როდესაც წყვილისთვის მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ახლოვდება, ვნებათაღელვასთან ერთად, უამრავი საფიქრალი ატყდებათ ხოლმე თავს. ძალიან რთულია ყველა დეტალზე ერთიანად ფიქრი და იდეალური ქორწილისთვის მზადების პროცესი. OK! ეცდება დაგეხმაროთ და გირჩიოთ, თუ რა საქორწილო ტენდენციებია ამ შემოდგომაზე აქტუალური და რა უნდა გავითვალისწინოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს.
მეტი სიმწვანე
თუ ამინდი საშუალებას იძლევა, საუკეთესო ვარიანტი თქვენი ქორწილის ღია სივრცეში, ბუნებაში მოწყობაა. ბალახის საფარისა და ხეების გარდა, შეეცადეთ მაგიდებისა და სხვადასხვა კუთხის დეკორშიც ბევრი მწვანე ფერი და ხასხასა მცენარეები შეიტანოთ. მსგავსი დეტალები თქვენს დღეს განსაკუთრებულ დადებით აურას შესძენს და სიცოცხლით აავსებს გარემოს.
არასტანდარტული მოწყობა
როგორც წესი, ყველა ქორწილში მიჩვეულები ვართ მოწესრიგებულობასა და თითოეული წესის ზედმიწევნით დაცვას. მაგიდები თანაბარი დისტანციით არის ხოლმე განლაგებული და სტუმრების რაოდენობაც ყოველთვის ერთნაირადაა გადანაწილებული. წელს კი, ეს ტრადიციული მიდგომა შეგვიძლია ბოლომდე დავივიწყოთ და რაც უფრო ავრევთ სიტუაციას, მით მეტად სახალისო გამოვა ყველაფერი. სხვადასხვა ფორმის მაგიდები, განსხვავებული დეკორი და არასტანდარტული განლაგება − ეს ის არის, რაც 2020-ის ქორწილს ძალიან უხდება.
მისტიკური ქვები და ავგაროზები
შეიძლება ყველას არ სჯეროდეს სხვადასხვა ქვისა და მინერალის ენერგეტიკის, თუმცა მსგავსი ავგაროზებით ქორწილის გაფორმება ამ სეზონზე ნამდვილად ერთ-ერთი უმთავრესი ტენდენციაა. დამერწმუნეთ, ბევრ სტუმარზე საოცარ შთაბეჭდილებას მოახდენს კონკრეტული დანიშნულების მინერალები. ფერადი ქვები და კრისტალები, რომლებიც სილამაზესთან ერთად სრულიად განსხვავებული აურით დამუხტავს თქვენს დღესასწაულს.
არატრადიციული სუფრა
სილამაზე რომ სიმარტივეშია, ბევრი თანხმდება ამაზე. თუ ტრადიციულად მიჩვეული ვართ, რომ საქორწილო სუფრა სავსე უნდა იყოს სართულებად დაწყობილი ნაირნაირი საკვებით, გეტყვით, რომ თამამად შეგვიძლია ეს მიდგომა შევცვალოთ და ყველაფერი გავამარტივოთ. მინიმალური რაოდენობის საკვები და მეტი დეკორი სტუმრების მაგიდაზე. შესაძლებელია ყველისა და სხვადასხვა დაფის გამოყენებაც. იმისათვის, რომ მაგიდები ძალიან არ გადაიტვირთოს, უმჯობესია ცალკე გაიშალოს ე.წ. „შვედური მაგიდა“ და ყველა თავად მოემსახუროს საკუთარ თავს.
განსხვავებული სიძე
ქორწილის ერთ-ერთი უმთავრესი საფიქრალი საპატარძლო კაბა გახლავთ. გოგონები თვეობით ფიქრობენ, თუ რა სტილის ფორმისა თუ ფაქტურის კაბას მოირგებენ, ხოლო რაც შეეხება სიძეს, თითქოს მათ შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მარტივია ხოლმე. თუმცა, 2020 წელს ვერც მამაკაცები გამოძვრებიან იოლად. ამ სეზონზე ბანალური შავი ფერის შარვალ-კოსტიუმით ნამდვილად ვერ მოახდენთ ფურორს. სიძეებო, ეცადეთ თქვენც განსაკუთრებულად მოემზადოთ ამ დღისათვის და ორიგინალური ჩაცმულობით გააოცოთ ყველა. თუ არაორდინარული ფერები და მხიარული პრინტები თქვენგან ძალიან შორს არის, შეგიძლიათ უბრალოდ შავის ნაცვლად, ლურჯი ფერის კოსტიუმი მოირგოთ, რაც უკვე ტენდენციურ ვიზუალს მოგცემთ.
თანამედროვე მეჯვარეები
თუ აქამდე მეჯვარეებზე მაშინვე ერთნაირი კაბები გვახსენდებოდა, წელს ეს აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. პირიქით − სასურველიც არის, რომ თითოეულ მათგანს განსხვავებული ფორმისა თუ ფერის სამოსი ეცვას. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი ჩაცმულობები სრულიად ამოვარდნილი უნდა იყოს ერთმანეთისგან და ერთობლივ ფოტოში სრული ქაოსი იყოს. აქვე დავამატებ, რომ წელს მეჯვარეებში საკმაოდ აქტუალური გახლავთ კომბინეზონები კაბების ნაცვლად.
უთხარი არა პომპეზურ ვარცხნილობას!
როგორც აქამდე არაერთხელ აღვნიშნეთ, წელს მთავარი ტენდენცია სიმარტივეა. ზედმეტი მონდომება არც ქორწილის სუფრას უნდა დაეტყოს და არც პატარძლის ვიზუალს. ბუნებრივი ტალღები, მსუბუქად შეკრული კუდი, ოდნავ აბურდული ნაწნავი − ეს ყველაფერი სწორედ თქვენთვისაა. ამ სეზონზე არც დიდი ზომის ფატებია აქტუალური. არჩევანი სჯობს მინიმალისტურ თმის სამაგრებსა და სარჭებზე შეაჩეროთ.