო შერვაშიძე საკუთარ ბრენდსა და სამომავლო გეგმებზე
„მხოლოდ დაუღალავი შრომითა და საქმისადმი დიდი სიყვარულით იღებ დადებით შედეგს. არასდროს თქვა შენს ოცნებებზე უარი, მას ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად აიხდენ და მიხვდები, რომ ამად ღირდა ბრძოლა“ – მიაჩნია ბრენდ „შერნის“ დამფუძნებელს, ნინო შერვაშიძეს, რომელმაც ხუთი წლის წინ დასთან ერთად აიხდინა ოცნება – ჯერ ტანსაცმლის ხაზით წარდგა საზოგადოების წინაშე, რომელსაც დღეს მომხმარებელი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ჰყავს, მოგვიანებით კი სილამაზის სალონი გახსნა, რომელიც ასევე პოპულარობით სარგებლობს რეგიონის მასშტაბით. წინ არაერთი საინტერესო გეგმა აქვს, სამშენებლო ბიზნესშიც სურს ძალების მოსინჯვა, მიაჩნია, რომ შეუძლებელი არაფერია, თუ რეალურ მიზანს დაისახავ და მოზომილი ნაბიჯებით გააგრძელებ მისკენ სვლას. რატომ დაარქვა ბრენდს „შერნი“, რას ურჩევს დამწყებ ბიზნესმენებს და როგორია მისი სამომავლო გეგმები – აღნიშნულ კითხვებზე პასუხები იხილეთ OK! ბათუმის ფურცლებიდან.
გზის დასაწყისი...
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდი არ ვმუშაობდი, სამსახურის ძიებაში ვიყავი, თუმცა საკუთარი თავი ყოველთვის სილამაზის ინდუსტრიაში წარმომედგინა. თავდაპირველად ჩემი დის რჩევით ჩინური საიტიდან სხვადასხვა ნივთის გამოწერა დავიწყე, რამაც გაამართლა. მოგვიანებით გადავწყვიტე მოსკოვში წავსულიყავი და ერთ-ერთ ყველაზე კარგ ვიზაჟისტთან მესწავლა, ასეც მოხდა. აღნიშნული კურსების გავლის შემდეგ ისევ მშობლიურ ბათუმს დავუბრუნდი და ერთ-ერთი სალონისგან ვიზაჟისტად მუშაობის შემოთავაზება მივიღე. დავთანხმდი და შეიძლება ითქვას, რომ უდიდესი გამოცდილება დავაგროვე, ასევე გავიცანი არაერთი ადამიანი, რომელთა შექებამ მომცა ბიძგი, რაიმე საკუთარი წამომეწყო. დასთან და სიძესთან ერთად ჯერ მაღაზია გავხსენი, შემდეგ კი სილამაზის სალონი. ამჟამად ჩვენი ბრენდის მაღაზიები მოსკოვსა და ბათუმში მდებარეობს, ასევე აქტიურ რეჟიმში ვაწარმოებთ ონლაინ გაყიდვებს. აღსანიშნავია, რომ სალონი „შერნი“ პირველი იყო საქართველოში, რომელმაც ე.წ. ნეილ სერვისი შესთავაზა მომხმარებელს. ყოველთვის ვმოგზაურობდი და ვაკვირდებოდი აღნიშნულ სფეროში არსებულ სიახლეებს, ვადარებდი, რა სერვისებს გვთავაზობდა ევროპა და ჩვენ რას ვთავაზობდით ჩვენს მომხმარებელს. სწორედ იქ ვნახე ნეილ სალონები და გადავწყვიტე ჩემს ქალაქშიც გამეხსნა. 2015 წელს ავიხდინე ეს სურვილი და ფრთები შევასხი იდეას, რომელიც დღემდე უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. ამჟამად სალონში მხოლოდ მანიკიურის გაკეთებით აღარ შემოვიფარგლებით, დავამატეთ სალონური მომსახურება, წამწამები, კოსმეტოლოგია. დღეს წარმატებით ვახორციელებთ ბიზნესს, წარმატება კი უდიდეს შრომას და ენერგიას მოითხოვს. თავდაპირველად პატარა სამკერვალო გავხსენით მოსკოვში, თუმცა მალევე დავინახეთ, რომ ჩვენმა ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა, აქტიურად დავიწყეთ გაყიდვები, გავფართოვდით და დღეს, სამკერვალოში, 35-ზე მეტი დასაქმებული მკერავი გვყავს. მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ ჩვენი ქსოვილები, რომლებიც იტალიიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან ჩამოგვაქვს. ყველა აღნიშნავს, რომ განსხვავებული ხელწერა გვაქვს, რაც დიდ ინტერესს იწვევს. როგორც აღვნიშნე, მაღაზია გვაქვს როგორც მოსკოვში, ასევე ბათუმში. ჩვენი ხაზის ტანისამოსი ასევე წარდგენილი გვაქვს დუბაიში, გვყავს პარტნიორები, რომლებიც დღითი დღე ინტერესდებიან ჩვენი ბრენდის მიერ შექმნილი ნამუშევრებით. ყოველდღიურ რეჟიმში განვითარებაზე ვართ ორიენტირებული, თითოეულ თანამშრომელს ვაძლევთ გადამზადების საშუალებას. ჩვენთვის ხარისხი უპირველესია, რომელსაც მომხმარებელიც ამჩნევს და ნდობას გვიცხადებს. ვინც გვსტუმრობს სალონში, რომელიც გორგილაძის ქუჩაზე, 36 ნომერში მდებარეობს, ერთხმად აღნიშნავს, რომ ჩვენთან არსებული გარემო ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს, სადაც დაცულია მომხმარებლის უფლებები, სადაც ზრუნავენ მათი კომფორტისთვის.
რატომ „შერნი“?
სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ჩემი სახელისა და გვარის შემოკლებული ვარიანტი ისე მომეწონა, ყველას ვთხოვდი ნინო შერვაშიძის ნაცვლად „შერნი“ დაეძახათ ჩემთვის. ეს სახელი მუდმივად მიტრიალებდა გონებაში და როცა საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტე, ცხადია, ის დავარქვი, რაც ბავშვობიდან ასეთ დიდი ემოციას იწვევდა ჩემში. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ბრენდს, უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთაც ცნობენ და მოსწონთ.
ყოველდღიურობა...
ჩემი ყოველდღიურობა, ისევ ჩემს ბიზნესს უკავშირდება. რადგან ხელმძღვანელი ვარ, ეს არ მაძლევს უფლებას მოვდუნდე, პირიქით – თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ ყოველდღიურ პროცესში. სალონი და მაღაზია გვერდიგვერდ მაქვს, შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში ხან ერთში ვარ, ხან მეორეში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ „შერნი“ ჩემი სასიამოვნო ყოველდღიურობაა, რომელიც ისედაც ენერგიულს და დაუღალავს, ასმაგი ენერგიით მავსებს. როცა იცი რა ძალისხმევა ჩადე იმაში, რომ ყველაფერი სრულყოფილი ყოფილიყო, განსაკუთრებული სიყვარული და მიჯაჭვულობა გიჩნდება საქმისადმი, რომელსაც ხელმძღვანელობ.
გარდა იმისა, რომ გიყვართ ის საქმე რომელსაც აკეთებთ, დამატებით რა ძალისხმევა გჭირდებათ იმისთვის, რომ იყოთ წარმატებული ბიზნესლედი...
ვფიქრობ, როცა ბიზნესს იწყებ, წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები შემდეგში მდგომარეობს – ფულზე არ უნდა იფიქრო, უბრალოდ, გულწრფელად, მთელი გულით, ლაღად უნდა აკეთო ის საქმე, რომელსაც იწყებ და აუცილებლად, თავისით მოვა წარმატება. ასევე, აუცილებელია ბოლომდე გქონდეს გააზრებული სად ხარ, რა გინდა და საით მიდიხარ. ბიზნესს გაურკვევლობა არ უყვარს, მკაფიოდ უნდა გქონდეს ის შედეგი წარმოდგენილი, რომლისკენაც ისწრაფვი. რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა სახელი რომ მოგვეპოვებინა, ადვილი არაფერია ამ კონკურენტუნარიან საუკუნეში, თუმცა, დამიჯერეთ, როცა გულით აკეთებ საქმეს, აუცილებლად იპოვი შენს წილ ნიშას, მიაგნებ იმ მთავარს, რომელსაც წარმატება და აღიარება მოაქვს. მომხმარებლის გარეშე არავინ ვართ, სწორედ მათი საჭიროებების ზედმიწევნით გათვალისწინებას მოაქვს ის შედეგი, რომლითაც ორივე მხარე კმაყოფილია. ამ ხუთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, რომლებიც დღეს ჩემი მეგობრები არიან, თითოეული მათგანი, მათი რჩევა, უდიდეს სტიმულს მაძლევს. ბავშვივით მიხარია, როცა კმაყოფილი მომხმარებლის მესიჯი მომდის ტელეფონზე და განსაკუთრებით მაშინ მიმძაფრდება განცდა, ბედნიერი ვარ, რომ ამ ბიზნესში ვსაქმიანობ და ვარ წარმატებული. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვისაც თუნდაც მცირედი წვლილი მიუძღვის „შერნის“ წარმატებაში. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს დას, სიძეს, რომლებიც ყოველთვის გვერდით მიდგანან და მაძლიერებენ. ამაყი ვარ ჩემი გვარით, ასე მგონია თავადური გვარი მავალდებულებს ვიყო ძლიერი, არ შევუშინდე გამოწვევებს, რომელსაც ცხოვრება ხშირად გვთავაზობს. წინ დიდი გეგმები მაქვს, შესაძლოა მალე ბრენდი „შერნი“ სამშენებლო სფეროშიც იხილოთ.
ტექსტი: ნანა აბულაძე
ფოტო: გიორგი კალანდაძე